ორგანულ-მინერალური ნარევები და მათი გამოყენების შესაძლებლობა ფერმერულ მეურნეობებში

სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების კონცეფციის რეალიზაციაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკუთვნის მცენარის საკვები ელემენტებით უზრუნველყოფას, როგორც მოსავლიანობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების განმსაზღვრელ ფაქტორს.ეკოლოგიურად გაწონასწორებული განოყიერების სისტემის დამუშავება უნდა ეფუძნებოდეს ნიადაგში საკვები ელემენტების შესათვისებელი ფორმების უზრუნველყოფის დონის გათვალისწინებას.

უკანასკნელი წლების განმავლობაში თითქმის ყველა კულტურათა მოსავლიანობა მინიმუმამდე დაეცა.განადგურდა მაღალი პოტენციალის მქონე ჯიშები, დეგრადირდა ნიადაგი, შემცირდა ნაყოფიერების ძირითადი მაჩვენებელი-ჰუმუსი.დღის წესრიგში დადგა საკითხი მინერალური სასუქები ჩაგვენაცვლებინა ჰუმინური, ორგანულ-მინერალური სასუქებით, რომელიც წარმოადგენს კულტურულ მცენარეთა საკვები ელემენტებით უზრუნველყოფის ძირითად, ხოლო ზოგჯერ ერთადერთ წყაროს.

ცნობილია, რომ ჰუმინური სასუქების ეფექტურობა გამოიხატება იმაში, რომ ის შეიცავს მცენარისათვის შესათვისებელ ფორმაში საჭირო საკვებ ელემენტებს, ამავდროულად ისინი შეიცავენ ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. მისი გამოყენება საშუალებას გვაძლევს ნიადაგში მოხდეს სასარგებლო მიკროფლორის აქტივაცია, უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა, იზრდება ნიადაგის ნაყოფიერების დონე.

ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება შესაძლებლობას ქმნის მივიღოთ ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს პათოგენურ მიკროფლორას, მძიმე მეტალებს, არ გააჩნიათ ადაპტაციის პერიოდი.

ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა, ბუნებრივი ჰუმატების შემცველი ნედლეულიდან ტორფი, ნახშირი და ბუნებრივი აგრომადნებიდან, ცეოლითი, ფილიფსიტი, ფოსფორიტის ფქვილი, დოლომიტი, სხვადასხვა წარმოშობის თიხები, ტრაქიდები, მიგვეღო ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად უსაფრთხო ორგანულ-მინერალური სასუქი და ამავდროულად შეგვესწავლა მათი რაციონალური შეფარდება გათვალისწინებით იმისა, თუ რა პროცესები წავა ნიადაგსა და მცენარეში.

 

 

 

მუშაობა წარვმართეთ სამი მიმართულებით. შევისწავლეთ:

1. ცდაში გამოყენებული ნედლეულის შემადგენლობა.

2. ბუნებრივი ნედლეულის მცენარეზე ზემოქმედების ეფექტური შეფარდება.

3. პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ნიადაგსა და მცენარეში.

ცდის პირველ ეტაპზე გამოვიყენეთ ტორფი, ნაკელი, ცეოლითი, ფილიფსიტი და საპროპელი.აღნიშნული ბუნებრივი სასუქები გარკვეული შეფარდებით ავურიეთ ტყის ნიადაგს და ვაწარმოეთ მათი ეფექტურობის შესწავლა მეტად მნიშვნელოვან და პერსპექტიულ, ნაკლებად ცნობილ სამკურნალო მცენარე სტევიის კულტურაში.

სტევია საქართველოში ნაკლებად გავრცელებული მცენარეა, მისი სამშობლო პარაგვაია. სტევიის ფოთლებში აღმოჩენილია რვა გლუკოზიდი, სტევიოზიდი, A, B, C, D, G  რებაუზიოდები, A  დუკლოზიდი და სტევიოლბიოზიდი, მათი სიტკბო 50-450-ჯერ აღემატება საქაროზას სიტკბოს. სტეკიოზიდი 150-300-ჯერ უფრო ტკბილია საქაროზაზე.

