მინდვრის კულტურების აგროტექნიკური ღონისძიებები კოლხეთის დაბლობისათვის

კოლხეთის დაბლობის ბუნებრივი პირობები სპეციფიკურია და მას ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში. ამიტომ ამ პირობებში სოფლის მეურნეობის გაძღოლის სისტემა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის აგროტექნიკური ღონისძიებების კომპლექსიც სპეციფიკური უნდა იყოს.

ამ პირობებში უნდა განხორციელდეს ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც გამორიცხავს დაშრობილი მიწების ისევ დაჭაობებას, უზრუნველყოფს ნიადაგის გაკულტურებას, მისი ნაყოფიერების ამაღლებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდებას და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას. ეს ტექნოლოგიები დამუშავებულია ი. ლომოურის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აჯამეთის, ნოსირის და ხობის საცდელ სადგურებში. შედეგები გამოქვეყნებულია და დანერგილია წარმოებაში, მაგრამ სამწუხაროდ დღეისათვის განხორციელებას ნაკლები ყურადღება აქვს დათმობილი, რამაც განაპირობა ამ წერილის თქვენ ჟურნალში გამოქვეყნება.

ქვემოთ წარმოგიდგენთ კოლხეთის დაბლობზე ჩასატარებელი ღონისძიებების მოკლე ანოტაციებს.

