მიწის მდგრადი მართვის და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო _ ახალი სსიპ 2020 წლიდან ამოქმედდება
დღეს საქართველოს პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა საკანონმდებლო ორგანოში სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა.
კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიაა. კანონპროექტი არეგულირებს, ვინ შეიძლება ქვეყანაში იყოს სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელი, რა პირობებით და ვალდებულებებით.
კანონპროექტის ავტორი ამბობს, რომ მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში, უცხოელებს ჯერ ჯარიმის გადახდა მოუწევთ, ხოლო შემდეგ, კი – მიწის გაყიდვაც.
კანონის ფარგლებში შეიქმნება და 2020 წლიდან ამოქმედდება ახალი სსიპ _ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, რომელიც ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარით დაფინანსდება.
სააგენტო ძირითადი უფლებამოსილებები:
1 – მიწის რესურსის აღრიცხვა, ბალანსის შედგენა, სტატისტიკის წარმოება, მიწის რესურსის შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა;
2 – მიწის რესურსების რაციონალური და მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის პოლიტიკის და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
3 – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პროგრამის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელება;
4 – მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის განსაზღვრა და მათი ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
5 – გაუდაბნოების წინააღმდეგ საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელება;
6 – ნიადაგების ეროზიისა და დეგრადაციის საწინააღმდეგო აგრეთვე, ნაყოფიერების აღდგებისა და შენარჩუნების ღონისძიებათა დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება;
7 – ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვისა და გამოყენების პუირობების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და მონიტორინგი;
8 – ქარსაფარის ზოლის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება;
9 – მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება;
10- სახელმწიფო და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში მონაწილეობის მიღება.
წყარო: bm.ge