„მომავლის ფერმერი“ – „ქვეყანაში ყველში ტყვიის შემცველობის პრობლემა ნამდვილად მწვავედ დგას“

„საწარმოებში ხშირად გარკვეული საკვები დანამატი გამოიყენება, რომლის შემცველობაზეც ქვეყანაში ანალიზი არ კეთდება და შესაძლოა გარკვეული სახის მავნე მეტალები მასშიც იყოს“, – ამის შესახებ „კომერსანტს“ „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარემ რუსუდან გიგაშვილმა განუცხადა.

 გიგაშვილი „კომერსანტს“ ყველში მძიმე მეტალების შემცველობის შესახებ ესაუბრა. „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში პრობლემა ამ მიმართულებით ნამდვილად დგას და შესაბამისმა უწყებებმა მასზე კონტროლი უნდა გაამკაცრონ. მისივე განცხადებით, ქვეყანაში რძის კონტროლის საკითხს დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.

საწყის ეტაპზე რუსუდან გიგაშვილმა ძირითადად ის მნიშვენლოვანი საკითხები გამოყო, რისი საშუალებითაც ყველში აღნიშნული მავნე ნივთიერება ხვდება.

 „მძიმე მეტალები და ტყვია რძესა და რძის პროდუქციაში შემდგომი გზით ხვდება. მაგალითად, ხშირად გვინახავს, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე გზის პირას დალაგებული პროდქუცია, მანქანების გამონაბოლქვი კი აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ ნაწარმში ხვდება. შემდგომ ის იყიდება და ადამიანი იღებს.

კარგად მოგეხსენებათ, გარემო დაბინძურებულია, შესაძლოა, პირუტყვის ორგანიზმში სწორედ ის მავნე ნივთიერება მოხვდეს  რაც მძიმე მეტალს შეიცავს. ანუ პროდუქციის არასათანადო პირობებში გაყიდვა ხდება“, – განაცხადა გიგაშვილმა.  

„მომავლის ფერმერის“ განცადებით, აღნიშნული პრობლემა უკონტროლოა, რადგან დახლზე დადებული ყველი მანქანების მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვიდან სხვა მავნე ნივთიერებებთან ერთად ტყვიის დიდ ოდენობას პირდაპირ იღებს. რუსუდან გიგაშვილი საწარმოებსაც შეეხო და განმარტა, რომ „ე.წ. ქარხნულ ყველში შესაძლოა გარკვეული სახის რისკები იყოს, რადგან შეიძლება არ ვიცოდეთ პირუტყვმა რა სახის საკვები მიიღო“, – განმარტა რუსუდან გიგაშვილმა.

რეგლამენტის თანახმად, დაუშვებელია ეტიკეტზე, თანმხლებ დოკუმენტაციაში ან სხვა სახის საინფორმაციო მასალაში პირდაპირი ან არაპირდაპირი მინიშნება იმისა, რომ პროდუქტი წარმოადგენს რძეს ან რძის ნაწარმს მაშინ, როდესაც ის არ წარმოადგენს რძეს ან რძის ნაწარმს.

რეგლამენტში დეტალურად არის გაწერილი მოთხოვნები რეგულირების ობიექტების მიმართ. ამასთან, დადგენილია გარკვეული მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის შემადგენლობა, წარმოებისათვის ნებადართული ნედლეული და დაშვებული ინგრედიენტები.

 რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში 2017 წლის 1 ივლისიდანცვლილებები შევიდა.

ცვლილებების მიხედვით: დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ გამოყენება. რძის ნაწარმს, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არა უმეტეს 79%-ს შეადგენს ეტიკეტზე უნდა ეწეროს – „კარაქი შემცირებული რძის ცხიმით“

ძალაში რჩება რეგლამენტის მოთხოვნა, რომ დაუშვებელია, ეტიკეტზე ტერმინი – „კარაქის“ გამოყენება თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.

ბიზნესოპერატორის მიერ აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოიწვევს მათ დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში 1200 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

 ავტორი: ლიკა გურაბანიძე

წყარო: http://commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.