  1. პერიოდულად უნდა მოსწორდეს ძირითადი მაგისტრალური არხების ნაპირებთან არხიდან ამონაწმენდი მიწით წარმოქმნილი შემაღლებები, რომლებიც ფართობიდან არხში წყლის ჩადინებას აფერხებს. მოჭრილი მიწა გატანილი უნდა იქნას ფართობის ცენტრალური ნაწილისაკენ იმ ვარაუდით, რომ შეიქმნას ფართობის შუა ნაწილიდან მთავარი საწრეტი არხისკენ ორმხრივი თანაბარი დაქანება.
  2. ნიადაგის ზედაპირი უნდა მოსწორდეს, მოისპოს ჩადაბლებული ადგილები, სადაც წყალი დიდხანს დგება და აფერხებს სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების მუშაობას, ხელს უშლის სამუშაოების ოპტიმალურ ვადებში ჩატარებას, მაშინ როცა ფართობის დიდი ნაწილი გამშრალია.
  3. ნიადაგში არსებული და აკუმულირებული საკვები ნივთიერებების მობილიზაციისა და ამოქმედებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის ჰაერაციის გაუმჯობესების ღონისძიებების განხორციელებას, როგორიცაა სხვადასხვა მიმართულებით ხვნა, სახნავი ფენის თანდათანობით დაღრმავება, სათოხნი კულტურების ხშირი და ღრმა კულტივაცია და სხვა.
  4. გარდა ზღვისპირა და რიონისპირა სილნარ-ქვიშნარი და ხირხატიანი ნიადაგებისა, ნიადაგის მოხვნა უნდა ჩატარდეს ზამთრის ბოლოს (რაც ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება წვიმების გამო), ან ადრე გაზაფხულზე, პირველი შესაძლებლობისთანავე, რადგან შემოდგომის ხნული გაზაფხულზე ისევ მოსახნავი ხდება, რაც აგვიანებს თესვას.
  5. იქ, სადაც საჭირო არ არის, თავი უნდა შევიკავოთ ნახევრადსფერული კვლების მოწყობაზე, რადგან იგი გამორიცხავს მექანიზაციის სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობას, გვაიძულებს ხვნა და სხვა სამუშაოები ჩავატაროთ ყოველთვის ერთი მიმართულებით. შემაღლებულ კვლებს შორის არსებული საწრეტი კვალი მოითხოვს მიწისა და სარეველებისაგან სისტემატურ წმენდას, რაც დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან. გარდა ამისა კვლის გაკეთების დროს, მის დაბალ ნაწილში მთლიანად იჭრება სახნავი ფენა და დედა ქანი შიშვლდება, რომლის გაკულტურებას დიდი დრო ჭირდება. კვლების აუცილებლობის შემთხვევაში უმჯობესია მისი მუშა-სასარგებლო განი რაც შეიძლება გადიდდეს (50 მეტრამდე)
  6. ბელტიანი ხნულის თესვისწინა დამუშავება ითვალისწინებს ხნულის შეშრობისთანავე ბელტის დაჭრას უფრო წვრილ ნაწილებად დისკოებიანი იარაღის ერთჯერადი ან ორჯერადი გატარებით. მცირე ზომის ბელტები ხანმოკლე გამოდარების შემთხვევაშიც კი ადვილად შრება და შემდეგ მცირე დასველებითაც ადვილად იშლება და თესვის წინა კულტივაციის შემდეგ მიიღება სწორი ზედაპირის მქონე ფხვიერი ხნული, რაც თესლის თანაბარ სიღრმეზე ჩათესვისა და თანაბარი აღმოცენების მიღების ძირითადი პირობაა.
  7. კოლხეთის ჭარბტენიან პირობებში სიმინდის ყველაზე კარგი წინამორბედია მრავალ წლიანი ბალახები და მათი ნარევები (კორდი) და სოია, იონჯა. კოინდრისა და სამყურა კოინდრის ორწლიან კორდზე სიმინდის მარცვლის თითქმის ისეთივე მოსავალი მიიღება, როგორიც მინერალური სასუქების სრული დოზის გამოყენების შემთხვევაში. მოსავალი იზრდება ნასიმინდართან შედარებით კორდზე 20-25%-ით, ხოლო ნასოიარზე 25-30%-ით. მოსავლის მატება ხდება ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გაუმჯობესებისა და ბიოლოგიური აზოტის დაგროვების ხარჯზე. ე.ი. აღნიშნული წინამორბედების შემდეგ სიმინდის თესვა მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით.
  8. ამავე პირობებში სიმინდის, როგორც მარცვლის, ისე სასილოსე მწვანე მასის მაღალი მოსავლის მიღებისათვის მინერალური სასუქების ოპტიმალური დოზებია N120-150 P90-100K60. ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები უნდა შევოტანოთ ნიადაგის მოხვნის წინ, ან თესვის დროს, ხოლო აზოტის დოზის ერთი მესამედი თესვის, ხოლო ორი მესამედი ნათესის პირველი და მეორე კულტივაციის დროს. სოიას კულტურაში აზოტიანი სასუქის შეტანა საჭირო არ არის, რადგან აზოტზე მოთხოვნილებას მცენარე იკმაყოფილებს ნიადაგში არსებული მარაგისა და ჰაერიდან ფიქსირებული ბიოლოგიური აზოტის ხარჯზე. სიმინდის კულტურის ქვეშ ეფექტურია სიდერაციის გამოყენებაც. ღონისძიების არსი იმაში მდგომარეობს, რომ წინა წლის შემოდგომაზე (ოქტომბერი) 120-130 კგ/ჰა ნორმით ნათესი ცერცველას მწვანე მასა (200-250ც) უნდა ჩაიხნას ნიადაგში აპრილის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში. ეს ღონისძიება სიმინდის მარცვლის მოსავლის ზრდის პირველ წელს 12-15 ცენტნერით, ხოლო მეორე წელს 4-6 ცენტნერით ჰექტარზე უნდა განხორციელდეს.
