ონი _ აპიტური უფროსკლასელებისთვის
ქალაქ ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლის უფროსკლასელებთან ერთად ვიმყოფებოდით აჭარის რეგიონში, სადაც გავეცანით მეფუტკრეობის დარგში არსებულ მდგომარეობას, დავათვალიერეთ როგორც თანამედროვე ასევე ძველი ტრადიციული საფუტკრე მეურნეობები, საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია ჯარას საფუტკრე მეურნეობამ, რომელიც ხულოში სოფელ კვატიაში მდებარეობს, მეფუტკრე ბეჟან ბერიძის „ჯარას“ საფუტკრე მეურნეობა ბიო სერტიფიცირებაშია ჩართული. მოსწავლეებმა ნახეს ჯარიდან თაფლის ამოღების პროცესი, და დააგემოვნეს ჯარას თაფლი; ასევე ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გაგვაცნო ასოციაციის მუშაობის პრინციპები, ჯარას უპირატესობა და მკურნალობის ბიო მეთოდები.
ჯარა – ფუტკრის ქართული ტრადიციული სკაა, რომელიც ფუტკრის მოშინაურების მიზნით საქართველოში უძველესი დროიდან გამოიყენება. ორ ნაწილად გაჭრილი ხის მორის შუაგულში ათავსებენ ნაყარს და შემდეგ დამზადებულ ხის მორებს ხეებზე დათვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ალაგებენ. სწორედ ამ ხის მორებს უწოდებენ ჯარას.
ასევე ტურის ფარგლებში დაათვალიერეს ქედაში სოფ. არსენაულში თემურ გორგაძის საფუტკრე მეურნეობა, რომელსაც 300 ერთეული წოლელა ტიპის სკები აქვს საკუთარ ეზოში განთავსებული და მარტო უვლის ფუტკრის ოჯახებს, გაგვაცნო თუ რამდენს აწარმოებს და რა უპირატესობა აქვს წოლელა სკას.
აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში შევხვდით აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელს, ქალბატონ მანანა ბოლქვაძეს, სადაც დავაგემოვნეთ თაფლი, თაფლჩირი და ფუტკრის პროდუქტები, გავეეცანით ასოციაციის მუშაობას, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს. რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ასოციაციის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს გააცნო საკუთარი წარმატების ისტორია, რამაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და დიდი ზეგავლენა იქონია ახალგაზრდა მეფუტკრეებზე, გაუძლიერა ინტერესი ამ საქმისადმი.
დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა, რომელიც რაჭისა და აჭარის მეფუტკრეების გაცნობას, ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთ გაზიარებას და ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას ისახავს მიზნად.
ქობულეთში, აგროსერვისცენტრში მოსწავლეებს გაგვაცნეს თავიანთი საქმიანობა, დავათვალიერეთ ხეხილის ბაღები, ვენახი და მარანი.
ახალგაზრდები მიღებულ ინფორმაციას დანერგავენ საკუთარ მეურნეობებში, გააცნობენ თანატოლებს, ადგილობრივ მეფუტკრეებს და ოჯახის წევრებს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში მეფუტკრეობის პოპულარიზებას, ბიო მეურნეობების შექმნას, დარგის მდგრად განვითარებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
აგროტური მოეწყო ფონდ “აფხაზინტერკონტის” (AIC) პროექტის – “სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდა და მათი ცხოვრების დონის ამაღლება სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერით და ხარისხიანი მომსახურებით რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში” – ფარგლებში, რომელიც, ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ – ფარგლებში; შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) – ფინანსური მხარდაჭერით.
დასასრულს აგროტურის მონაწილეთა სახელით მადლობას ვუხდით: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს, ასევე სკოლის დირექტორს, დალი რაზმაძეს და ახალგაზრდა პედაგოგ თამარ ჩიხრაძეს;
აგრეთვე დიდი მადლობა ჩვენს მასპინძელს მანანა ბოლქვაძეს გოგას და გვანცასთან ერთად, აგრეთვე აგროსერვისცენტრის თანამშრომლებს და აჭარელ მეფუტკრეებს. მშვიდობიანი მგზავრობისათვის მადლობა იოსებ ბენაშვილს.