მობილური საწველი დარბაზი – პირველად ახალი ზელანდიის ფერმაში

 ფერმერმა ჩრდილოეთ კენტერბერიდან (ახალი ზელანდია) გლენ ჰერადმა, ინოვაცია შეიტანა ახალი ზელანდიის ტრადიციულ მესაქონლეობაში.
მისი ფერმა – “Happy Milk Cow” ზელანდიის ტრადიციული ტიპის ახალი ფერმებისგან განსხვავდება, რადგან მას არა აქვს მიწები და შენობაში განთავსებული საწველი დარბაზი, ხბოები კი თავიანთ დედებთან 15 კვირის განმავლობაში რჩებიან.

გლენის ფერმაში ძროხებს, მობილური საწველი დარბაზის დახმარებით, პირდაპირ საძოვარზე წველიან და ხბოები  დედებთან იმ დრომდე რჩებიან სანამ ბუნებრივად არ გადაეჩვევიან დედის რძის მიღებას.

მისი ნახირი 60 სულისგან შედგება, ის დღეში ერთხელ წველის თავის ძროხებს მობილური საწველი დარბაზის დახმარებით და შედეგად პირუტყვის არ უწევს დამატებით გზის გავლა საბალახოდან საწველ დარბაზამდე.

მობილური საწველი დარბაზი, რომელიც ერთადერთია ახალ ზელანდიაში მან თავად, თავისივე დიზაინით შექმნა.

საწველი სისტემის გადატანა საძოვარზე ყოველდღიურადაა შესაძლებელი, რაც  ნახირს გადაადგილებაში ხელს არ უშლის. ყოველდღიურად ახალი ბალახის მოლოდინით კი ძროხები თავისი ნებით შედიან საწველ დარბაზში და მოთმინებით ელოდებიან გლენს, სანამ ის მათ საწველ სისტემაზე შეაერთებს.

საწველი სისტემის საძოვარზე გატანით ფერმერმა ნარჩენების შეგროვების პრობლემაც მოაგვარა. როგორც წესი ფეკალური ნარჩენები ფერმაში გროვდება, საიდანაც შემდეგ ხდება მისი გადანაწილება საძოვარზე. ამ შემთხვევაში კი, რადგან ნახირთან ერთად საძოვარზე საწველი სისტემაც გადაადგილდება,  არ ხდება ნარჩენების ერთ ადგილზე თავმოყრა და ის ბუნებრივად ნაწილდება მთელს საძოვარზე.

ფერმა აქცენტს პირუტყვის კეთილდღეობაზე აკეთებს, სწორედ ამიტომ ტოვებენ ხბოების დედებთან 15 კვირამდე.

ფერმერი თავისი ფერმის რძით 30-მდე კაფე-ბარს ამარაგებს, ბარისტების განცხადებით გლენის ფერმის რძე უფრო ბლანტი და განსხვავებულია.

მობილურ საწველ სისტემას  ერთ ჯერზე 15 ძროხის მოწველა შეუძლია.

გლენის ფერმა თავისი მცირე მასშტაბითაც უნიკალურია, რადგან ახალ ზელანდიაში სულ 12 000 მდე ნახირია, აქედან 200-მდე ფერმერს ჰყავს 100-ზე ნაკლები პირუტყვი.

დღეისათვის ახალ ზელანდიაში, უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით 4.8 მილიონი ძროხაა.

წყარო:http://georgiandairy.org www.stuff.co.nz

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.