  9. სიმინდის ჯიშები და ჰიბრიდები უნდა დაითესოს შემდეგი სიშორით: აჯამეთის თეთრი, აბაშის ყვითელი, გეგუთის ყვითელი, ადგილობრივი თეთრი ნახევარკბილა, იმერული ჰიბრიდი 44-46 ათასი, ლომთაგორა 1 და ლომთაგორა 2 – 75-76 ათასი ჰექტარზე. სამარცვლე სოიას თესვის ოპტიმალური ნორმაა 250-300 ათასი ჰექტარზე, ხოლო მწვანე მასის მისაღებად 500-600 ათასი გაღივების უნარის მქონე თესლის თესვა ჰექტარზე, რაც წონითი ნორმით უდრის შესაბამისად 60-70 და 120-140 კმ-ს.
  10. კოლხეთის დაბლობის მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგის გაფხვიერების და სტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სიმინდის, სოიას და შუალედურ კულტურად ნათესი ტურნეფსის თესვის შემდგომი გაფხვიერება მსუბუქკბილებიანი ფარცხით. დაფარცხვა ტარდება ნათესის განივად. გარდა აღნიშნულისა ეს ღონისძიება სპობს ახლად აღმოცენებულ და აღმოცენების პროცესში მყოფ სარეველებს და თავიდან გვაცილებს ტურნეფსის ნათესის გამოხშირვას. ზოგ შემთხვევაში იგი ერთი თოხნის მოვალეობასაც კი ასრულებს.
  11. სიმინდის ნათესში მრავალწლიანი ფესურიანი და ფესვთნაყარი სარეველების (შლაფა, ჭანგა, გლერტა) წინააღმდეგ, გარდა ქიმური ღონისძიებებისა შეიძლება გამოვიყენოთ აგროტექნიკური ღონისძიებაც. ღონისძიების არსი მდგომარეობს შემდეგში: შემოდგომაზე (ოქტომბერი) ითესება ნაკვეთის განთავისუფლებისთანავე შუალედური სახით ითესება შვრიისა (60-80 კგ/ჰა) და რომელიმე ერთწლიანი პარკოსანი კულტურის ნარევი ცერცველა 80-100 კგ/ჰა, ბარდა 140-160კგ/ჰა ან ცულისპირა (100-120 კგ/ჰა). მაისის შუა რიცხვებში მწვანე მასის აღების შემდეგ ნიადაგი იხვნება სრულ სიღრმეზე, მუშავდება დისკოებიანი იარაღით, თანმიყოლებული ფარცხით და მთლიან მოთესვით ითესება სუდანურა სოიას, ან სოია სიმინდის ნარევი (სუდანურა 15-20 კმ, სოია 30-40 კმ, სიმინდი 30-35 კგ/ჰა) სასილოსედ ან მწვანე საკვებად. მისი გათიბვისთანავე ტარდება ხვნა 18-20 სმ-ის სიღრმეზე ცხელი ამინდის პირობებში. როგორც ვხედავთ ამ შემთხვევაში სარეველა მცენარეები ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაფარულია მთლიანად მოთესილი კულტურების მწვანე მასით და განიცდიან სინათლის მნიშვნელოვან დეფიციტს, რის გამოც ფერხდება ფოტოსინთეზის პროცესს. მცენარეები სუსტდება და იღუპება. ამასთან ერთად მიიღება სილოსის ან მწვანე მასის ორი მოსავალი.
  12. სიმინდის მცენარის 4-5 ფოთლის ფაზაში შეიძლება გამოვიყენოთ სიმინდის ჰერბიციდები, სახელდობრ: ნიკოში -1,0-1,5 ლ/ჰა, ნოკოფურონი -1,0-1,5 ლ/ჰა, ჰექტორმასი -0,6 ლ/ჰა, სტელარი -1,1 ლ/ჰა. წინამორბედი კულტურის ნაწვერალზე გამოიყენება ტოტალური ჰერბიციდები: ტორნადო 2-3 ლ/ჰა, ნოკდაუნი 4,6 ლ/ჰა, ურაგან ფორტე -3,0 ლ/ჰა და სხვა. გამოყენების ოპტიმალური ვადაა აგვისტოს მეორე ნახევრიდან სექტემბრის მეორე ნახევრამდე. ამიტომ მისი შეტანა უნდა მოხდეს იმ წინამორბედების შემდეგ, რომლებიც აგვისტოს ბოლომდე ათავისუფლებენ ნაკვეთს.
  13. მრავალწლიანი ბალახების და მისი ნარევების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კოლხეთის დაბლობების აღმოსავლეთ ნაწილში უმჯობესია ვთესოთ იონჯისა და კოინდარის ნარევი, ტიპიურ კოლხეთის დაბლობზე კი სამყურასა და კოინდრის ნარევი, რაც მეტ მოსავალს იძლევა. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ სამყურა კოლხეთის პირობებში ძნელად შრება, ღერო და ფოთლები შავდება და თივა უხარისხო გამოდის, ამ პირობებში თივის მისაღებად იონჯისა და კოინდრის ნარევის თესვა დასაშვებად უნდა ჩაითვალოს. სამყურა უმჯობესია ვთესოთ მწვანე მასის, სენაჟის და ვიტამინოვანი ფქვილის მისაღებად.

