მთავრობას ქართული თაფლის წარმოების წახალისებისკენ მოუწოდებენ

,,საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ ხელმძღვანელი ლევან სილაგავა მთავრობას ქართული თაფლის წარმოების წახალისებისკენ მოუწოდებს. როგორც მან Bm.ge-ს უთხრა, სახელმწიფო ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას, მითუმეტეს იმ პროდუქციის, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. ასეთია: თაფლი, თევზი და სხვა.

„მაშინ, როდესაც საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში პრიორიტეტულად აქვს გამოცხადებული თაფლის ექსპორტი, სახელმწიფო შესყიდვების დროს ტენდერები ისეთი პირობებით ცხადდება, რომ მის მოგებას მხოლოდ უცხოური კომპანია თუ შეძლებს”, – აცხადებს ლევან სილაგავა. 

საქმე ეხება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერზს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის შსს-ს 1 მილიონი ლარის ღირებულების 73 ტონა თაფლი უნდა შეეძინა, თუმცა შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებით პრეტენდენტს, 2019 წლის 30 იანვარს, დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

„კოოპერატივების განვითარების სააგენტო ძალიან დიდი ფულს ხარჯავს, რომ მოახდინოს მეთაფლეების კოოპერირება, ყიდულობს სკებს, ცოდნას აძლევს მათ, მილიონი დოლარის ღირებულების ლაბორატორიები ჩამოიტანა და ა.შ. ანუ, ერთის მხრივ, მთავრობას სურს, რომ თაფლი იყოს პრიორიტეტებს შორის ევროკავშირთან ვაჭრობისას; 

მაგრამ, მეორეს მხრივ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აცხადებს ტენდერს პირობებით, რომელიც ქართველი მეწარმეების ინტერესებს არ ითვალისწინებს.

კერძოდ, როდესაც ტენდერი გამოცხადდა, პირობებში ჩაიწერა, რომ მყიდველს უნდა ჰქონდეს 73 ტონა ერთგვაროვანი თაფლი, რაც ძალიან დიდი რაოდენობაა. 

როგორც თაფლის მწარმოებლებისგან ვიცით, საქართველოში წელიწადში თაფლის წარმოების საშუალო მოცულობა საკმაოდ მაღალია, თუმცა 73 ტონა ერთგვაროვანი თაფლის მოგროვება შეუძლებელია. მათივე ინფორმაციით, შემაფერხებელია ის პირობაც, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონოდა 2017 წლიდან 400 ათასი ლარის ღირებულების საკვები პროდუქციის მიწოდების გამოცდილება; თაფლის მწარმოებლების ინფორმაციით, საქართველოში ინდუსტრიული თაფლის წარმოება მასიურად ბოლო წლებში დაიწყო და ამ პირობის დაკმაყოფილებაც გაუჭირდებათ“, – აცხადებს სილაგავა.

ავტორი: მაია ბიწაძე

წყარო: www.bm.ge