ოთარ დანელია – 50 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაა, საიდანაც მხოლოდ 12 000 ჰექტარია დამუშავებული, ეს საგანგაშოა

45-დან 50 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების საკუთრებაა, საიდანაც 12 ათასი ჰექტარია დამუშავებული. ეს საგანგაშოა და არ შეიძლება, ამ მოცემულობას გულხელდაკრეფილმა ვუყუროთ, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებთან მიმართებით, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, მაგრამ საკუთრებაში არსებული მიწა ნანახიც კი არ აქვთ, პარლამენტი სანქციებთან დაკავშირებით მუშაობს. საკომიტეტო მოსმენებზე ვიმსჯელებთ, რათა კანონპროექტს საბოლოო სახე მიეცეს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ჩვენ პრობლემა გვაქვს“, – განაცხადა დანელიამ.

ამ განცხადებით ოთარ დანელიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეამცირებს თუ არა მსგავსი მიდგომა უცხოელი ინვესტორების რაოდენობასა და ინტერესს.

ოთარ დანელიამ ასევე განაცხადა, რომ კანონპროექტის მიხედვით, იურიდიულ სუბიექტს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ წილის 50%-ზე მეტს საქართველოს მოქალაქე ფლობს.

როგორც დანელიამ აღნიშნა, კანონპროექტით სასოფლო-სამეურნეო მიწაზე იჯარის უფლება არავისთვის იკრძალება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„ევროპის ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში, იჯარა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ერთადერთი ხელმისაწვდომობაა“, – განაცხადა დანელიამ.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ამის გაკეთებას ყველა მთავრობა და თაობა ცდილობდა, მაგრამ ეს იმდენად რთული და შრომატევადი პროცესია, რომ აქამდე ვერ განხორციელდა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.