კოლხეთის დაშრობილ მიწებზე მრავალწლიანი ბალახები ითესება 2-3 წლის სარგებლობის ვადით, ვინაიდან შემდეგ ნათესი მეჩხერდება და შესაბამისად მცირდება მოსავალი.კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში კი იონჯის სარგებლობის ვადა 5-6 წლით განისაზღვრება.

  1. ბალახნარევების ქვეშ საჭიროა მინერალური სასუქების ერთხელ თესვის წინ და ისიც აზოტის მცირე დოზის (N60 P120 K60) შეტანა. სხვა რეგიონებთან შედარებით კოლხეთის პირობებში მრავალწლიანი ბალახების თესვის ნორმა უნდა გაიზარდოს. სუფთად თესვის დროს იონჯა და სამყურა ითესება 20კგ/ჰა, კოინდარი 40 კგ/ჰა, ხოლო ნარევში თესვისას როგორც პარკოსნები, ისე კოინდარი 16 კგ/ჰა. თესვის ოპტიმალური ვადაა სექტემბერი. რაიმე მიზეზის გამო შემოდგომაზე თესვა თუ ვერ მოხერხდა შეიძლება გაზაფხულზე თესვაც, მაგრამ გაზაფხულზე თესვას ის ნაკლი აქვს, რომ ნათესი პირველ წელს მწვანე მასის და თივის შედარებით დაბალ მოსავალს იძლევა. ამავე დროს გაზაფხულზე ნათესი ძლიერ სარევლიანდება და საჭირო ხდება მისი ნაადრევად გათიბვა.
  2. პირუტყვის საკვებით უზრუნველყოფის მიზნით მეცხოველეობის მსხვილ კომპლექსებთან და ფერმებთან უნდა მოეწყოს მწვანე კონვეიერი. იგი ითვალისწინებს მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის ზამთარშიც საკვები კულტურების სამი მოსავლის მიღებას მწვანე და წვნიანი საკვების სახით.

ი. ლომოურის მიწათმოქმედების სამეცნიერო ინსტიტუტის მონაცემებით კოლხეთის დაბლობზე, მწვანე კონვეიერის მოწყობისას რეკომენდებულია კულტურათა შემდეგი მორიგეობა.

პირველი მოსავლის მისაღებად ძირითადი საგაზაფხულო კულტურის მოსავლის აღების შემდეგ (ოქტომბერი) შუალედურ კულტურად ითესება შვრიანარევი ცერცველა, ცულისპირა ან ბარდა (შვრია 60-80კგ/ჰა, ცერცველა 80-100კგ/ჰა, ცულისპირა 100-120 კგ/ჰა ან ბარდა 140-160 კგ/ჰა), რომლის მწვანე მასის მოსავლის აღების შემდეგ (მაისი), მეორე მოსავლის მისაღებად ითესება სოია ა ნ სიმინდი სასილოსედ, ხოლო მისი აღების შემდეგ (აგვისტო) მესამე მოსავლის მისაღებად დაითესება შუალედური კულტურები რაფსი (10-12 კგ/ჰა) და ტურნეფსი (2-3 კგ/ჰა). რაფსი მწვანე მასის პირველ მოსავალს იძლევა ნოემბერში, ხოლო ტურნეფსი მწვანე საკვებად შეიძლება გამოვიყენოთ საჭიროების მიხედვით მთელი ზამთრის განმავლობაში.

მწვანე კონვეიერის მოსაწყობად უნდა შეირჩეს ფერმის ახლოს მდებარე სარეველებისაგან სუფთა შედარებით ნაყოფიერი ნაკვეთი. რაფსი ითესება მთლიანმოთესვით, ტურნეფსი – მწკრივად.

კახა ლაშხი,

ტექნიკურ მეცნიერებათა

აკადემიური დოქტორი;

ზაურ ჯულახიძე,

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი;

ზურაბ ჭინჭიხაძე,

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი

შპს „აგროსამეცნიერო ჯგუფი ლომთაგორა“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.