პესტიციდების რეალიზების სფეროში კანონი გამკაცრდა

სურსათის სააგენტო ახალ რეგულაციებს განმარტავს

11 იანვრიდან ძალაში შედის რეგულაციები, რომლებიც პირს პასუხისმგებლობას აკისრებს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ კანონდარღვევაზე. კონკრეტულად რას ითვალისწინებს ახალი ნორმა და რეგულაციები – ამის შესახებ „მაესტრო“ ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსს ნიკა მესხს ესაუბრა.

უპირველეს ყოვლისა, გვითხარით, როდის ამოქმედდება ახალი რეგულაცია და რატომ დადგა დღის წესრიგში შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის შემოღება? ასევე, რამდენად კონტროლდება დღესდღეობით აღნიშნული ბაზარი და ხომ არ დააჩქარა ეს პროცესი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ?

სურსათის ეროვნული სააგენტო არის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლზე საქართველოში და ჩვენ ყოველწლიურად სახელმწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში ვახორციელებთ სავაჭრო ობიექტებიდან ქიმიკატების ნიმუშების აღებას და მის ლაბორატორიულ კვლევას. მაგალითისთვის, გასულ წელს ინსპექტირება განვახორციელეთ 150-მდე სარეალიზაციო ობიექტში, აღებული იყო 350-მდე ნიმუში და მათი გაანალიზება მოხდა შესაბამის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. მინდა გითხრათ, რომ დარღვევისათვის, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა, დაჯარიმდა 37 მეწარმე და ამ კუთხით, ახალი რეგულაცია ამოქმედდება 2018 წლის 11 იანვრიდან, კონკრეტულად ცვლილება შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად გამკაცრებულ მიდგომას იმ დარღვევებისათვის, რომელიც საქართველოში პესტიციდებისა და  აგროქიმიკატების სფეროში არსებული კანონმდებლობით მოქმედებს.

რა სახის სანქციებზეა საუბარი და რა რაოდენობაზე დაჯარიმდება კანონდამრღვევი? საინტერესოა, კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში რა სანქციები ამოქმედდება?

მაგალითისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე აღმოჩნდება არარეგისტრირებული, უხარისხო და ვადაგასული პესტიციდი, ასეთ შემთხვევაში იქნება 2 000-ლარიანი ჯარიმა პირველ შემთხვევაზე. თუ წლის განმავლობაში ასეთ ფაქტს კიდევ ექნება ადგილი, ასეთ შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება და იგი იქნება 4 000 ლარის ოდენობით. ჩვენ ამ კუთხით აქტიურად დავიწყეთ უკვე მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც ახორციელებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები, თუ რამდენად არის შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან პესტიციდების რეალიზაცია, ასევე მისი მარკირება-დაფასოება. აუცილებელია, მოხდეს მათი გამოყენება იმ რეგლამენტების დაცვით, რათა სასურველი მოსავალი იყოს მიღებული, რათა თავიდან იყოს აცილებული ის უარყოფითი მოქმედება, რაც შეიძლება ჰქონდეს პესტიციდების არასწორ გამოყენებას. ჩვენ ამ კუთხით აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ვატარებთ მოსახლეობაში, ფერმერებში, რათა სწორად მოახდინონ პესტიციდის შერჩევა, სწორად მოახდინონ მათი გამოყენება და საერთო მიზანი რაც არის, ეს არის ხარისხიანი და მაღალი მოსავლის მიღება.

გვითხარით, რა აჩვენა წინასწარმა მონიტორინგმა?

წინასწარი მონიტორინგის საფუძველზე, როგორც გითხარით, გასულ წელს 37-მდე მეწარმე დავაჯარიმეთ სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე. ჩვენ მიმდინარე სეზონზე აქტიურად გავაგრძელებთ ასეთ დარღვევებზე რეაგირებას, რათა საქართველოს ბაზარზე არ იყოს ისეთი პესტიციდი, რომელიც იქნება უხარისხო, იქნება ვადაგასული და რაც საბოლოოდ აისახება უხარისხო მოსავლიანობაზე და ვერ უზრუნველყოფს იმ მთავარ ფუნქციას, რაც აქვს პესტიციდს. მან უნდა დაიცვას მცენარე სხვადასხვა მავნე ორგანიზმებისგან და როდესაც დარღვეულია იქ შენახვის, ტრანსპორტირების პირობები, ასევე ვადაგასული პესტიციდის რეალიზაციას აქვს ადგილი, ის ვერ ავლენს იმ თვისებებს და ვერ უზრუნველყოფს მცენარის დაცვას სხვადასხვა მავნე ორგანიზმებისგან.

