ნიკო კეცხოველის პრემიის სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსის საფინალო ღონისძიება გაისნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ ნიკო კეცხოველის პრემიის სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსის საფინალო ღონისძიება გახსნეს.
სასკოლო პრემიის 2018-19 წლის კონკურსის მთავარი თემა მდგრადი განვითარების მიზნები იყო და მასში ქვეყნის მასშტაბით 500-მდე სკოლა მონაწილეობდა.
„ბედნიერებაა ამდენ საოცრად მოტივირებულ და განათლებულ ახალგაზრდებთან შეხვედრა; ახალგაზრდებთან, რომლებმაც მთელი წლის მანძილზე ძალიან ბევრი იშრომეს საკუთარ თემში მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებისთვის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციისათვის. თუ დღეს თქვენს ირგვლივ მყოფმა საზოგადოებამ უფრო მეტი იცის მდგრად განვითარებაზე, უფრო მეტად უფრთხილდება გარემოს, ყურადღებას ამახვილებს სოციალურ საკითხებზე, სწორედ, ამ ახალგაზრდების დამსახურებაა. დარწმუნებული ვარ, ვერც ერთი ჯილდო და სტატუსი ვერ შეედრება იმის გააზრებით მიღებულ სიამოვნებას, რომ რამდენი სასიკეთო საქმის გაკეთება შესძელით საკუთარი თემისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის, რადგან ქვეყანაზე ზრუნვა სწორედ, საკუთარ სოფელსა და თემზე ზრუნვით იწყება“, _ განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოვლენილი რჩეული პედაგოგიც დააჯილდოვეს. ლევან დავითაშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის სკოლის პედაგოგს, თეა ტალახაძეს „მწვანე ჯილდო 2019“ გადასცა.
გამარჯვებული სკოლები I, II და III ხარისხის ჯილდოებს გადაინაწილებენ და მათ სახელმწიფო, საერთაშორისო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური საქართველოს 32 სკოლის გუნდიდან შეარჩევს. ფინალისტი სკოლები საზოგადოებას იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს წარუდგენენ, რომლებსაც, მთელი წლის განმავლობაში, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს დიდ ქალაქებში, თუ მთის პატარა სოფლებში ახორციელებდნენ.
მასშტაბური სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ 2015 წლიდან ტარდება CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.