მკა ქართლშიც დაიწყო

„ფირმა ლომთაგორას“, რომელსაც წლეულს ხორბალი მარნეულში, ლომთაგორას მეურნეობაში 170 ჰექტარზე უთესია, მესამე დღეა დაიწყო მკა და შეიძლება ითქვას, ბოლო წლების განმავლობაში , ქვეყანაში სადაც ხორბლის საშუალო მოსავლიანობა 1,5 ტონას ვერ ასცდა, სარეკორდო მოსავალს იწევს. აქ წლევანდელი წელიწადიც ტრადიციულად უხვმოსავლიანია, პირველ 28 ჰექტარზე საშუალოდ ჰექტარზე 7,7 ტონას აჭარბებს, ზოგიერთ ადგილებში კი 8-8,2ტონასაც კი აღწევს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფირმა ლომთაგორა უკვე წლებია ხორბლის და სიმინდის სელექციას ეწევა და კარგ შედეგსაც აღწევს. სწორედ აქ მრავალ ჯიშთა შორის არის გამორჩეული და გამოცდილი ხორბლის ქართული ჯიში „ლომთაგორა-126“, რომელიც უკვე წლებია სტაბილურად უხვ მოსავალს იძლევა. აქ წლეულსაც, შარშანდელთან შედარებით, უკეთეს მოსავალს, საშუალოდ ჰექტარზე 5-5,5 ტონა მარცვალს ელოდებიან. საშუალოდ ხორბლის ერთი თავთავის წონა 2 გრამს აღწევს.

გარდა „ლომთაგორა-126“-სა, კომპანიის ხორბლის საცდელ ნაკვეთებში უკვე რამდენიმე პერსპექტიული ხორბლის ახალი ფხიანი ჯიშია გამორჩეული, რომელსაც მეურნეობაში ინტენსიურად ცდიან და აკვირდებიან. ისინი „ლომთაგორა-126“ მომდევნო წლებში ღირსეულ მეტოქეობას გაუწევენ.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, კახა ლაშხი ამბობს, „ლომთაგორა 126“ უკვე გამოცდილი და დარაიონებული ჯიშია და საუკეთესო შედეგს იძლევა: ქართლში, კახეთში, სამხრეთ საქართველოში და ყველგან, სადაც ხორბალი მოჰყავთ.