ფუტკრის ოჯახების დაღუპვის მიზეზი დასავლეთ საქართველოში უმეტეს შემთხვევაში ფაროსანას წინააღმდეგ პესტიციდების წესების დარღვევით გამოყენებაა
6 მარტს ქუთაისში გაიმართა მეფუტკრეთა დაანონსებული შეხვედრა, სადაც მეფუტკრეებს გავაცანით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრის დროს განხილული წერილის შინაარსი და მიღწეული შედეგი.
შეხვედრას ესწრებოდა ჩვენს მიერ მოწვეული რეგიონული კოორდინაციის უფროსი ლევან ტერაშვილი, რომელმაც უშუალოდ მეფუტკრეებისგან მოისმინა ინფორმაცია და დეტალური ანალიზი იმისა, თუ რა დარღვევებით ჩატარდა 2018 წლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები და მიმდინარე წელს მეფუტკრეებს მხარდაჭერა გამოგვიცხადა.
წლეულს, 5 მარტს თაფლის მწარმოებლებთან შეხვედრის დროს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მეფუტკრეთაგან წაყენებული 11 მოთხოვნიდან, გარკვეული ცვლილებების გათვალისწინებით,10 დააკმაყოფილა, რომელთაგან ზოგიერთი საკითხის სამუშაო რეჟიმში გადაწყვეტა მოითხოვა.
რაც შეეხება მე-11 საკითხს, (მე-11 პუნქტი შეეხება საბანკო ვალდებულებებს, იაფი აგრო სესხის რესტრუქტურიზაციას და დაზარალებული მეფუტკრეების დახმარებას) მინისტრმა დახმარების სურვილი გამოხატა მხოლოდ საბანკო ვალდებულებების იაფი აგრო სესხის რესტრუქტურიზაციაში.
დახმარებაზე უარის თქმას, შეხვედრაზე საკმაოდ საფუძვლიანი ვნებათაღელვა მოჰყვა. მეფუტკრეები ერთსულოვნად მოითხოვდნენ, რომ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომლისგანაც სახელმწიფო თაფლს ყიდულობს 14,44 ლარად თაფლი შეესყიდა დაზარალებული მეფუტკრეებისგან, რომლებსაც თაფლი უდევთ სახლში.ისინი მზად არიან, გამარჯვებულ კომპანიას ხარისხიანი, ნატურალური თაფლი ბევრად უფრო იაფად _10 ლარად მიაწოდონ.
ვთვლი რომ მათი მოთხოვნა სამართლიანია, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მრავალი მეფუტკრე ნაწილობრივ მაინც აღადგენს თავის საფუტკრე მეურნეობას და განაგრძობს ტრადიციულ, საყვარელ საქმიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ ბევრი, სამართალზე გულაცრუებული და უიმედოდ დარჩენილი მრავალი ჩვენი კოლეგა, ხელს აიღებს იმ საქმეზე, რომელსაც წლებია ასეთი გულმოდგინებით ემსახურება.
პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაცია, მართალია ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ კოლეგებს ამ სამართლიანი მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტაში დავეხმაროთ, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობებიც არ არის შეუზღუდავი თუ ხელისუფლებამაც აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად არ გადმოდგა ქმედითი ნაბიჯები.
აქვე გაგაცნობთ მიმართვის შინაარსს, რომელიც წლეულს, 5 მარტს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან განვიხილეთ, რაც სრულად წარმოადგენს იმ საჭირბოროტო საკითხების არსს, რაც დღეს ჩვენი მეფუტკრეების წინაშე დგას:
„დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებული ფუტკრის ოჯახების დაცემის შემთხვევები და საპასუხო ღონისძიებების აუცილებლობის შესახებ“
ეს დოკუმენტი შეადგინა მეფუტკრეებიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებული მრავალმხრივი ინფორმაციის დამუშავების და გაანალიზების საფუძველზე საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა იუზა გიგაშვილმა.
როგორც ბატონი იუზა განმარტავს, ამ დოკუმენტის მიზანია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კერძოდ მინისტრი ბატონი ლევან დავითაშვილი გაეცნოს პრობლემების არსს, რათა შესაბამისი დეტალური ანალიზის შემდეგ ამ მიმართვას მოჰყვეს მინისტრის პრაქტიკული წლეულს 2018 წლის მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს.
პრობლემა მდგომარეობს იმაში (ყოველივე დასაბუთებულია), რომ ფუტკრის ოჯახების დაღუპვის მიზეზი უმეტესწილად პესტიციდების წესების დარღვევით გამოყენებაა.
აი, მონაცემებიც, რომელიც მეფუტკრეების მოსაზრებებს ასაბუთებს:
1. 2018 წლის ზაფხულის ბოლოს და შემოდგომაზე ფუტკრის ოჯახების დაცემის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით უჩვეულოდ საგანგაშო ნიშნულს (20-100%) აღწევს;
2. ასეთ დროს, როგორც წესი ოჯახების დაღუპვა საფუტკრეებში გამონაკლის შემთხვევებში თუ ხდება. ოჯახების დაღუპვა ძირითადად ზამთრის მიწურულს აღინიშნება, ისიც საქართველოს შემთხვევაში მაქსიმუმ 5-10%-სშეადგენს.
