მიწის რეგისტრაციის რეფორმის დაწყებიდან დღემდე 300 ათასზე მეტი საკუთრების უფლებაა გაცემული
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა გრძელდება. რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრი მიწის დარეგისტრირების მსურველებს ეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში, ზოგი ხარვეზიანი დოკუმენტი კი ბარიერად აღარ მიიჩნევა.
„რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებს სახელმწიფო გამარტივებული პროცედურებით, უფასოდ საკუთრების უფლების რეგისტრაციაში ეხმარება. მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურსაც სახელმწიფო ანაზღაურებს. დღეისთვის ანუ რეფორმის დაწყებიდან 1 წლისა და 2 თვის განმავლობაში გვაქვს 300 ათასზე მეტი რეგისტრირებული საკუთრების უფლება. რეფორმის დაწყების შემდგომ მომართვიანობა გაზრდილია ხუთჯერ და ეს მეტყველებს მოქალაქეების აქტიურ ჩართულობაზე. ასევე, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, საქართველოს 12 დასახლებაში საპილოტე პროექტი დაიწყო” – ამის შესახებ ლოპოტაზე მიმდინარე საჯარო რეესტრის სემინარზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. კანონი უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. სარეგისტრაციო წარმოებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საჯარო რეესტრის ფილიალებს, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.