„მინდვრის დღეები 2017“

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დედოფლისწყაროს ბაზაზე „მინდვრის დღეები 2017“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებმა და ფერმერებმა ბაზაზე არსებული მარცვლოვანი კულტურების ექსპერიმენტული ნაკვეთი დაათვალიერეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახური ინტენსიური ტიპის ხორბლის ჯიშების შექმნასა და გავრცელებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე გამოყვანილია და გასავრცელებლად შერჩეულია რბილი ხორბლის 8 პერსპექტიული ჯიში.

„მინდვრის დღეები 2017“ ფარგლებში, ფერმერებმა მოსავლის აღებაში უშუალო მონაწილეობა მიიღეს. მათთვის საინტერესო ჯიშის შერჩევის შემთხვევაში, მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახური ფერმერებს სათესლე მასალით უზრუნველყოფს.

სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამოყვანილი ყველა ახალი ჯიში გვალვაგამძლეობით, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ გამძლეობით გამოირჩევა; ვარგისია მექანიზებული აღებისათვის, ხასიათდება მაღალხარისხიანობითა და მაღალმოსავლიანობით.

აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროს ბაზაზე მოსავლიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ახალმა ჯიშმა „LG-43” (1 ჰექტარზე 5,5 -5,7 ტონა) აჩვენა.

„მინდვრის დღეების 2017“ ფარგლებში, სელექციური ნათესების ამღები კომბაინიც გამოსცადეს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) უსასყიდლოდ გადასცა.