„მემარნის უბის წიგნაკი“ – ვაზზე, ქვევრსა და ტრადიცულ ქართულ ღვინოზე

 მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მეღვინეობის ტრადიციული ქვეყანაა, ამ მიმართულებით არც თუ ისე მდიდარი ლიტერატურა გაგვაჩნია.
ამიტომ ახალი წიგნის გამოსვლა თავისთავად მნიშვნელოვანია არამარტო მათთვის, ვინც დაინტერესებულია ღვინის ტექნოლოგიით თუ ბიზნესით, არამედ მათთვისაც, ვისთვისაც  ქართული ვაზი და ღვინო საკუთარი იდენტობის ნაწილია.

სწორედ ასეთი, ახალი წიგნის  – „მემარნის უბის წიგნაკი“ პრეზენტაცია იმართება, ხვალ,  3 ივნისს, 12 საათზე  საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი,  სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

მირიან ნიკოლაძის წიგნი „მემარნის უბის წიგნაკი“ წარმოადგენს 240 გვერდიან, კომპლექსურ კრებულს, რომელშიც დეტალურადაა მიმოხილული, როგორც ქართული „ოჯახური“ ღვინის განვითარების პერსპექტივები, ასევე ვენახის გაშენების სპეციფიკა, ქვევრის ავ-კარგიანობა და ტრადიცული წესით დამზადებული  ქართული ქვერის ღვინის ნოვატორული მიდგომები.

თავად ავტორი პროფესიით იურისტია. თუმცა, წლების განმავლობაში პირადად არის დაკავებული პრაქტიკული მევენახეობა-მეღვინეობით და დღეს საოჯახო ტიპის მარნის – „ნიკოლაძეების საგვარეულო მარანი-მირიანული“  დამფუძნებელი და ღვინო „მირიანულის“ დამყენებელია.

წყარო: commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.