მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოება მცირდება
პოლიტიკურ ორომტრიალშიც უყურადღებოდაა მიტოვებული სოფლის მეურნეობის ის დარგები, რომლებიც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას განსაზღვრავს.
ერთ-ერთი ასეთი დარგი, სწორედ მეცხოველეობა _ ხორცის წარმოებაა, განსაკუთრებით კი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, რომლის რაოდენობაც ქვეყანაში ყოველწლიურად მცირდება.
რა არის მიზეზი?
სოფლებში მოსახლეობა სიდუხჭირის გამო, მასობრივად ყიდის ხბოებს, რაც ამცირებს ძროხების რაოდენობას და შესაბამისად მცირდება გამოსაზრდელი ხბოების მიღების წყარო.
რამდენიმე წლის წინათ კი მცირე ფერმერებს გარკვეულ კონდიციამდე მიჰყავდათ ახალმოგებული ხბოები და გაყიდვების პროცესი დროში გახანგრძლივებული იყო, რაც თავისებურად ბუნებრივ მარაგს ქმნიდა ქვეყნისათვის. 600 ათასზე მეტი ფურის არსებობა ქაოსურად აყალიბებდა სახორცე მიმართულებას და ბაზარიც ვერ გრძნობდა ფასების რყევას. ბოლო პერიოდში პირუტყვის გაყიდვების ასაკი შემცირდა, ძროხების რაოდენობაც იკლებს, ძროხის ხორცი გადადის დეფიციტში, ამიტომ თუ ქვეყანაში ვერ შევქმნით ინდუსტრიულ ხორცის წარმოებას, გავხდებით ძროხის ხორცის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა.
იმპორტირებული ხორცი კი ხარისხიანი ვერ იქნება, რადგან თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანას შიდა მოხმარებისთვის სჭირდება ხარისხიანი ხორცი. ასეთი ხორცის იმპორტი კი ძვირია.
საქართველოს აქვს შესაძლებლობა, განავითაროს პირუტყვის ხორცის წარმოების ინდუსტრია, 200-მდე ფერმერს (ან კოოპერატივს) შეუძლია გარდატეხა შეიტანოს ხორცის წარმოების ინდუსტრიაში.
პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევქმნათ მოთხოვნა ხარისხიან ხორცზე და ეს მოიტანს განვითარებას. სხვადასხვა უწყებების მიერ გამოცხადებული ხორცზე მოთხოვნა უნდა ეყრდნობოდეს ხორცის მაღალ ხარისხს და არა – დაბალ ფასს.
აუცილებელია შევიმუშაოთ პირუტყვის ხორცის სტანდარტები და დახლებზე იგი კატეგორიების მიხედვით განლაგდეს. მაღალხარისხიანი ხორცის სერტიფიცირების სისტემა უნდა ხდებოდეს სახელმწიფო დონეზე, რის შემდეგაც ხარისხზე მომუშავე ასოციაციებმა უნდა გაამკაცრონ მოთხოვნები (მსოფლიო ტენდენცია გამკაცრებაზეა ორიენტირებული).
ამავე თემაზე ასევე იხილეთ: http://agronews.ge/msophlio-khortsis-tsarmoeba-_-saqonlis-khortsis-tsarmoeba-saqarthveloshi-realoba-da-perspeqtiva/;
მიხეილ ჭიჭაყუა,
აგროექსპერტთა ასოციაცია