ქართულ ჯარს დაფასოებული მზა საკვები პროდუქტებით ქართული კომპანია ამარაგებს
დედოფლისწყაროში არსებული საწარმო „ნაციონალური დელიკატესი“ შეფუთული მზა საკვებით ქართულ და უცხოურ ბაზარზე თანდათან თავს იმკვიდრებს.
კომპანია „ნაციონალური დელიკატესი“ შარშან თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სატენდერო პირობებს ასაჩივრებდა. ეს იყო ჯარის „საველე ულუფით“ მომარაგების ტენდერი, რომელშიც ქართულ პროდუქტს მონაწილეობის უფლება არ მისცეს იმის გამო, რომ კომპანიას 25 წლიანი გამოცდილება და ბოლო 3 წლის განმავლობაში 4 მილიონიანი ბრუნვა უნდა ჰქონოდა. როგორც ჩანს, საბოლოოდ ტენდერი ქართული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა და 2019 წელს „ნაციონალურმა დელიკატესმა“ 100 000 ულუფით უკვე მოამარაგა ქართული ჯარი.
„ჩვენ გვინდოდა ამ ტენდერში მონაწილეობა, რადგან იგივეს ვაწარმოებთ საქართველში, რასაც თავდაცვა ყიდულობდა უცხოური კომპანიებისგან, თანაც უფრო იაფად. აქ იყო ნდობის ფაქტორი, რადგან ჯარის უსაფრთხოება გაცილებით მეტად კონტროლდება. ჩვენ ახალი კომპანია ვიყავით და ისეთი გამოცდილება მოითხოვეს, რომელიც ჩვენ არ გვქონდა. თუმცა, მერე სხვა პუნქტები ჩაიდო ტენდერის პირობებში – ეს იყო ფინანსური შესაძლებლობები, ჰიგიენა, სერთიფიკატები, აღიარება სოფლის მეურნეობაში. მანამდე რამდენიმე პატარა ტენდერი ჩავაბარეთ სახელმწიფო ორგანოებს და ესეც დაგვეხმარა გამოცდილებაში. წელს უკვე საკმაოდ დიდი მიწოდება გვქონდა ქართული ჯარისთვის. 5 თვიანი პროექტი გავაფორმეთ და საველე შესყიდვებით წელს 100 პროცენტით თავდაცვის სამინისტრო ჩვენ მოვამარაგეთ. საველე ულუფა არის სპეცალური პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია 16 კომპონენტი – პირველი კერძი, მეორე კერძი, ორცხობილა, შოკოლადი, ქიშმიში, ჯემი და ა.შ. – ყველაფერი ქართულია. ამ ყველაფრის შენახვის ვადა უნდა იყოს ორი წელი.“ – ამბობს კომპანია „ნაციონალური დელიკატესის“ დამფუძნებელი ოთარ სიმონიშვილი.
საველე ულუფა გულისხმობს მშრალ საკვებს, რომელსაც წვრთნებისა და დავალებების დროს საველე პირობებში ჯარის ქვედანაყოფი მოიხმარს. ლობიო ლორით, ბრინჯი ძროხის ხორცით, სუპ ხარჩო, ქათმის ჩახოხბილი, ლობიო, აჯაფსანდალი, ბრიკოლისა და სიმინდის სუპი, სოკო ტარხუნით, მწვადი, შებოლილი ღორის ხორცის ლორი – ესაა ის ძირითადი პროდუქტები, რასაც „ნაციონალური დელიკატესი“ აწარმოებს. რაც შეეხება პროდუქტის ღირებულებას, როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს,თითოეული პროდუქტის ღირებულება 3,5 ლარიდან 5 ლარამდე მერყეობს.
„ჩვენ მოვახდინეთ გადაიარაღება, ვამონტაჟებთ ახალ მანქანა-დანადგარებს, რომელიც ჩვენს მიწოდებას მინიმუმ გაასამმაგებს. ორი თუ სამი თვის წინ შეფუთული მწვადის და შებოლლილი ლორის დაფასოება და გაყიდვა დავიწყეთ. ტენდერში ვიღებთ მონაწილეობას, ექსპორტზე გაგვაქვს თუ საქართველოსთვის მზადდება პროდუქტი, ეს აუცილებლად მოწმდება ლაბორატორიულად, ISO-ს სტანდარტები დანერგილია და სუსრსათის უვნებლობის შემოწმება გავლილი გვაქვს“- ამბობს ოთარ სვიმონიშვილი.
იანვრიდან კომპანიის პროდუქცია პოლონეთში უკრაინასა და რუსეთში სისტემატიურად გავა გასაყიდად.
მარიამ მორგოშია,
წყარო: commersant.ge