მეფრინვლეობის კომპანია „კუმისის” დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად სარჩელი მოამზადა
კვერცხის მწარმოებელი კომპანია„კუმისის“ დამფუძნებლის ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცხადებით, მეფრინველეობის დარგი ვეღარ ძლიერდება, ხელისუფლება კი ამ მიმართულებით არანაირ ნაბიჯებს არ დგამს.
უჩუმბეგაშვილი ერთ-ერთ პრობლემად საგადასახადო კოდექსს ასახელებს, სადაც არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ქათმის ხორცი და კვერცხი დღგ-სგან არ თავისუფლდება, რაც ადგილობრივ წარმოებას ხელს უშლის.
მისივე თქმით, ამ კვირაში ამ თემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაც განიხილება.
უჩუმბეგაშვილის განცხადებით, თუ მეფრინველეობის დარგში ცვლილებები არ იქნება, მას თანამშრომლების შემცირება და იმპორტზე გადასვლა მოუწევს.
„ვეღარ ვითარედებით, აღარ გვაქვს ხვალინდელი დღის იმედი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ხუმრობითაც რომ ვთქვა, ბავშვობაში როცა რაღაცას გაძალებენ, ეს პროდუქტი გძულდება ხოლმე. რაღაც ასე მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ, იმიტომ რომ სულ ყველას რაღაც ანტიპატიური დამოკიდებულება აქვს კვერცხის მიმართ. როგორ განვითარდება დარგი, როცა საგადასახადო კოდექსში არის ჩანაწერი, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტი გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან, გარდა ქათმის ხორცისა და ქათმის კვერცხისა. ჩვენ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც ამ კვირაში უკვე შევიტანთ, თუმცა რა შედეგი დადგება ვერაფერს ვერ გეტყვით. დღეს ჩემთან დასაქმებულია 150 კაცზე მეტი, გავუშვებ მინიმუმ 130-135 კაცს სახლში, მადლობას ვეტყვი გაწეული სამუშაოსთვის და გადავალ იმპორტზე”, – აცხადებს “კუმისის” დამფუძნებელი.
ავტორი: ანუკა ჯოხაძე
წყარო: bm.ge