მარტში რა ღონისძიებებია გასატარებელი საფუტკრეში?
მარტში თოვლი იწყებს დნობას, დაბლობში ტემპერატურა მერყეობს, დღისით იმატებს, ღამით კი ეცემა. ამ დროს გამოზამთრებული ფუტკრების უმრავლესობა ცვდება და კვდება, სკაში შემოდგომისა და ახალი სეზონის ბარტყობის ფუტკარი რჩება. ფუტკრის ოჯახების უმრავლესობას ბარტყი ჰყავთ, სკა საგრძნობლად აქტიურდება, ზოგიერთი მცენარეები (ტირიფი, შინდი და სხვ.) ყვავილობას იწყებს, საფუტკრედან იწყება საგაზაფხულო გამოფრენა და ფუტკარი იწყებს ყვავილის მტვრის შეგროვებას.
რა სამუშაო უნდა შესრულდეს ამ პერიოდში საფუტკრეში:
_ აუცილებელია მოხდეს თითოეული სკის შემოწმება, როგორ გადაიტანა ზამთარი ოჯახებმა, ხომ არ შეიმჩნევა საკვების ნაკლებობა, აუცილებლობის შემთხვევაში საკვების მიცემა სიროფის სახით ან გამაღიზიანებელი კვების დაწყება;
_ ვაკვირდებით, ხომ არაა რომელიმე ოჯახში დედის პრობლემა, თუ პრობლემაა სათადარიგო დედას მივუსვამთ, ან ვცდილობთ გამოყვანას მამალი ბარტყის არსებობის შემთხვევაში;
_ ვაკვირდებით ხომ არაა ვაროატოზის შემთხვევები (მამალი ბარტყის გადახსნა და ა.შ.), ვახდენთ სკის დამუშავებას ვაროატოზის საწინააღმდეგო პრეპარატებით; (ფლუვალინატის და ეთეროვანი ნივთიერებების შემცველი პრეპარატებით);
_ ვიწყებთ ყველა ოჯახის ცილოვანი საკვებით მომარაგებას;
_ სიროფის მიცემით ვააქტიურებთ ფუტკრის ოჯახებს და ძლიერი ოჯახები იწყებენ ცვილის გამოყოფას, ვაკვირდებით გარემოს ტემპერატურის პროგნოზს და თუ ყინვები არაა მოსალოდნელი ნელ-ნელა ვიწყებთ ბუდის გაფართოებას ასაშენებელი ფიჭების ჩამატებით, (თავიდან ერთი ცალი ასაშენებლით და ოჯახის სიძლიერის მიხედვით ნელ-ნელა ვამატებთ ასაშენებლების რაოდენობას).