როგორ ფიქრობთ, განსაზღვრული ჯარიმები რამდენად ადეკვატურია და გამოასწორებს თუ არა სიტუაციას?

ჩვენ ამ კუთხით ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და რა თქმა უნდა, თუ წარსულს გადავხედავთ და შევადარებთ არსებულ სიტუაციას, ის არსებითად შეცვლილია და გაუმჯობესებულია. ეს ნაბიჯები, რომელიც მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროების ინიციატივით მოხდა, კონკრეტული ცვლილებები შესაბამის საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებში, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს ამ ბაზრის მოწესრიგებას და უზრუნველყოფს ბაზარზე ხარისხიანი და ისეთი პესტიციდების განთავსებას, რომელიც იქნება მაღალი ხარისხის და რომელიც უზრუნველყოფს  თავისი მთავარი ფუნქციის გამოვლენას, რაც მცენარეს სხვადასხვა მავნე ორგანიზმებისაგან დაიცავს და რა თქმა უნდა, სიტუაცია უკვე მიმდინარე წლიდან გამოსწორებული იქნება.

კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, ვინ განახორციელებს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლს და როგორია მავნე ნივთიერებების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება?

როგორც გითხარით, პესტიციდების რეგისტრაციას და მისი ხარისხის კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. ჩვენი უფლებამოსილი ინსპექტორების მეშვეობით ჩვენ ვახდენთ ნიმუშების აღებას, შემდგომში ლაბორატორიაში გადაგზავნას, ასევე იმ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენას, თუ როგორ ხდება მისი რეალიზაცია, თუ როგორ ხდება მისი გამოყენება. ამას გააკეთეს სურსათის ეროვნული სააგენტო თავისი სპეციალისტების მეშვეობით. რაც შეეხება თვითონ ქიმიური პრეპარატების  ზემოქმედებას, რა თქმა უნდა, აუცილებელია დავიცვათ ის უსაფრთხოების ნორმები, რაც თითოეულ პრეპარატს აქვს გამოყენების ინსტრუქციაში. უნდა დავიცვათ გამოყენების ჯერადობა, უნდა დავიცვათ ხარჯვის ნორმა, ასევე იმ მავნე ორგანიზმის წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ პრეპარატი, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს ეს პესტიციდი.  ამ უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემთხვევაში მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული იმ ქიმიური ნივთიერებების უარყოფითი ზემოქმედება ადამიანზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე და ასევე გარემოზე.

საინტერესოა, სად და როგორ ხდება ვადაგასული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გაუნებელყოფა და განთავსება? დაცულია ტუ არა გარემო დაბინძურებისგან?

სხვადასხვა პროექტის მეშვეობით ბოლო წლებში რამდენიმე ასეული ტონა ვადაგასული პესტიციდის გატანა მოხდა ჩვენი ქვეყნიდან მაშინდელი გარემოს დაცვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ჩართულობით და მისი გატანა და უტილიზაცია მოხდა სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაკლები დაბინძურება მოხდეს, ნაკლები უარყოფითი ზემოქმედება მოხდეს გარემოზე ამ პესტიციდების გამოყენების შემთხვევაში. თუ ჩვენ დავიცავთ იმ ნორმებს, რაც აქვს თითოეულ პრეპარატის გამოყენებას, თუ ჩვენ დავიცავთ იმ რეგულაციებს, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ავიცილებთ უარყოფით ზემოქმედებას გარემოზე და ადამიანზე.

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი თავად აღმოაჩენს კანონდარღვევას, სად შეიძლება განაცხადოს ამის შესახებ, რა ბერკეტები გააჩნია მას, რომ მისი, როგორც მომხმარებლის უფლება, იყოს დაცული?

ჩვენ, სურსათის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს მაკონტროლებელ ორგანოს ამ შემთხვევაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების. ჩვენთან, სამინისტროში მუშაობს ცხელი ხაზი: 15 01. ნებისმიერი ასეთი დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ პირს შეუძლია ამ ნომერზე დარეკოს და ჩვენი მხრიდან მოხდება შესაბამისი რეაგირება. თუ იქ აღმოჩნდება რაიმე ტიპის დარღვევა და რაიმე ტიპის შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობასთან, რა თქმა უნდა, გატარდება შესაბამისი ზომები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ნიკა მესხი,

წყარო: imedinews.ge

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.