მუხუდოსა და ოსპის ისტორია და მათი გამოყენება ქართულ სამზარეულოში

მუხუდო და ოსპი საქართველოში უძველესი დროიდან იყო გავრცელებული. ლობიოს შემოტანის შემდეგ ხვჳჳ-ე საუკუნიდან მათი ნათესი ფართობები თანდათან შემცირდა, განსაკუთრებით XX-ე საუკუნეში და საბოსტნე ნაკვეთებში ძალიან მცირე რაოდენობით შემორჩა.

საქართველოში მუხუდოს სახელი პირველად XIII საუკუნეში მოიპოვება. სულხან-საბა ორბელიანი მიუთითებდა, რომ მუხუდო ქართული არ არის და მას „ერევინდი” ჰქვია. ივ. ჯავახიშვილის აზრითაც მუხუდოს სახელი ქართული არ არის და სპარსული „ნუხუდ”-ისგან არის წარმოშობილი.

დიდი ქართველი მეცნიერი, მკვლევარი და ისტორიოგრაფი ივ. ჯავახიშვილი ასკვნის, რომ ადრეულ პერიოდში ეს კულტურა ცნობილი იყო ბერძნული სახელწოდებით — ერევინდი, ხოლო შემდეგ სპარსული სახელით მუხუდო და საქართველოში შემოტანის თარიღად დაახლოებით Xi-XIII საუკუნეები ითვლება.

გასული საუკუნის ოციან წლეებში დიდმა ქართველმა მეცნიერებმა ლ. დეკაპრელევიჩმა და ვ. მენაბდემ, დასავლეთ საქართველოს მთიან ზონაში-რაჭაში პარკოსანი კულტურები შეისწავლეს და ისინი აღნიშნავდნენ, რომ რაჭაში სამარცვლე პარკოსან კულტურათა შორის მეორე ადგილზე, ლობიოს შემდეგ არის მუხუდო, რომ რაჭაში ძირითადად გავრცელებულია საშუალო ზომის მარცვლიანი მუხუდოს ფორმები, ხოლო მსხვილ და წვრილმარცვლიანი თითქმის არ არის.

ლ. დეკაპრელევიჩმა აღწერა რაჭაში გავრცელებული მუხუდოს 24 ფორმა, რომლებიც ყვავილის ფერის მიხედვით სამ ჯგუფად დაყო: თეთრყვავილიანები, სამი — სახესხვაობა; ვარდისფერ ყვავილიანები — 7 სახესხვაობა და წითელყვავილიანი ფორმები, რომელშიც 14 სახესხვაობა შედის. მკვლევარი აღნიშნავს, რომ რაჭაში ძირითადად თეთრმარცვლიანი ფორმები მოჰყავთ, რომლებიც გამოირჩევა საუკეთესო გემოთი, კარგი საკვები ღირებულებით და იქვე დასძენს, რომ მუხუდოს ასეთი მრავალფეროვნებით საქართველოს სხვა რეგიონები არ გამოირჩევა.

საქართველოში უძველეს ხანაში ოსპის არსებობაზე ოფიციალური ცნობები არ არსებობს, მხოლოდ ხვჳჳ საუკუნეში რუს დესპანს აქვს აღნიშნული, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ცერცვის გარდა ოსპსაც თესდნენ. ისტორიულ რომანში, რომელიც ხჳ-საუკუნეში საქართველოს უდიდესი ტაძრის სვეტიცხოვლის მშენებლობას აღწერს, აღნიშნულია, რომ მშენებლობაზე მომუშავე მუშებს ოსპის ნახარშით კვებავდნენ.

ივ. ჯავახიშვილის აზრით, რადგანაც ოსპი კაცობრიობის ერთი უძველესი პარკოსან მარცვლოვანთაგანია, ამიტომ არ შეიძლება, რომ ოსპისთვის მანამდე ქართველებს სხვა სახელი არ ჰქონოდათ შერქმეული, მანვე გამოიკვლია, რომ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სვანეთში, ოსპი საერთოდ არ მოიხსენიებოდა და სვანურად მას „ქირს” უწოდებდნენ. ნ. კეცხოველს კი ამ ფორმის გარდა „ქირც“-იც აქვს აღნიშნული.

ლ. დეკაპრელევიჩი ოსპს მიაკუთვნებს საქართველოსათვის უძველეს კულტურას და მისივე აზრით საქართველო ოსპის წარმოშობის მეორადი კერაა.

გასული საუკუნის 30-იან წლებში ე. ბარულინა აღნიშნავდა, რომ საქართველოში ოსპის ძალიან მცირე ნათესი ფართობებია, მაგრამ სახეობათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი გამოკვლევით საქართველოში გავრცელებული იყო 6 წვრილმარცვლიანი და 1 მსხვილმარცვიანი ფორმა.

ლ. დეკაპრელევიჩის და ვ. მენაბდის მიერ რაჭაში (დასავლეთ საქართველოში) ჩატარებული გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ იქ ძირითადად წვრილმარცვლიანი და ჭრელმარცვლიანი ფორმები (აგურისფერ ფონზე შავი წინწკლებით და ნათელი აგურისფერი შავი წინწკლებით) მოჰყავდათ.

წინა საუკუნეებში, როცა მუხუდო და ოსპი ფართოდ იყო გავრცელებული მთელ საქართველოში, რომლისგანაც ალბათ მრავალფეროვან კერძებს ამაზადებდნენ. ამჟამად მუხუდოსა და ოსპისაგან ძირითადად ერთნაირი კერძები მზადდება: პიურე, რომლის გამოყენება გარნირადაც შეიძლება, ასევე ვაცხობთ ღვეზელს (ლობიანის მსგავსი), ვამზადებთ წვნიან კერძებს, მოხარშული სახით გამოიყენება ბოსტნეულის სალათებში. მათგან ისეთივე კერძები მზადდება როგორც ლობიოსაგან. ის ასევე გამოიყენება როგორც ყავის სუროგატი.

მუხუდოსა და ოსპის კულტურაზე მუშაობა ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტში საერთაშორისო სოფლის მეურნეობის კვლევის ცენტრიდან შემოტანილი საკოლექციო და სხვადასხვა სანერგეების მასალებით 1998 წლიდან დავიწყეთ. სელექციური შესწავლის საფუძველზე გამოვიყვანეთ და საქპატენტში დავარეგისტრირეთ 2005 წელს მუხუდოს ჯიში „ელექსირი” და ოსპის ჯიში „პაბლო”. 2011 წელს კი დავარეგისტრირეთ მუხუდოს კიდევ ერთი ჯიში „არაგვი” და ოსპის ჯიში „წილკანი”, რომლებიც მოსავლიანობით და ბიოქიმიური შემცველობით წინა ჯიშებს აღემატება.

პაშა ვაჩეიშვილი

სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.