კონიაკის ისტორია
კონიაკი, რომელსაც ხშირად სამეფო სასმელს ან ღვთაებრივ სითხეს უწოდებენ, წარმოშობით საფრანგეთის დასავლეთით მდებარე კონიაკის პროვინციიდანაა.
ამ რეგიონში აღმოჩენილი სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნიმუშებითა და სხვა ისტორიული დოკუმენტებით დასტურდება, რომ კონიაკის პროვინციაში მეღვინეობა-მევენახეობის კულტურის განვითარება ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან იღებს სათავეს. როგორც ისტორიული წყაროები ამბობენ, პირველი ვენახები საფრანგეთის ტერიტორიაზე რომაელებმა გააშენეს.
მიუხედავად იმისა, რომ კონიაკის პროვინციაში ღვინოს უხსოვარი დროიდან აწარმოებდნენ, ყურძნისგან სპირტი მხოლოდ მე-17 საუკუნეში გამოხადეს. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს გადმოცემა, რომ 1641 წელს მაგიდის თეთრ ღვინოზე გადასახადის რაოდენობა გაიზარდა. სასმელი მეღვინეებს ინგლისში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაჰქონდათ. იმისთვის, რომ მომატებული გადასახადები დაემალათ, გადაწყვიტეს პროდუქციის მოცულობა ღვინის გამოხდით შეემცირებინათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ გზით მიღებული სასმელი მოგვიანებით, წყლით გაზავდებოდა და ჩვეულებრივი ღვინო იქნებოდა. თუმცა, მიღებულმა სითხემ, რომელიც ღვინოს ნამდვილად არ ჰგავდა, თვით მწარმოებლების მოწონება დაიმსახურა.
განსაკუთრებული პოპულარობა კონიაკმა მას შემდეგ, მოიპოვა რაც საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო მე-14-ის სამეფო სუფრაზე მოხვდა. სასახლის კარზე ამ სასმელს წყლით აზავებდნენ და მცირე დოზით შეექცეოდნენ.
1909 წლის 1 იანვარს საფრანგეთში მიიღეს სპეციალური დეკრეტი, რომელმაც დაადგინა იმ ტერიტორიის საზღვრები, სადაც წარმოებულ პროდუქციას ყურძნის ბრენდის სახით, უფლება აქვს კონიაკად იწოდებოდეს.
არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მაგარი სპირტიანი სასმელები, რომელიც ღვინის დისტილაციის გზით მიიღება, მაგრამ საფრანგეთის სხვა რაიონებში მზადდება (და არა იქ, რომელიც დეკრეტით დადგინდა), არ შეიძლება კონიაკად იწოდებოდეს.
დღეს კონიაკის მთავარი მომხმარებელი მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატებია, შემდეგ მოდის ინგლისი, გერმანია, ჰონგ-კონგი, იაპონია.
კონიაკის ხარისხის ყველაზე მთავარ, მაგრამ არა ერთადერთ განმსაზღვრელად მისი ასაკი ითვლება. მაგრამ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ საფრანგეთის 6 რეგიონში ჩამოსხმული კონიაკი მიიჩნევა ნამდვილ კონიაკად.
ეს რეგიონებია: Grande Champagne (დიდი შამპანი), Petite Champagne (პატარა შამპანი), Borderies – (ბორდერი), Fins Bois(მეჩხერი ტყეები), Bons Bois (კარგი ტყეები), Bois Ordinaires (ჩვეულებრივი ტყეები).
მსოფლიოში კონიაკის უმსხვილესი მწარმოებლები არიან: “ჰენნესი” (Henessy), “მარტელი” (Martell), “რემი მარტენი” (Remy Martin),”კურვუაზიე” (Courvoisier).
წყარო: laboratorium.ge