მეჩაიეობის დარგს საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონში მოქმედ ჩაის მეწარმეებს და დარგის სპეციალისტებს მარტვილში შეხვდა.
ქართული ჩაის მასშტაბური აღორძინებისთვის საჭიროა ამ სფეროში მოღვაწე უცხოელი ინვესტორების ჩართვა. სახელმწიფო რწმუნებულმა მეწარმეებისგან იმ საჭიროებებზე მოისმინა ინფორმაცია რაც ამ სფეროში არსებობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ დიდი ჭყონში „ჯი ჯი კომპანის“ ჩაის პლანტაციები დაათვალიერა და იქ დასაქმებულ ადგილობრივებს შეხვდა.
„ჯი ჯი კომპანის“ მიერ წარმოებული ჩაი ბაზარზე ,,ჩაი მარტვილის“ ბრენდით იყიდება. მეწარმე პლანტაციას 102 ჰექტარზეა გაშენებული და წლეულ 500 ტონამდე ნედლეულს ელოდება. საწარმოში 40 ადამიანი მუდმივად დასაქმებულია, პლანტაციებში კი სეზონურად 100-ზე მეტი ადგილობრივი მუშაობს.
„ჩვენ, დღეს ჩაის პლანტაციაში ვიმყოფებით, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის მიხედვით არის რეაბილიტირებული, ეს პროცესი არ შეჩერდება და აუცილებლად გაგრძელდება, ჩაის დარგი არის საქართველოში ჩვენი ეროვნული მეურნეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომლის დაკნინებამ სწორედ ეროვნული მეურნეობის მოშლა გამოიწვია.

მარტვილის რაიონში, სადაც ერთ-ერთ წამყვანი დარგი იყო მეჩაიეობა, ვხედავთ, კვლავ მიმდინარებს ამ დარგის აღორძინება.
ჩვენი მეჩაიეები დღეს მსოფლიო ბაზარზე თავიანთი ნიშის დამკვიდრებას ცდილობენ, რაშიც მათ სახელმწიფო დაეხმარება, როგორც ბრენდინგის კუთხით, ასევე საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობაში მხარდაჭერით და რა თქმა უნდა, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციაში.
აუცილებელია ამ კულტურის პოპულარიზება, რადგან თავის დროზე სწორად იქნა შერჩეული ის ნიადაგები, სადაც ჩაი ხარობს და ასეთი არეალები. მსოფლიოში, პრაქტიკულად ცოტაა დარჩენილი ისეთი ადგილები, სადაც ჩაის გაშენება შეიძლება, ამდენად ამ დარგს საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს “ _ აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.