მთავრობა მაღალმთიან რეგიონებს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  მთავრობის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა მაღალმთიანი დასახელების განვითარების პროგრამაზე.
პრემიერის თქმით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება, გაფართოვდება და მთიან რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

_ ამ პროგრამის მიზანია, რომ არა მხოლოდ დავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა მაღალმთიან რეგიონებში, არამედ ბარიდანაც გადავიდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი და დასახლდეს მთიან რეგიონებში. გასული წლის განმავლობაში, 7200-მა ოჯახმა ისარგებლა, ვისაც შეეძინა შვილი, პირველ ორ შვილზე დამატებით 100 ლარია განსაზღვრული, სამზე და მეტ შვილზე დამატებით 200 ლარია განსაზღვრული. ასევე 70 000-ზე მეტმა პენსიონერმა ისარგებლა ამ პროგრამით, რაც არის 20%-იანი დანამატი პენსიაზე. ასევე სამედიცინო სფეროს 1600-მდე წარმომადგენელმა ისარგებლა ამ პროგრამით. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების პენსიაზე 100%-იანი დანამატია განსაზღვრული. მოქმედი პედაგოგებისთვის კი 35%-იანი დანამატია. 80 000-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, გაფართოვდება და მთიან რეგიონებს მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება.

ეს არის ჩვენი პოლიტიკის და სტრატეგიის ერთი მნიშვნელოვანი ხაზი, რომელსაც ჩვენ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ _  განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება, არის პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის ასიგნებები.

_ 20 მილიონი ლარიდან, რომელიც იყო გამოყოფილი მაღალმთიანი დასახლების ფონდში, 10 მილიონი მიემართება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, 3 მილიონი ლარი გამოიყოფა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში – „დანერგე მომავალი“ მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის, 7 მილიონი ლარი მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიზნით შექმნილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამას, რაც ძალიან დიდი სიკეთეა მთაში მცხოვრები ხალხისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქართველოს 3700 დასახლებული პუნქტიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს დაახლოებით ნახევარს“ _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.