3. ერთი და იგივე პირის მფლობელობაში მყოფი სხვადასხვა ადგილზე განთავსებულ საფუტკრეებში ოჯახების დაღუპვის მკვეთრად განსხვავებული მაჩვენებლები გვაქვს. (ბ-ნი გია იოსელიანის საფუტკრის მაგალითი). ამ საფუტკრის მენეჯმენტი და მეთოდიკა ერთნაირია განთავსების ყოველ ადგილზე, რაც მენეჯმენტზე დამოკიდებულ მიზეზებს პრაქტიკულად გამორიცხავს. უფრო მეტიც იმ შვიდ საფუტკრეში 22-დან, სადაც მოხდა ფუტკრის ოჯახების დასუსტება, საჭირო გახდა დამატებითი ღონისძიებების გატარება, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ მეუტკრეების ყველა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა და საფუტკრეები ზოგიერთ რეგიონებში, თითქმის 100%-ითგანადგურდა. ასეთი რამდენიმე მაგალითია.
4. მეფუტკრეები თავად არიან თვითმხილველნი იმისა, რომ ბიფენტრინი/დელტამენტრინის ნისლის ფორმით შეწამვლა დღისით, ამასთან ქარიან ამინდშიც მიმდინარეობდა, მიუხედავად სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციისა „ზონდერი 100 ეკ ფუტკრისთვის საველე პირობებში ძლიერ ტოქსიკურია.
ქიმიური წამლობისას, აუცილებელია დაცული იქნას შემდეგი რეგლამენტი:
მცენარეთა შესხურება უნდა ჩატარდეს დილით ადრე ან გვიან საღამოს;
ჰაერის ტემპერატურა არ უნდა იყოს 15 °C მაღალი;
ქარის სიჩქარე 1-2 მ/წამში;
დამცავი ზონა არანაკლებ 4-5 კმ;
ფუტკრების ფრენის შეზღუდვა-96-120 საათი.
გაურკვეველია შესაძლებელია კი აღნიშნული პრეპარატების გამოყენება, როდესაც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჰაერის ტემპერატურა აპრილის შუა რიცხვებიდან ღამითაც კი დასავლეთ 15 °C-ზე მაღალია. ასევე დაუშვებელია მისი გამოყენება ნისლის სახით, ცნობილია, რომ ნისლში მოხვედრილი ნებისმიერი მწერი უმალვე იღუპება.
5. მეფუტკრეებს ,,შემწამლავი“ ბრიგადების შეჩერება თავად უწევდათ თავიანთი ეზოების წინ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები საფუტკრეთა განთავსების ადგილებზე ინფორმაციას ფლობდნენ. ხშირად მიმდინარეობდა შეწამვლა თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის დროს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ინსტრუქციაში წერია: „კატეგორიულად იკრძალება პესტიციდის გამოყენება მცენარეთა ყვავილობის პერიოდში და მაშინ, როცა ქარების სიმძლავრე 3 მ/წმ-ზე მეტია. ასევე პესტიციდის გამოყენებამდე ხეხილის ბაღებში ლიკვიდირებული უნდა იქნეს ყვავილობაში მყოფი თაფლოვანი ბალახები“
6. ხშირად ადგილი ჰქონდა განმეორებით შეწამვლას, მეფუტკრეთა ინფორმაციით ბრიგადების მიერ თვითნებურად მომზადებული ზედმეტად კონცენტრირებული ხსნარებით.
არსებული სამეცნიერო კვლევების მონაცემები ფუტკრისთვის ბიფენტრინი/დელტამენტრინ-ის ტოქსიკურობისა და გამოყენებისას წარმოქმნილი რისკების შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს ოფიციალური ცნობით ბიფენტრინიც და დელტამენტრინიც მაღალტოქსიკური ნაერთებია ფუტკრისთვის. ფუტკრის სხეულზე პირდაპირ მოხვედრისას ისინი მის მწვავე ინტოქსიკაციას და სიკვდილს იწვევენ. ბიფენტრინი/დელტამენტრინის გამოსაყენებელი კონცენტრაცია ფუტკრის სხეულზე მოხვედრისას მის სიკვდილს იწვევს. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფუტკრისთვის ძალიან ტოქსიკური ნაერთები შეირჩა აუცილებლად უნდა მოხდეს ფუტკრის მოწამვლის რისკის შემამცირებელი სტრატეგიის ზედმიწევნით შესრულება რაც გულისხმობს:
1. მხოლოდ რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებას;
2. დოზების მკაცრ დაცვას/ კონტროლს;
3. პრეპარატის გამოყენების ჯერადობის/სიხშირის დაცვას;
4. გამოყენების ტექნიკური გზის ოპტიმალურ შერჩევას – ნისლის ფორმირებით მათი გამოყენება კატასტროფული შედეგით მთავრდება დღის საათებში პრეპარატის გაფრქვევისას, ასევე უშუალოდ საფუტკრეებთან ახლოს გამოყენებისას. ინსტრუქციაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს პრეპარატის გაფრქვევის საათები საღამოს 21.00 საათიდან დილის 5.00 საათამდე;
5. რაც შეიძლება მოკლე დროში პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციებში უნდა განხორციელდეს ცვლილებები, სადაც გათვალისწინებული იქნება ჩვენს მიერ ნდობით აღჭურვილი პირის ბ-ნი ირაკლი ჯანაშიას რჩევები. მკაფიოდ უნდა განისაზღვროს საფუტკრის ირგვლივ რა რადიუსზე უნდა დარჩეს დაუმუშავებელი ფართობი. ამას გარდა მათ უნდა მოისმინონ და შეასრულონ ჩვენს მიერ ჩამოყვანილი ამერიკელი ენტომოლოგის რჩევები. ეს ცვლილებები სასწრაფოდ უნდა აისახოს სამინისტროს ვებ გვერდზე პრეპარატის გამოყენების ელექტრონულ ვერსიაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ რედაქტირებული ინსტრუქციები მეფუტკრეებს და მონიტორინგის სამსახურს განსახორციელებლად;
6. მეფუტკრეებსა და ადგილობრივ თვითმართველობებს შორის წინასწარ უნდა გაიმართოს დიალოგი და შეთანხმება წამლობის ვადებზე.
