კოოპერატივი „ჩაის სურნელი“

„ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე, რადგან ხარისხიანი ჩაის დამზადება დაასაქმებს გაცილებით მეტ მუშახელს და ამასთან გამოშვებული პროდუქტი იქნება უფრო კონკურენტუნარიანი და რენტაბელური.“ – ამბობს ქალბატონი ნარგიზა ღვინჯილია, რომელიც დარწმუნებულია რომ ქართულ ჩაის აქვს დიდი პოტენციალი მიიღოს საერთაშორისო აღიარება და დაიმკვიდროს თავი  მსოფლიო ბაზარზე.

ამჟამად ქალბატონი ნარგიზა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ჩაის სურნელის“ თავმჯდომარეა. აღნიშნული კოოპერატივი ჩაის პლანტაციის განახლება-გაშენებით, ჩაის ნედლეულის მიღებითა და გადამუშავებითაა დაკავებული. კოოპერატივი „ჩაის სურნელი“ 2014 წელს დარეგისტრირდა, იგი  5 წევრისგან შედგება და აქტიურად იღებს მონაწილეობას   სოფლის მეურნეობის პროდუქციის სფეროში მიმდინარე გამოფენა-გაყიდვებში, სადაც მუდმივად განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს.

ქალბატონი ნარგიზა რამდენიმე ათწლეულით ადრე მოხვდა პირველად ჩაის პლანტაციაში:

„დავიბადე შრომისმოყვარე მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში.  დედა იყო მოწინავე მეჩაიე, მამა მებაღე. მახსოვს მესამე კლასში რომ ვიყავი სკოლის დამთავრების შემდეგ, ნაშუადღევს დედას გავყევი ჩაის პლანტაციაში და მოვკრიფე 18 კგ ჩაის ფოთოლი.“

ქალბატონი ნარგიზა პროფესიით ტექნოლოგია, განათლება საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე მიიღო.იქიდან გამომდინარე რომ დაუსწრებელზე სწავლობდა, იგი პირველივე კურსიდან მუშაობდა სოფელში ჩაის მიმღებ პუნქტში, ლაბორანტად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი  ჩაის ქარხანაში, გაიარა  2 წლიანი კურსი და გახდა  ჩაის დეგუსტატორი. ბოლო წლებში წალენჯიხის ჩაის საწონ ქარხანაში ლაბორატორიის უფროსი გახლდათ.

სამოქალაქო ომის დროს, იმის ფონზე როცა შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იძულებული იყო საზღვარგარეთ წასულიყო სამუშაოდ, დარჩენილმა ნაწილმა ქალაქს მიაშურა, მათ შორის იყო ქალბატონი ნარგიზაც: „ვმუშაობდი ვაჭრობის სფეროში. წლები გადიოდა და ვრწმუნდებოდი, რომ ეს საქმე არ იყო ჩემი.მე, როგორც ჩაიზე უზომოდ შეყვარებული დავდიოდი თბილისის ქუჩებში და ვეძებდი, ვყიდულობდი საზღვარგარეთიდან შემოტანილ ყველა ბრენდის ჩაის და დავრწმუნდი, რომ ჩვენთან შეიძლებოდა საგრძნობლად უკეთესი ხარისხის ქართული ჩაის უფრო დაბალ ფასში წარმოება.სოფელში რომ დავბრუნდი, უფრო ძალიან შემეცოდა განადგურებას გადარჩენილი, ეკალ-ბარდებში დამალული ჩაის ბუჩქები, რომელსაც შეეძლო სოფელში დარჩენილი მოსახლეობისთვის დიდი სიკეთის მოტანა.  შესაბამისად, მე ხელი მოვკიდე ამ საქმეს და დავიწყე ჩაის წარმოება.“

კითხვაზე თუ რატომ ჩაი ქალბატონი ნარგიზა შემდეგნაირად პასუხობს: ”ჩაი მსოფლიო საგანძურად იწოდება და მისი განვითარებისთვის მსოფლიოს 5 ქვეყანაშია საუკეთესო პირობები. საბედნიეროდ, მათ შორის არის საქართველო, დასავლეთ საქართველო. ამასთან, მსოფლიოში აღიარებულია, რომ საქართველოს ჩაის ნედლეული საუკეთესოა უმაღლესი ხარისხის მწვანე ჩაის მისაღებად.ქართული შავი ბაიხის ჩაი მსოფლიოში გამოირჩევა ნაზი არომატითა და სასიამოვნო გემოთი, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ჩაის აქვს ტანინი 30%-მდე.“

კოოპერატივის ჩამოყალიბება წარმატებისაკენ გადადგმული ნაბიჯი იყო: „ჩვენ დავაარსეთ კოოპერატივი „ჩაის სურნელი“, რადგან ერთობლივად ჩავერთოთ სოფლის მეურნეობაში და ვაწარმოოთ პროდუქცია თანასწორი უფლებების პირობებში. კოოპერატივის ყველა წევრი თანაბარუფლებიანია, მნიშვნელობა არ აქვს რა რაოდენობით შევა გლეხურ მეურნეობაში, თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.დღეს ევროკავშირის დახმარებით აქტიურად ხორციელდება პროგრამები კოოპერაციის ხელშესაწყობად, გამოიცემა ბუკლეტები, მიმდინარეობს კონსულტაციები ცნობიერების ასამაღლებლად, რაც ხელს შეუწყობს კოოპერატივის უკეთ მუშაობას.კარგია, რომ გამოცხადდა საგრანტო კონკურსები, სადაც ჩვენც წარვადგინეთ განაცხადი ENPARD-2 ის მეორე რაუნდში. ვიმედოვნებ რომ, ჩვენი მიზნების განხორციელებაში აღნიშნული პროგრამა დაგვეხმარება, რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, ჩვენი მიზანია ჩაის კულტურის გადარჩენა განადგურებისგან, სოფლიდან წასული ახალგაზრდების დაბრუნება, სოფლად დარჩენილი ახალგაზრდების ჩართვა კოოპერატივში და სოფელ მიქავაში10 ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია.“

აღსანიშნავია, რომ კოოპერატივმა „ჩაის სურნელმა“ გასულ წელს მიიღო 0,5 ტონა ნედლეული, მიმდინარე წელს კი 1,5 ტონა. ეს კოოპერატივის მუშაობისთვის ძალიან ცოტაა, ამიტომაც  მიმდინარე წელს კოოპერატივმა  5 წლიანი  იჯარით, შეღავათიან ფასებში აიღო 5 ჰექტარი ჩაის პლანტაცია. მეიჯარეს ძირითადი ინტერესი ჩაის პლანტაციის გადარჩენა იყო, „ჩაის სურნელის“ კი კოოპერატივის ამუშავება.

წყარო  www.enpard.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.