მეთევზეობის დარგის კვლევის შედეგები
2017 წლის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში წარმოებული თევზის 35.1 % კახეთშია მოპოვებული. მეორე ადგილს შიდა ქართლი _ (26.6%), ხოლო მესამს გურია (14.3%) იკავებს, დანარჩენი რეგიონები ერთად თევზის 24% აწარმოებენ.
2018 წელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში არსებული მეთევზეობის მეურნეობების საპილოტე გამოკვლევა პირველად ჩაატარა, გამოიკითხა 700-მდე მეთევზეობის მეურნეობა. გამოიკვლიეს შინამეურნეობები და იურიდიული პირები, რომელთაც 2017 წლის განმავლობაში სარგებლობაში ჰქონდათ მეთევზეობისთვის განკუთვნილი წყალსატევი და შესაბამისად, ეწეოდნენ მეთევზეობას.
გამოკვლევის შედეგად მიღებულა მეთევზეობის დარგის ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლები, როგორიცაა წყალსატევებში არსებული და წარმოებული თევზის მოცულობა, რეალიზებული თევზის საშუალო ფასები, მეთევზეობისთვის განკუთვნილი წყალსატევების ფართობი და მისი სტრუქტურა.
გამოკვლევის შედეგად 2017 წლის ბოლოსათვის მეთევზეობისთვის განკუთვნილი წყალსატევების ფართობი 4 309.0 ჰექტარით განისაზღვრა, საიდანაც ტბორების ფართობმა 2 224.6 ჰექტარი, აუზების ფართობმა – 27.6 ჰექტარი, ხოლო წყალსაცავების და ბუნებრივი წყალსატევების (ტბა ან ტბის ნაწილი, მდინარის ნაწილი, ზღვის ნაწილი) ფართობმა – 2 056.8 ჰექტარი შეადგინა.
2017 წელს მეთევზეობის მეურნეობებში წარმოებულია 2 041.7 ტონა თევზი, საიდანაც 57% მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს, 38.5% კობრისებრთა, ხოლო 3.7% – ზუთხისებრთა ოჯახს.
2017 წლის ბოლოსთვის მეთევზეობისთვის განკუთვნილ წყალსატევებში თევზის საერთო მოცულობა 2 067.6 ტონით განისაზღვრა, საიდანაც 37.8% მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს, 51.5% კობრისებრთა, ხოლო 9.7% ზუთხისებრთა ოჯახს. აღსანიშნავია ისიც, რომ წყალსატევებში არსებულ ორაგულისებრთა მოცულობაში უდიდესი წილი (96.8%) ცისარტყელა კალმახზე მოდის.
2017 წელს საქართველოში კილოგრამი ცისარტყელა კალმახის საშუალო წლიური ფასი 8.6 ლარი იყო. კობრისა და სარკისებრი კობრის საშულო ფასი შედარებით დაბალია და 7.2 ლარს შეადგენს. რაც შეეხება თეთრი ამურის საშუალო ფასს, 5.7 ლარის ფარგლებშია, ხოლო თეთრი და ჭრელი სქელშუბლას საშუალო ფასი 3.3 ლარს არ აღემატება.