მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა მცირდება

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა არ იზრდება.  საბოლოო ჯამში, ბოლო 2 წელიწადში დაიკლო როგორც მთლიანად რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ, ასევე დაიკლო ფურისა და ფურკამეჩის სულადობამაც.
წყარო: საქსტატითუ 2015 წელს პირუტყვის სულადობამ მოიმატა, 2016 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 29.4 ათასი სულით შემცირდა. საბოლოო ჯამში, მივიღეთ რომ, 2016 წლის სულადობა 2014-ზე ნაკლებია.

ფურისა და ფურკამეჩის რაოდენობა ბოლო 2 წელია იკლებს, წელიწადში საშუალოდ 5%-ით. 2014 წელთან შედარებით, 2016 წელს ძროხების რაოდენობა 53.7 ათასით არის შემცირებული.  აღნიშნულ ტრენდს ექსტენსიური ტიპის არარენტაბელური მეწარმეების მიერ რძის წარმოების მიტოვებას მივაწერთ.  ეს პროცესი სავარაუდოდ კვლავ გაგრძელდება, რაც ინტენსიური რძის წარმოების სექტორის განვითარების დაბალ ტემპებთან ერთად, მოგვცემს იმას რომ უფრო ნაკლები ადგილობრივი რძე დარჩება ბაზარზე, მისი ფასი კი აიწევს. ამიტომ მნიშვნელოვანია როგორც რძის ფასის დროული ხელშეწყობა გადამამუშავებლების მხრიდან, ისე თანამედროვე ტიპის წარმოებაში ინვესტიცია.

სასაკლაოებში დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა, ზემოთაღნიშნულ პროცესებთან შედარებით, სტაბილურია წლიდან წლამდე. ბოლო 3 წლის მანძილზე წელიწადში საშუალოდ 188 ათასი სული დაიკლა.

ფურისა და ფურკამეჩის რაოდენობა (ათასი სული) რეგიონების მიხედვით 2016 წლის ბოლოსთვის და მისი პროცენტული ცვლილება 2014 წელთან შედარებით

წყარო: საქსტატი, GeorgianDairy.org;

შენიშნვა: ზოგიერთი რეგიონისთვის წინა წლების მონაცემები არ არსებობს შერჩევის სიმცირის გამო, ამიტომ ამ რეგიონებში სულადობის ცვლილება ვერ აისახება

სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის ბოლოსთვის ფურითა და ფურკამეჩით ყველაზე მეტად დატვირთული რეგიონებია: სამეგრელო-ზემო სვანეთი (98 ათასი), იმერეთი (93 ათასი), და ქვემო ქართლი (79 ათასი).

2014 წელთან შედარებით, ძროხების რაოდენობა, შემცირებულია თითქმის ყველა რეგიონში. პროცენტულად ყველაზე მეტი შემცირება აჭარაზე მოდის: ფურისა და ფურკამეჩის რაოდენობა ბოლო 2 წელიწადში 21%-ით შემცირდა. რაოდენობრივად ყველაზე მასიური კლება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონზე მოდის, სადაც ძროხების სულადობა 11.1 ათასით შემცირდა.

წყარო: georgiandairy.org