მეფუტკრეებზე უკეთ არავინ იცის, რა დროს ყვავილობს დასამუშავებელ ფართობზე თაფლოვანი მცენარეები.
7. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ მეფუტკრეთა ასოციაციების სამ წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყონ შეწამვლის შესრულების სიზუსტის მონიტორინგი და აწარმოოს ფუტკრის ოჯახების დაცემის შემთხვევების აღრიცხვა და კვლევა. მონიტორინგის საკითხი შეთანხმებულია ბ-ნ გიორგი იაკობაშვილთან და ჩვენი მხრიდან სამი ნდობით აღჭურვილი პირის მონაცემები მივაწოდეთ მათთან შემდგომი თანამშრომლობისთვის. (თითო მეფუტკრე თითო რეგიონიდან) სამწუხაროა რომ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონი დარჩა მონიტორინგის წარმომადგენლის გარეშე;
8. ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებაში ჩართულ უშუალოდ შემსრულებელ პირებს დაევალოს აწარმოოს მკაცრი აღრიცხვის ჟურნალი სადაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენთვის საჭირო 4 გრაფა-დამუშავების დრო (რიცხვი,საათი), არსებული გარემოს ტემპერატურა, ქარის სიჩქარე და შემსრულებლის სახელი და გვარი. ასეთი აღრიცხვა დაგვეხმარება ლეტალური მიზეზების უფრო ზუსტ მიკვლევაში და გაზრდის შემსრულებლის პასუხისმგებლობას;
9. პესტიციდების წესების დარღვევით გამოყენების შემთხვევაში, თუ ეს ფაქტი აღიარებული იქნება ორივე მხრიდან მონიტორინგის სამსახურის მიერ, დაევალოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ფუტკრის ოჯახების დაცემის შემთხვევების აღრიცხვა და დაღუპული ოჯახების ანაზღაურება.
გასათვალისწინებელია, რომ წინასწარ მოხდეს საზღვარ გარეთ იმ ლაბორატორიების მოძიება, სადაც მოხდება პესტიციდებით მოწამლული ფუტკრის შემოწმება. ფუტკრის სატრანსპორტო კონტეინერების წინასწარ შეძენა;
10. იმისათვის, რომ მოხდეს მეფუტკრეობაში შექმნილი ვითარების რეალური შეფასება საჭიროა ფუტკრის ოჯახების ინვენტარიზაცია. ვინაიდან ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას გააჩნია მის ტერიტორიაზე არსებული მეფუტკრეების მონაცემები. საჭიროა მხოლოდ სპეციალური სანომრე ნიშნების დამზადება და საინფორმაციო ცენტრების აქტიური ჩარევა ინვენტარიზაციის საქმეში.მეფუტკრეებიც აქტიურად ჩავერთვებით აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში;
11. დასავლეთ საქართველოს ზოგ რეგიონში, ზოგიერთი მეფუტკრე, რომლებსაც არსებული ფუტკრის 80-100% გაუნადგურდა, ჩავარდნილია სასოწარკვეთილებაში. ამას ემატება ზოგიერთი მეფუტკრის მიერ ბანკიდან აღებული შეღავათიანი აგრო სესხი. დაზარალებული მეფუტკრეების უმორჩილესი თხოვნაა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მინისტრმა გაითვალისწინონ მათი უმძიმესი მდგომარეობა და გამოხატოს მათდამი რეალური მხარდაჭერა, დაეხმარონ მათ ფინანსურად საფუტკრების ნაწილობრივ აღდგენაში და საბანკო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაში (გადავადება, ) სულ მცირე 6 თვით.
იუზა გიგაშვილი,
„საქართველოს პოფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი