მწერებმა და ხანძრებმა საქართველო ასეულობით მილიონი ლარით აზარალა

“ტყემ რომ დაიბრუნოს ნაწილობრივ ის იერსახე, რაც ჰქონდა, მინიმუმ 50-60 წელია საჭირო”

ქვეყანა ხანძრებისა და მწერებისგან მიყენებულ ზარალს ითვლის, მაგრამ იმდენად დიდია, რომ ზუსტი რიცხვის დადგენაც შეუძლებელია. ბოლო 3 თვეში ზარალის რაოდენობა ასეულობით მილიონ ლარს აღწევს. ამას გარდა, აღდგენით სამუშაოებს ათეულობით წელი და მილიონობით ლარი სჭირდება.

ივნისიდან მოყოლებული, დასავლეთ საქართველოს მავნებელმა მწერებმა შეუტიეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ხანძრები მძვინვარებდა. მატერილური ზარალი ორივე შემთხვევაში ძალიან დიდია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ორივე მიმართულება ძირეულად გამოსაკვლევია, რადგან გამოირიცხოს ის დივერსიული ფაქტები, რომლებიც ეჭვის დონეზე არსებობს.

“რეზონანსი” დაინტერესდა, თუ რა ოდენობის ზარალი მიაყენა მოსახლეობას აზიურმა ფაროსანამ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზარალის დათვლა ჯერ დასრულებული არ არის, ამიტომ ზუსტი რიცხვის დასახელებაც ამ ეტაპზე შეუძლებელია. “როდესაც ზუსტად გვეცოდინება ზარალის ოდენობა, აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას”, – განუცხადეს “რეზონანსს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სანამ ოფიციალური უწყება კონკრეტულ მონაცემებს აჯამებს, უკვე ვრცელდება ზარალის თაობაზე სავარაუდო ინფორმაცია. მავნებელმა დასავლეთი საქართველო 50 მლნ ლარით აზარალა. ყველაზე მთავარია ის, რომ მწერებით გამოწვეული პრობლემები ასე მალე არ აღმოიფხვრება.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით განვითარებულ მოვლენებს უმძიმესს უწოდებს ასოციაცია “მომავლის ფერმერის” წარმომადგენელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა. მისი თქმით, ორივე შემთხვევაში, იქნება ეს ხანძარი თუ მწერების მიერ განადგურებული მოსავალი, უნდა იქნას გამოკვეული მიზეზი, რის გამოც პრობლემის წინაშე დადგა ქვეყანა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაიდგას შესაბამისი ქმედითი ნაბიჯი.

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მართლაც მძიმე სურათია ქვეყანაში. ჯერ ხანძრის მიერ მიყენებული ზარალი არ გვაქვს ბოლომდე შესწავლილი და მეორე პრობლემაც დაგვემატა აზიური ფაროსანას სახით. ორივე შემთხვევაში დიდი ზარალი დაფიქსირდა.

მიზეზის დადგენა აუცილებელია, თუ საიდან მოხდა, რატომ მოხდა. სასურველია, გამოირიცხოს ის დივერსია, რომელიც შეიძლება ვივარაუდოთ. ზარალი ძალიან დიდია, თუმცა აღდგენითი სამუშაოები ბევრად რთულია და დიდ ფინანსებს უკავშირდება ყოველთვის”, – აღნიშნა ჭიჭაყუამ.

ხანძრის შედეგად მიღებული ზარალის რაოდენობა გაცილებით მეტია. სპეციალისტების თქმით, აუცილებელია გამომწვევი მიზეზის დადგენა და შემდეგ იმ მონაკვეთების აღდგენა, რომლებიც განადგურდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ეკოსისტემისთვის.

საქართველოს ტყეების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 84 მლრდ ლარია, ხოლო ტყის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს განადგურებულია, – ამის შესახებ “რეზონანსს” ექსპერტმა გარემოს დაცვის საკითხებში თემურ კანდელაკმა განუცხადა. მისი თქმით, ზარალის კონკრეტული რაოდენობა დათვლილი არ არის, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი დასადგენია, რომ პირდაპირი და არაპირდაპირი მილიარდობით ლარს ითვლის. რაც შეეხება მის აღდგენას, ათეულობით წელი და მილიონობით ლარია საჭირო, რომ ტყემ სასურველი სახე მიიღოს.

“ჩვენი ტყეების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 84 ლრდ დოლარია. ხანძრების მიერ 100 ჰექტარია განადგურებული. ზარალის კონკრეტული რაოდენობა არ ვიცი, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მილიარდობით ლარია. განადგურდა ტყის საფარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მარტო მერქანი არ დამწვარა, ეს არის ყველაზე იაფი პროდუქტი, რაც ტყეშია. აქ მთავარია ის ფუნქციები, რომლებიც ცოცხალ ხეს გააჩნია. რეკრეაციული ფუნქციის გარეშე დარჩა დღეს ტყე. მოჭრილი და თუნდაც დამწვარი ხე არის მინიმუმი იმასთან შედარებით, რასაც ის აკეთებს, ვგულისხმობ დაცვით სისტემას, რომელიც ჯამში ღირებულ პროდუქტს ქმნის.

მთის პირობებში ხანძრის შემდეგ ტყის განახლება საკმაოდ რთულია. გამოსაკვლევია, დაწვის შემდეგ ფესვთა სისტემა მთლიანად არის განადგურებული, თუ არის კიდევ ვარგისი. ამას ძალიან დიდი კვლევა უნდა და აუცილებლად უნდა იმუშაონ მეცნიერებმა. მთავარია, იმ ტერიტორიაზე, სადაც ძლიერი ხანძარი იყო, გაკეთდეს ყველაფერი, რომ ეროზიული პროცესი არ წავიდეს, ტერიტორია არ დაიხრამოს. თუ ამ ადგილების ეროზია წავა, აღარაფერი ეშველება.

ამას გარდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ახლონ ხელი იმას, რაც დამწვარია, არ უნდა ამოიძირკვოს. ფესვები მაინც ასრულებს იმ ფუნქციას, რაც აკისრია, შეიძლება, ცოცხალი არ იყოს, მაგრამ ნიადაგს ამაგრებს. აუცილებელია, სანამ ახალი ნარგავები დაირგება და გაიზრდება, ამ ფესვებმა შეინარჩუნოს ნიადაგის სიმყარე. ამ გამოკვლევის შემდეგ კი ახალი ხეების დარგვასა და მის გაზრდას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ტყემ რომ დაიბრუნოს ნაწილობრივ ის იერსახე, რომელიც ჰქონდა, მინიმუმ 50-60 წელია საჭირო”, – განაცხადა კანდელაკმა.

“რეზონანსი” ხანძრის შემდეგ მიყენებული ზარალის ოდენობითაც დაინტერესდა და სატყეო დეპარტამენტს კითხვით მიმართა. ასევე ვეცადეთ გაგვერკვია, თუ რა დრო და თანხა დასჭირდება ხანძრის შემდეგ დაზარალებული ტერიტორიების აღდგენას, თუმცა მათგან პასუხი, გაუგებარი მიზეზების გამო, არ მიგვიღია.

ნათია ლომიძე

წყარო: რეზონანსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.