მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები 52%-ით შემცირდა – ფოთის ტერმინალიდან სომხეთის მიმართულებით ფასდაკლება დაწესდა
მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები 52%-ით შემცირდა. „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ და საქართველოს რკინიგზამ ერთობლივად დააწესეს ფასდაკლება ფოთის მარცვლეულის ტერმინალიდან სომხეთის მიმართულებით შროტის და მარცვლეულის ტრანსპორტირებაზე.
საქართველოსა და სომხეთის მთავრობებმა ეს გადაწყვეტილება ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს რეკომენდაციის შემდეგ მიიღეს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე დარწმუნებულია, რომ ტარიფების განახევრების სფერო უფრო კონკურენტული გახდება.
„სატრანსპორტო მიმართულებით, ნომერ პირველი პრობლემა იყო საქართველოს რკინიგზის ეფექტიანობა და სატარიფო პოლიტიკა არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე სომხეთის ტერიტორიაზე. ტარიფი გახლდათ ძალიან მაღალი. მაგალითად, თუ ფოთის პორტიდან დღეს აზერბაიჯანის მიმართულებით რკინიგზის გადაზიდვის ტარიფია 8 აშშ. დოლარი, იმავე პორტიდან სომხეთისკენ, სადახლო-აირონის საზღვრამდე ღირებულება შეადგენს 33 აშშ. დოლარს. თავის მხრივ, უკვე აირონიდან სომხეთიკენ ტარიფი 11 აშშ. დოლარი გახლდათ. ჯამში ეს ყველაფერი ძვირი გამოდიოდა, თანაც ემატებოდა ხელოვნური ბარიერები. შედეგად ტვირთმფლობელები ეძებდნენ ალტერნატივას – საავტომობილო ტრანსპორტი. საბოლოოდ მივიღე არაკონკურენტული გარემო, რასაც ხელი შეუწყო ხელისუფლებამ. ამიტომაც ჩვენ მივმართეთ საქართველოს და სომხეთის მთავრობებს ტარიფის შემცირების რეკომენდაციით. მეზობელი ქვეყნის ინიციატივით მივიღეთ შროტის და მარცვლეულის ტრანსპორტირების ტარიფის შემცირება, რაც ძალიან კარგია“.
კონკურენციის გარდა კონკრეტულ პროდუქტებზე ტარიფების შემცირების რეკომენდაციით მთავრობას HUB Georgia-მ მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკ-ფაქტორების გამოც მიმართა:
გარდა ტარიფებისა, სატრანსპორტო მიმართულებაში არსებულ არაერთი პრობლემას, ვასო ურუშაძე ხელისუფლების დილეტანტიზმს უკავშირებს. თუმცა ფაქტია, რომ ტრანსპორტირება ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ეფექტიანობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
„დღეს ჩვენ გვაქვს ფუფუნება – სარკინიგზო და საპორტო მიმართულება, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო პერიდოში ცუდი ტენდენცია შეინიშნება. ტვირთები მეტწილად საავტომობილო ტრანსპორტით გადაიზიდება, რაც წამგებიანია. ზოგადად, მთელ მსოფლიოში, 300 კმ.-ზე მეტი მანძილის შემდეგ საავტომობილო ტრანსპორტის გადაზიდვა ეკონომიკურად არამომგებიანი და არამიმზიდველია. საქართველოში რატომღაც ხელისუფლებას ეს არ ესმის.
ამ დამოკიდებულების მიზეზია მენეჯმენტი და სახელმწიფო პოლიტიკა. საქართველოს რკინიგზა მუდმივად წარმოადგენს გარკვეული ჯგუფების ინტერესების სფეროს. ძალიან მაღალ დონეზეა კორუფცია“.
ცნობისთვის, შროტის და მარცვლეულის ტრანსპორტირების განახლებული ტარიფით „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ საკვანძო პარტნიორებმა უკვე მიიღეს ამ კატეგორიის პირველი ტვირთები.
„სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ და „საქართველის რკინიგზის“ ტერიტორიებზე მარცვლეულის (ГНГ 1001; 1005) და შროტის (ГНГ 2304; 2306) ფოთიდან სომხეთამდე საიმპორტო გადაზიდვების ღირებულების გამოთვლაში გამოიყენება განაკვეთი 0,032 დოლარი 1 ტონა კილომეტრზე.
წყარო: commersant.ge