ლევან დავითაშვილმა სტუდენტებს თანამშრომლობა შესთავაზა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მეორე კურსის სტუდენტებს შეხვედა.
როგორც შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა. „სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამების მეტი პოპულარიზაციისა და მოქნილი კომუნიკაციისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა თაობის ჩართვა, მათი მოსაზრებებისა და შეხედულებების გაცნობა“.

სტუდენტებმა მინისტრთან შეხვედრაზე სახელმწიფოს მიერ ფერმერებისათვის განკუთვნილი პროგრამების საკომუნიკაციო კამპანიაზე მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს.
ლევან დავითაშვილმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ თანამშრომლობა შესთავაზა.
„ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სტუდენტებთან. შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდებს ერთგვარი პარტნიორი ეყოლებათ პროექტების მართვის სააგენტოს სახით. ისინი სტაჟირების ფორმატში ითანამშრომლებენ სააგენტოსთან ჩვენი პროექტების პოპულარიზაციაში მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სტუდენტებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მრჩეველი დავით მარკოზაშვილი, პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი პაატა შეყელაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ესწრებოდნენ.