როგორც აღვნიშნეთ სტევია სამკურნალო მცენარეა, რომელიც მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, როგორც სასმელებისა და საკვები პროდუქტების ბუნებრივი დამატკბობელი. დადგენილია სტევიის პროდუქტების ტიკანცეროგენული, ანტიდიაბეტური და ანტიჰიპერტენზიული თვისებები. სტევია ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარეა მიწისზედა ნაწილების ყოველწლიურად კვდომადი და თავიდან ზრდადი ღეროებით.მისი სიმაღლეა 80-85 სმ. ის სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ მისი მოვლა-მოყვანა ჩვენთან შეზღუდულია, მაგრამ შესაძლებელია შავი ზღვის სანაპირო ზოლში. დასავლეთ საქართველოში.

სტევია შემოტანილი იქნა 1986 წელს. მცენარეები დაირგო ანასეულში, ნატანების ექპერიმენტალურ მეურნეობაში (წვერმაღალა), სოხუმის ფილიალში (ბაგრატის მთაზე), ჩაქვის და კოლხეთის ფილიალებში.ექსპერიმენტალური მონაცემებით დამტკიცებული იქნა, რომ ჩვენს პირობებში შესაძლებელია მისი როგორც ერთწლიან, ისე მრავალწლიან ციკლში მოყვანა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა სტევიის გავრცელების შესაძლებლობის შესწავლა არა მარტო ღია გრუნტის პირობებში, არამედ დახურულ გრუნტშიც. ცდა დაყენებული იქნა ლაბორატორიულ, კონტროლირებად პირობებში 5კგ-იანი ტევადობის სავეგეტაციო ჭურჭლებში 4-ჯერადი განმეორებით. ჩვენს მიერ განსაზღვრული იქნა როგორც ტყის ნიადაგის, ასევე ცდაში გამოყენებული ბუნებრივი აგრომადნების შემადგენლობაც.

ტყის ნიადაგის აგროქიმიური მაჩვენებლები (აღნიშნული ნიადაგი საუკეთესო ფონია ცდის წარმართვისათვის).

ცდაში აღებული გვქონდა 4 ვარიანტი:

1.ნიადაგი, ტორფისა და ფილიფსიტის ნარევი შეფარდება 5:3:2;

2. ნიადაგი, ნაკელისა და ცეოლითის ნარევი შეფარდება 5:3:2;

ნიადაგი, საპროპელის და ცეოლითის ნარევი შეფარდება 5:3:2;   

ვაკვირდებოდით მცენარეთა ზრდა-განვითარებას ფაზების კალენდარული პერიოდის განმავლობაში, რომლის საშუალებითაც ვადგენდით როგორ განსხვავდებოდა მცენარეთა განვითარება ვარიანტების მიხედვით.ჩატარებულმა ექსპერიმენტმა გვიჩვენა, რომ როგორც მცენარის სიმაღლე, ასევე ფოთლის რაოდენობა და ღეროს დიამეტრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მიღებული ნიადაგის, ნაკელის და ცეოლითის ვარიანტებზე, საკონტროლოსთან შედარებით მცენარის სიმაღლე იზრდება 10.2%-ით. ფოთლის რაოდენობა 30.2%-ით, ღეროს დიამეტრი-19%-ით.ასეთივე კანონზომიერება აღინიშნება ბიოპროდუქტიულობის მაჩვენებლების განსაზღვრისას, ჩვენს შემთხვევაში ვგულისხმობთ მცენარის მთლიან ბიომასას , რომელიც საკონტროლო ვარიანტთან შედარებით იზრდება 55.4-61%-ით. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საუკეთესო ნარევს წარმოადგენს ნიადაგის, ნაკელისა და ცეოლითის ნარევი შეფარდებით 5:3:2:, სადაც როგორც მიწისზედა ნაწილის წონა, ასევე ფესვების წონა და შესაბამისად მცენარის მთლიანი წონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის მიღებული აღნიშნულ ვარიანტზე. ექსპერიმენტალურმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ბუნებრივი ორგანულ-მინერალური ნარევების გამოყენებამ ტყის ნიადაგთან ერთად გაზარდა არა მარტო მცენარის ბიომასა, არამედ ამაღლდა ნიადაგის ნაყოფიერების დონე, რაც გამოვლინდა როგორც საკვები ელემენტების მოძრავი ფორმების (P2O5:; K2O; CaO; MgO), ასევე საერთო ჰუმუსის და საერთო აზოტის ზრდაში.

