მეფუტკრეთა საყურადღებოდ _ გაეცანით და იაქტიურეთ!
დღეს აბაშაში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან მეფუტკრეთა შეხვედრა გაიმართა.
მეფუტკრეები ადგილზე გავეცანით პრეზენტაციას თუ რა მეთოდებით აპირებს სახელმწიფო 2019 წლის სეზონზე ფაროსანასთან ბრძოლას.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ერთად ვიმსჯელეთ ფაროსანასთან ბრძოლის ტექნოლოგიურ პროცესებზე და შევთანხმდით, რომ ჩატარდება შეხვედრები მეფუტკრეებთან, სადაც დაწვრილებით განიხილება ფაროსანასთან ბრძოლის ტექნოლოგიურ პროცესი და პრეზენტაცია.
ვისაც სურვილი აქვს პირადად გაეცნოს პრეზენტაციას, დამიკავშირდით მისამართებზე: gigashvili@mail.ru, gigashvili@bestbee.ge და მოგაწვდით პრეზენტაციის მასალებს.
შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის დროს მეფუტკრეების აქტიური ჩარევით მინიმუმამდე დავიყვანოთ ფუტკრის მოწამვლის რისკები.
უკვე გაცემულია მითითება რაიონის რწმუნებულებზე საფუტკრეების ადგილმდებარეობის შესახებ.
ამას გარდა მეფუტკრეებს თვითონ შეუძლიათ გაიაროთ SMS რეგისტრაცია მართვის ცენტრის ოფიციალური საიტზე parosana.ge, საიდანაც ოპერატიულად მიიღებთ სმს შეტყობინებას, რა ღონისძიება როდის იგეგმება თქვენ სოფელში.
იმ სოფლებში სადაც ფუტკრის ოჯახების დიდი რაოდენობაა, ღალიანობის დროს შეიქმნება ბუფერული ზონები და მაქსიმალურად იქნება გამოყენებული „მოიზიდე და გაანადგურე“ ხაფანგები.
ნისლის ფორმირებით წამლის გამოყენება დღის საათებში კატეგორიულად აიკრძალა. ინსტრუქციაში მკაფიოდ განისაზღვრა პრეპარატის გაფრქვევის საათები საღამოს 21.00 საათიდან დილის 5.00 საათამდე. ასევე უშუალოდ საფუტკრეებთან ახლოს გამოყენება. ამისათვის მეფუტკრეებმა თავისი საფუტკრედან 80-100 მეტრში გზის სავალი ნაწილის გასწვრივ უნდა დააყენოს მიმანიშნებელი ფირნიშნები, რომ აქ ახლოს საფუტკრეა. ფირნიშნად რას გამოიყენებთ ეს თქვენ მოხერხებაზეა დამოკიდებული.
მეფუტკრეებს და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის წინასწარ უნდა გაიმართოს დიალოგი და შეთანხმდეთ წამლობის ვადებზე, ვინაიდან თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა დროს ყვავილობს დასამუშავებელ ფართობზე თაფლოვანი მცენარეები. ყვავილობის დროს მაქსიმალურად იქნება გამოყენებული „მოიზიდე და გაანადგურე“ ხაფანგები.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობისა სამინისტრომ მეფუტკრეთა ასოციაციების ოთხ წარმომადგენლებთან ერთად უნდა უზრუნველყონ წამლობის ზუსტი მონიტორინგი, გამოიკვლიონ და აღრიცხონ ფუტკრის ოჯახების დაცემის შემთხვევები.
ამ ჯგუფის წევრების მობილური ტელეფონის ნომრები ეცოდინება ყოველ მეფუტკრეს და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევის შემთხვევაში დაუკავშირდებით ჩვენ წარმომადგენელს შესაბამისი ღონისძიების გასატარებლად.
რეგიონში მეფუტკრეობაში შექმნილი რეალური ვითარების შესაფასებლად საჭიროა ფუტკრის ოჯახების ინვენტარიზაცია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უმოკლეს ვადაში განიხილავს სპეციალური სანომრე ნიშნების დამზადების საკითხს და საინფორმაციო ცენტრების აქტიურ ჩარევას ინვენტარიზაციის საქმეში.
მეფუტკრეები აქტიურად უნდა ჩავერთოთ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებელ ღონისძიებებში.
დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიაში მოგვეძებნა ოქროს შუალედი, რათა არც ჩვენ მეფუტკრეები დავზარალდეთ და არც სხვა ფერმერები, ვისაც თხილი, ბოსტნეული თუ სხვა კულტურები მოჰყავს.
ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ საერთო პრობლემის მოგვარების საქმეში.
ფაროსანასთან ბრძოლის დაგეგმილ ღონისძიებების საჯარო პრეზენტაცია 2019 3 აპრილს 12.00 საათზე ქუთაისში სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართება, სადაც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენთვის საჭირბოროტო საკითხებზე. მობრძანდით, საინტერესო დისკუსია გველოდება.
იუზა გიგაშვილი,
მეფუტკრეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი