„ველური ბუნების კუნძული”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარები თითქმის ერთი წელია აწარმოებენ თბილისში ურბანული ბიომრავალფეროვნების შესწავლას. ამ კვლევის დროს, თბილისის ტერიტორიაზე გამოვლინდა ისეთი ადგილები, რომლებიც ბიომრავალფეროვნებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ერთ-ერთი ასეთი ადგილი გლდანის ხიდთან მდინარე მტკვარზე არსებული კუნძულია. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კუნძულზე შემორჩენილია ჭალის ტყის თითქმის ხელუხლებელი კორომი.
კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ კუნძულს მთელი წლის განმავლობაში მრავალი სახეობის ნადირ-ფრინველი იყენებს. იქ არსებულ ცხოველთა სახეობებიდან კი ყველაზე მნიშვნელოვანია კუნძულზე წავის (Lutra lutra) ოჯახის აღმოჩენა.
წავი (Lutra lutra) კვერნისებრთა ოჯახის მტაცებელია, რომელიც თევზით იკვებება და შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც განადგურების პირას მყოფი (VU) სახეობა.

ამ სახეობის წავის წითელ ნუსხაში შეტანის მიზეზი, მდინარეების სანაპირო ეკოსისტემის დეგრადაციის, მდინარეების დაბინძურების (http://biodiversity-georgia.net/index.php?redlist=1) შედეგად სასიცოცხლო არეალის და საკვები ბაზის შემცირება.
თბილისის მუნიციპალიტეტი მდინარე მტკვრის სანაპიროზე, გლდანის ხიდთან გეგმავს პარკის განვითარებას. პარკის გეგმაში ამ კუნძულის საფეხმავლო ხიდით პარკის ძირითად ტერიტორიასთან დაკავშირება.
ჩემი აზრით, კუნძულზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობა საფრთხეს შეუქმნის კუნძულის ბიომრავალფეროვნებას (კუნძულზე მოხდება კატების და ძაღლების გადასვლა, ასევე ადამიანის მიერ გამოწვეული შემაწუხებელი ფაქტორის გაზრდა).
მტკვრის აღნიშნული კუნძული ისევე, როგორც მიმდებარე მტკვრის სანაპირო, არის წავისთვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატი. წითელ ნუსხაში შესული სახეობების და მათი ჰაბიტატის საფრთხის ქვეშ დაყენება კი საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება.
ტერიტორია ასევე მნიშვნელოვანია ფრინველთათვის, როგორც საბუდარი და თავშესაფარი, ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება თუ კუნძული დარჩება ხელუხლებელი და იქ არ მოეწყობა პარკის ინფრასტრუქტურა. ხოლო, რაც შეეხება სანაპიროზე არსებულ პარკს, იქ დაგეგმილი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს წავის მიერ ჰაბიტატის გამოყენების დეტალები.
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, ისეთ ტერიტორიების როგორიც გლდანის კუნძულია, ქალაქში ველური ბუნების კუნძულის (Urban Wildlife Refuges) სტატუსს ანიჭებენ https://www.fws.gov/urban/soe.php და ამ ტერიტორიებს მუნიციპალიტეტი იცავს და ხელს უწყობს საგანმანათლებლო და კვლევის პროგრამების განვითარებას.
ჩვენი აზრით, თბილისის ტერიტორიაზე აუცილებელია ასეთი ტერიტორიების გამოვლენა და დაცვა. მტკვრის კუნძული გლდანის ხიდთან, შეიძლება სწორედ პირველი „ველური ბუნების კუნძული” გახდეს, წერს ფეისბუკმომხმარებელი ზურაბ ჯავახიშვილი.