თანამედროვე პერიოდში, როცა მიკრობიოლოგიისა და ქიმიური მრეწველობის სფეროში უდიდესი მიღწევებია, როცა უამრავი სახის სინთეზური თუ ბუნებრივი სამკურნალო ნივთიერება დიდი მასშტაბით იწარმოება, მცენარე მაინც მრავალი და მეტად საჭირო შენაერთების წყაროა, ამიტომაც მწვანე საფარის შენარჩუნებას ბუნებრივ ლანდშაფტში უზრუნველყოფს მცენარის სარგავი მასალის მიღება, რომელიც ხდება ორი გზით-ქსოვილის კულტურათა და ვეგეტაციური მეთოდების გამოყენებით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ორი გზით:

ა) პირდაპირ მწვანე დაკალმება.

ბ) გამრავლება ინვიფრო კულტურით.

უნდა აღინიშნოს, რომ მწვანე დაკალმების მეთოდით გამოყენებისას მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სუბსტრატს. ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა სტევიის დაფესვიანების საუკეთესო სუბსტრატი-ცდის სქემა და ექსპერიმენტალური მონაცემები მოტანილია ცხრილ 8-ში, საიდანაც ჩანს, რომ სტევიის ნერგების დაფესვიანების საუკეთესო სუბსტრატს წარმოადგენს ტყის ნიადაგს+ნაკელის და ტყის ნიადაგს+ტორფის ვარიანტები (შეფარდება 2:1), სადაც მიღებულია დაფესვიანების ყველაზე მაღალი პროცენტი (100%-ანი დაფესვიანება), ასევე რეკომენდაცია შეიძლება გაეწიოს ტყის ნიადაგი+ნაკელი+ცეოლითის ვარიანტს (შეფარდება 2:1:0, 5 97%-ანი დაფესვიანება).

ექსპერიმენტალური კვლევის საფუძველზე ჩვენს მიერ მომზადებული იქნა ორგანულ-მინერალური სასუქების რეცეპტურები, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას მებოსტნეობის დარგში მომუშავე ფერმერებისათვის, სადაც მათი წარმოება ხდება სათბურებსა და კვალსათბურებში. ცნობილია, რომ სასათბურე მეურნეობაში გარდა ოპტიმალური პირობებისა (ტემპერატურა, ტენიანობა, განათება და ა.შ.) მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სასათბურე გრუნტი ანუ ნიადაგის გრუნტი. ჩვენს მიერ მომზადებული ორგანულ-მინერალური რეცეპტურები უზრუნველყოფს მცენარეებს სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ძირითადი საკვები ელემენტებით, ამავდროულად ზრდის მცენარის მოსავლიანობას.

ჩვენს მიერ წარმოებული ექსპერიმენტალური მასალები საშუალებას გვაძლევს, რომ წვრილ გლეხურ ფერმერულ მეურნეობაში ყველა ფერმერმა შექმნას თავისი ბიომეურნეობა საკუთარ ფერმაში, რითაც შეამცირებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამოკიდებულებას მინერალურ სასუქებზე, რომლის დეფიციტი ქვეყანაში შესამჩნევია.

ი. მამულაშვილი,

თ. მდინარაძე, რ. ტაკიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.