მამუკა ბახტაძე _ დავიბრუნებთ და გავაუმჯობესებთ იმ საექსპორტო პოზიციებს, რომელიც 2 წლის წინათ გვქონდა
_ საქართველოში სოფლის მეურნეობას კარგი მომავალი აქვს, საჭიროა სწორი აქცენტების გაკეთება, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფლის მეურნეობის დარგში მიღწეული შედეგების შეფასებისას ილაპარაკა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, შარშან სოფლის მეურნეობის სექტორში შთამბეჭდავი შედეგი გვქონდა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა თითქმის მილიარდ ლარს მიაღწია და ეს არის კიდევ ერთი ძალიან კარგი პასუხი სკეპიტკოსებისთვის, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოში არ აქვს მომავალი სოფლის მეურნეობას. რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ისეთი კულტურების წარმოებას, რომელიც კონკურენტუნარიანი და სხვებთან უპირატესობა გვაქვს.
ეს შედეგები, კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა ის დასავლეთ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ფაროსანასთან და თხილის დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა საქართველოს მთავრობა, ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ძალისხმევას არ იშურებს, შარშან ამ მხრივაც კარგი შედეგი გვქონდა, მავნებელთან ბრძოლამ თვალსაჩინო შედეგი გამოიღო.
წლევანდელი პროგრამა უფრო დახვეწილია შეჯერებულია ყველა წამყვან საერთაშორისო ექსპერტთან. 2019 წლის გეგმის მიხედვით დაახლოებით ამ პროგრამას 45 მილიონი ლარით დავაფინანსებთ. ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა, რომ ჩვენ ამ პროგრამით მოვიცვათ არა მხოლოდ ფაროსანა, არამედ სხვა პრობლემებიც, მათ შორის სოკოვანი დაავადებები.