ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად

სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო წრეების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამომავლო ტაქტიკისა და გასატარებელი ღონისძიებების საკითხები სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანა არ მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის პრობლემაა, მნიშვნელოვანია გლობალურად აღვიქვამთ საკითხის მნიშვნელობა და შემუშავდეს ბრძოლის ეფექტიანი სტრატეგია.

სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლა შედეგიანი მხოლოდ სახელმწიფოს, მეცნიერების, ბიზნესსექტორისა და ფერმერების ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი.

მინისტრის განცხადებით, 2017 წლის გამოცდილების საფუძველზე, ქვეყანაში შემუშავდა ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის პროექტი, რომელიც დღეს გამართული სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილება და შეჯერდება იმ გამოცდილებასთან, რაც სხვა ქვეყნებში არსებობს და რომლის შესახებაც მოწვეულ მეცნიერებთან ერთად იმსჯელებენ შეხვედრის მონაწილეები.

„საქართველოში მოწვეულია ყველა წამყვანი ენტომოლოგი და სპეციალისტი, ვისაც აზიურ​ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება გააჩნია. ჩვენ გავმართავთ სხვადასხვა ტიპის პრეზენტაციას; მსჯელობას, დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებული გეგმით დავიწყებთ ღონისძიებების გატარებას. სოფლის მეურნეობის  სამინისტრო მუდმივად მუშაობს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, მათ შორის, ფიტოსანიტარიული სამსახურის პოტენციალის ზრდისა და ტექნიკური აღჭურვის კუთხით იმისათვის, რომ  მომავალ წლებში ჩვენ უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ გამოწვევას, რომელიც გამოწვევაა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ არაერთი ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გამართული შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და აგრიჯორჯიასა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის – USAID/GHIP  ორგანიზებითა გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.