მიწის რეფორმა სოფლის განვითარებას აფერხებს

მიწის რეფორმა, რომელიც უკრაინაში აგერ უკვე 26-ე წელიწადია გრძელდება, მნიშვნელოვნად აფერხებს სოფლის განვითარებას _ ამბობს ასოციაცია „უკრაინის მიწის კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი მარტინი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიწის რეფორმა ორ ეტაპად განხორციელდა: 12 ათასამდე კოლმეურნეობისა და საბჭოთა მეურნეობების კუთვნილი, დაახლოებით 27 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი თავიდან ამ მეურნეობებისა და კოლმეურნეობების კოლექტიურ საკუთრებაში გადავიდა.

შემდეგ ეს კოლექტიურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები გადანაწილდა კოლექტივის და მეურნეობის წევრებზე და ამ ორგანიზაციის პენსიონერებზე, დაახლოებით 7 მილიონ წევრზე. ამრიგად უკრაინის მოსახლეობის 15% მიწის მესაკუთრე გახდა, თუმცა საკუთარი მიწის თავისუფლად განკარგვის უფლება მათ არ მიეცათ.

„დრომ აჩვენა, რომ ძალისხმევა, უკრაინელი მიწის მესაკუთრეები გარდაქმნილიყვნენ დასავლეთ ევროპელთა მსგავს ფერმერებად, ფუჭი აღმოჩნდა. დღეს 120 ათასამდე ადამიანი, უკრაინის სოფლის მაცხოვრებელთა მხოლოდ 1% მუშაობს ფერმერულ მეურნეობებში.

სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამოუკიდებელი მწარმოებელი რომ გახდე, ისევე როგორც სხვაგან, აქაც მიწის გარდა, საჭიროა ფული და მეწარმეობის უნარი, ცოდნა, სხვა თვისებები, რაზეც უკრაინელ გლეხებს ხელი იოლად არ მიუწვდებათ. ამიტომ აგრარულ სფეროში ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას (დღგ), პრაქტიკულად არ არსებობს“, _ ამბობს ანდრეი მარტინი და დასძენს, რომ მიწის რეფორმის ძირითადი ამოცანა შესრულებულია, მიწა გადაცემული კერძო საკუთრებაში, მაგრამ დარჩენილია ფინალური აკორდი _ სასოფლო-სამეურნეო მიწა სრულფასოვნად ჩაერთოს საბაზრო ბრუნვაში, მიეცეს მესაკუთრეებს დამოუკიდებლად, სურვილისამებრ განკარგონ თავიანთი საკუთრება.

მესაკუთრეთა მიწის თავისუფლად განკარგვის უფლების არქონა მნიშვნელოვნად აფერხებს სოფლის განვითარებას უკრაინაში, დასძენს ანდრეი მარტინი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.