ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობას მალე ინტერნეტი ექნება და 100-ზე მეტი უშუქო სოფელი  განათდება

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეს გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ გასულ კვირას მიიღო.
ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია  ამ რეგიონში ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ათვისებას  შეუწყობს ხელს.

„მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ გასულ კვირას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ, მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ განხორციელდეს ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი ტურიზმის განვითარების მიმართულებით და რა თქმა უნდა, ინტერნეტიზაცია დამატებით ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენ მოვახდინოთ ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ათვისება ამ რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაცია თვისობრივად გარდატეხას შეიტანს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში და ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ კუთხეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა ასევე მაღალმთიან სოფლებში  ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება პირველადი დახმარების მიმართულებით.

„ეს ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, პირველადი დახმარება გაუწიონ თანასოფლელებს სასწრაფო დახმარების მისვლამდე. მოგეხსენებათ, აქამდე ეს პრობლემა მწვავედ იდგა და ხშირად ვერ ხერხდებოდა სამედიცინო დახმარების დროული გაწევა. პროგრამის ამოქმედებით პირველადი დახმარების გაწევა აღარ იქნება პრობლემა, რაც არამარტო იქ მცხოვრებთათვის, არამედ ტურისტებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა ასევე 100-ზე მეტი უშუქო სოფლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი; საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი დაფინანსებით მოხდება მზის პანელებითა და, შესაბამისად, ელექტროენერგიით 100-ზე მეტი სოფლის უზრუნველყოფა. ლაპარაკია 400-მდე ოჯახზე, რომელსაც ელექტროენერგია დღემდე არ მიეწოდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.