კოოპერატივ „ახალგაზრდა ფერმერის“ მერძეული ფერმა ქარელში
შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში კოოპერატივმა „ახალგაზრდა ფერმერმა“ მერძეული მიმართულების მესაქონლეობის ფერმა ააშენა. ფერმის ასაშენებლად 700 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 300 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 60 000 ლარი პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმისგან“ მიღებული გრანტი.
კოოპერატივს მეურნეობაში დასაქმებული ყავს 6 ადგილობრივი და წარმოებულ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. ფერმაში ამჟამად 50 სული მაღალპროდუქტიული მერძეული ჯიშის (ჰოლშტეინი) ძროხა ჰყავთ და ყოველდღიურად 1 ტონამდე რძეს აწარმოებენ.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კოოპერატივის, „ახალგაზრდა ფერმერის“ ფერმა მოინახულა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 28 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა რძის და ხილის გადამმუშავებელი საწარმოები, სასათბურე მეურნეობები და ა.შ.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.