ფაროსანა იღვიძებს – როგორ მოვიქცეთ?

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატების დარიგებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობისთვის მალე დაიწყებს. პესტიციდები გამოიყენება ფოთლის მავნებლების, მათ შორის აზიური ფაროსანას, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების, ხვატრების, ხოჭოების, მავნე კუსებურას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ვაზში, ხეხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულში და პარკოსნებში.

ინსტრუქციაში, რომელიც სამინისტრომ გასულ წელს შხამთან ერთად დაურიგა მოსახლეობას, ნათქვამია, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიფენტრინით წამლობა უნდა ჩატარდეს სხვადასხვა შემასხურებელი  მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის სპეციალური ზურგსაკიდი შემასხურებელი აპარატით. ეს შეიძლება იყოს ვენახის შესაწამლი აპარატი.

რეკომენდებულია, რომ 10 ლიტრ წყალში 30 მლ. პრეპარატი გაიხსნას. ინსტრუქციის მიხედვით, პრეპარატი, თუ გამოყენებისას ნორმები დაცული იქნება, მცენარეების მიმართ ფიტოტოქსიკური არ არის [მომწამვლელი არ არის]!

ინსტრუქციის მიხედვით:

  • მრავალწლიან კულტურებზე წამლობა უნდა ჩატარდეს მოსავლის აღებამდე 30 დღით ადრე; 
  • მარცვლეულზე 20 დღით ადრე ;
  • ბოსტნეულსა და პარკოსნებზე 15 დღით ადრე; 
  • ამასთან, ბიფენტრინის ნარჩენების დონე ნაყოფში 0,04-0,4 მგ/კგ-ს  არ უნდა აღემატებოდეს.

წამლობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ დილის საათებში და არც ერთ შემთხვევაში ქარიან ამინდში!

 თუ ფუტკრის სკა გყავთ, მიმდებარე ტერიტორიაზე პრეპარატის შესხურება დაუშვებელია!

საშიშია თუ არა ბიფეტრინი ადამიანისათვის?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ბიფენტრინი ადამიანის მიმართ საშიშროების II კლასს მიეკუთვნება.

არ უნდა შეინახოთ კვების პროდუქტებთან, ცხოველთა საკვებთან და ადამიანებისათვის განკუთვნილ სხვა პროდუქციასთან ერთად. შეწამვლის დროს, თუ საკარმიდამო ნაკვეთში გაქვთ ჭა, ის უნდა დახუროთ. არ უნდა მოხვდეს წყალსადენებში, ტბებში და ნაკადულებში.

შეწამვლის დროს პესტიციდი უნდა მოარიდოთ კანს და თვალებს. პროცესში დაუშვებელია საკვების მიღება, თამბაქოს მოწევა ან ალკოჰოლის მიღება. ამასთან, კონტეინერის გახსნისას სასუნთქი გზები დაფარული უნდა გქონდეთ სპეციალური დამცავი ნიღბით. როდესაც შეწამვლას დაამთავრებთ, საკვების, სითხის მიღებამდე ან სიგარეტის მოწევამდე სახე და ხელები კარგად უნდა დაიბანოთ საპნით. ცალკე უნდა გარეცხოთ ხელთათმანები, სახის დამცავი ნიღაბი და დაბინძურებული ტანსაცმელი.

მას შემდეგ, რაც ბიფეტრინით ნაკვეთს შეწამლავთ, ჭურჭელი, რაშიც სითხე ესხა, უნდა გაანადგუროთ!

ჭურჭელი თუ ლითონისაა უნდა დახვრიტოთ, პლასტმასის დატეხოთ და ნაგავსაყრელეზე (მიდებარე ტერიტორიზე,  მინდორში, მდინარეში გადაგდება დაუშვებელია) გაიტანოთ.

თუ მუშაობის პროცესში მოიწამლეთ, სასწრაფოდ უნდა გაიხადოთ დაბინძურებული ტანსაცმელი;

თუ პრეპარატი თვალში მოხვდა, 15 წუთის განმავლობაში გამდინარე წყლით დაიბანოთ თვალები;

თუ შეისუნთქეთ, სასწრაფოდ უნდა დატოვოთ სამუშაო ზონა;

ხოლო თუ გადაყლაპეთ, პირი უნდა გამოირეცხოთ და დიდი ოდენობის სითხე მიიღოთ.

ამასთან, ნებისმიერი ტიპის მოწამვლის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge/news/116864/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.