მილიონიანი ინვესტიცია გარდაბანში -კომპანია „ჩემი რანჩო“ მეორე ფერმის აშენებას გეგმავს

ბიზნესმენი ვანო იოსელიანი  ბოცვრის წარმოებას აფართოებს და გარდაბანში მეორე ფერმის მშენებლობას აანონსებს. როგორც „კომერსანტს“ სოკოს მწარმოებელი კომპანია „თეთრი ქუდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ვანო იოსელიანმა  განუცხადა, ფერმის მშენებლობა აპრილში დაიწყება და  2018 წლის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის მიხედვით, ახალი  ფერმა არსებულის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდაბანის რაიონის სოფელ გამარჯვებაში აშენდება და მასში  1 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. დადგეგმილია წარმადობის გაზრდა, რაც წელიწადში დაახლოებით 40 ტონა ბოცვრის ხორცის წარმოებას გულისხმობს.

მისი განცხადებით, თუ დღეს არსბეული ფერმა წელიწადში 40 000 კილოგრამის წარმადობით მუშაობს, გაფართოების შემდეგ კომპანია წელიწადში 100 000 კილოგრამის წარმოებას შეძლებს.

იოსელიანის განცხადებით, ბოცვრის ხორცი „ჩემი რანჩოს“ ბრენდით გასული წლიდან დიდ ქსელურ მარკეტებში იყიდება და თან საკმაოდ წარმატებით. 1 კილოგრამი ბოცვრის ხორცის ფასი   13-14 ლარის ფარგლებშია.

კომპანია „ჩემი რანჩო“  2019 წლისთვის, ანუ პროექტის განვითარების მესამე ფაზაში,ბოცვრის გარდა, სხვა შინაური ხორცის წარმოებასაც არ გამორიცხავს. გასულ წელს იოსელიანი ასევე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ სამომავლოდ, ბოცვრის ხორცის ბაზარზე სხვადასხვა სახით წარდგენას გეგმავდა. ეს იქნებოდა როგორც მთლიანი, ასევე დაჭრილი და დაფასოებული ფილეები, ბარკლები და სხვა.როგორც ცნობილია, ფერმა გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. პროექტი ქართული ინვესტიციით ხორციელდება და ის საშუალოვადიან პერიოდში ჯამში 5 მილიონი დოლარი ჯდება. პირველ ეტაპზე პროექტში 1 მლნ დოლარამდეა ინვესტირებული.

შეგახსენებთ, ვანო იოსელიანმა სოკოს ბიზნესიდან მებოცვრეობაში გასული წლის ბოლოს გადაინაცვლა. კომპლექსი მოიცავს ლაბორატორიებს და სასაკლაოს.

ავტორი: სოფო ქსოვრელი

წყარო: commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.