პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც ფალსიფიცირებულ ან მავნე საკვებს შეიტანს სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში
სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მივცეთ ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც ფალსიფიცირებულ ან მავნე საკვებს შეიტანს სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტებში,” – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მსგავს დანაშაულზე უნდა გაიზარდოს ჯარიმები და ასევე, რიგ შემთხვევებში დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო თავისი კომპეტენცის ნაწილში მაქსიმალურად ატარებს ყველა ღონისძიებას რაც შეუძლია, დაწყებული საჯარიმო სანქციიდან ბიზნესოპერირების შეჩერებით, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი. იზრდება ინსპექტირების რაოდენობა და თითქმის პროპორციულად იზრდება დარღვევების გამოვლენა, შესაბამისად, ვფიქრობთ რომ უნდა გავამკაცროთ და გაიზარდოს საჯარიმო სანქციები, მინისტრს ველოდებით მარტში გვექნება კონსულტაციები. მეორე მხრივ, ვფიქრობ, პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მივცეთ ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც ფალსიფიცირებულ ან მავნე საკვებს შეიტანს სოციალური კვების ობიექტებში, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტებში”,- განაცხადა დანელიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის შემუშავება საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სსიპ-ის სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსს ზურაბ ჩეკურაშვილს მოუსმინეს, რომელმაც კომიტეტის წევრებს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ეფექტურობის, ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის, მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.