ქართული ღვინის ექსპორტისთვის აფრიკის ბაზარი სერიოზულია, ცუდია, რომ ამ მიმართულებით არავინ ინტერესდება

ბერდია ყამარაული, ბიზნესმენი, უკვე 16 წელია  დიდი ბრიტანეთში ცხოვრობს. თავდაპირველად მან დააფუძნა საინფორმაციო ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Centigen (სენტიჯენი). სულ რაღაც 3 წლის წინ კი Cenimex-Georgian Wine Club (London)-სენიმექსი-ლონდონის ქართული ღვინის კლუბი, რომელიც დიდი ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს.
 გთავაზობთ ინტერვიუს ქართველ ბიზნესმენთან:

_ ბატონო ბერდია,  2015 წლიდან Cenimex-Georgian Wine Club (London)-სენიმექსი-ლონდონის ქართული ღვინის კლუბი დააფუძნეთ, რომელიც დიდი ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს. დღევანდელი მდგომარეობით, რა რაოდენობით ღვინის ექსპორტს ეწევით და კონკრეტულად რომელ ობიექტებში?

_ ამჟამად სერიოზულად, მინიმუმ 4 იმპორტიორი  მუშაობს, ლონდონში ყველას შემოაქვს ღვინო, დაახლოებით იგივე რაოდენობის, რაც ჩვენ. ქართული ღვინო დიდი რაოდენობით არ იყიდება, რადგან ევროპაში,განსაკუთრებით, დიდ ბრიტანეთში  დიდი  კონკურენციაა. ზრდა ყოველწლიურად არის, მაგალითად, გასულ წელს, რა რაოდენობაც გავყიდეთ წლის განმავლობაში, ის რაოდენობა 2019 წლის ორ კვარტალში  გაიყიდა. ანუ ზრდა შესამჩნევია, მაგრამ ისეთი არ გვაქვს, როგორიც ჩვენ გვინდა. აქ დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებით საფრანგეთის, ესპანეთის და იტალიის მხრიდან.

– კონკრეტულად რომელი კომპანიის ღვინის ექსპორტი ხდება?

– ჩვენ რაც შემოგვაქვს ეს არის ბადაგონი, კომპანია „ვაზიანის“ „მაყაშვილის ბრენდი“  და „ლაგვინარი“.

– რამდენად პოპულარულია ქართული ღვინო ბრიტანეთში, კონკრეტულად, რომელი სახეობის ღვინოა მოთხოვნადი?

– ყველაზე მოთხოვნადი მაინც საფერავი და მწვანეა, ქვევრის ღვინოებიდანქისი, რომელიც არის მაყაშვილის ბრენდის, ის საკმაოდ პოპულარულია.

– ქართული ღვინო  რითეილის ქსელში უფრო მოთხოვნადია თუ ჰორეკას სექტორში?

– ძირითადად რესტორნებში შეგვაქვს, ასევე ვაწვდით  რამდენიმე სასტუმროსა და მაღაზიას. ძირითადად, პრემიუმ კლასის ადგილებში ვართ წარმოდგენილები. ამჟამად ვამარაგებთ 3 რესტორანს, რომლებიც არიან მიშელინის ვარსკვლავით. აქედან ერთი არის სამი მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი. აქ სამივე კომპანიის ღვინო იყიდება (ბადაგონი, ვაზიანი და ლაგვინარი). გარდა ამისა, გვაქვს ვებ-გვერდი, სადაც ჩვენი ღვინოები ონლაინ იყიდება.

– დიდ ბრიტანეთში მდებარე ცნობილი ბიზნესმენის, ევგენი ჩიჩვარკინის კომპანია  „ჰედონიზმში“ თუ შედის ქართული ღვინოები და რომელი კომპანიის?

ჩიჩვარკინის კომპანიის  მიმწოდებელი ჩვენ ვართ, რომელსაც სამი წელია უკვე  დაახლოებით 6 სახეობის ღვინოს ვაწვდით,  ესენია „ლაგვინარი“ და ბადაგონი.

–„ჰედონიზმში“ ჩვენი ღვინოები რა ფასად იყიდება?

– ჩვენი ღვინოები „ჰედონიზმში“ 20-50 ფუნტად იყიდება, გამომდინარე ღვინის კატეგორიიდან. ქვევრის ღვინო ყველაზე ძვირია.

– არის თუ არა ქართული ღვინო უკვე ბრენდი ბრიტანეთში?

– კი ნამდვილად არის ბრენდი. როდესაც ჩვენ დავიწყეთ 2015 წელს ღვინის გატანა, ქართულ ღვინოს ვინც სინჯავდა, თითქმის ყველას უკვირდა, რომ საქართველო ღვინოს აკეთებდა.  3-4 წელიწადში ეს დამოკიდებულება შეიცვალა იმ მხრივ, რომ უმრავლესობას ქართული ღვინო გაუგია. განსაკუთრებით, წითელ და ქართულ ქვევრის ღვინოებს.  დღეს ქართული ღვინო ბრიტანეთში ნამდვილად ყალიბდება როგორც ბრენდი.

– მთავრობამ საექსპორტოდ ორი მთავარი ბაზარი გამოარჩია – ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. თქვენი აზრით, ქართული ღვინისთვის ეს ორი ბაზარი რამდენად სტრატეგიულია და კიდევ რომელი ქვეყნის ბაზარს გამოყოფთ, სადაც ღვინის გატანა შეგვიძლია?გარდა ამისა, ჩინეთი თავად ხდება ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, გამომდინარე აქედან, რამდენად პერსპექტიულია საქართველოსთვის ეს ბაზარი?

– ჩინეთი და ამერიკა ნამდვილად დიდი ბაზარია და ვერ ვიტყვი იმას, რომ მთავრობამ არასწორი მიმართულება აიღო. ამერიკა სტაბილური ბაზარია და მივესალმები. ჩინეთი კი საკმაოდ პრობლემური ბაზარია, მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, როგორც ვიცი არ იყიდებოდა ქართული ღვინის ის რაოდენობა რაც განსაზღვრული იყო. ჩემი აზრით, არ უნდა დაივიწყონ ევროპის ბაზარი, რადგან ჩინეთის მომხმარებელი არ არის ის, რაც ევროპის. ჩინეთში უფრო ძნელად გაყიდვადია პრემიუმ ღვინო, ვიდრე ევროპის ბაზარზე. არ შეიძლება ყველაფერი ჩინეთის ბაზარში ჩაიდოს, დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სიტუაცია არ განმეორდეს. ძალიან მნიშვნელოვანია სკანდინავიის და აფრიკის ბაზრებიც. აფრიკის მიმართულებით ჩვენც გვაქვს გეგმები და მოლაპარაკებებს ვახორციელებთ. აფრიკის ბაზარი ძალიან სერიოზული ბაზარია, ცუდია, რომ ამ მიმართულებით არავინ ინტერესდება.

– ბოლო პერიოდია, საქართველოში მეღვინეები ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის რეგულირებას ითხოვენ. მათი ნაწილი აცხადებს რომ რესტორნებში ფალსიფიცირებული ღვინო იყიდება, რაც სექტორზე ნეგატიურად აისახება. ისინი ხარისხის კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ. თქვენ რამდენად აწყდებით ამ პრობლემას და როგორ თვლით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს?

– კონტროლი უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ფალსიფიცირების გაკეთება აქ ცოტა ძნელია, იმიტომ რომ როგორც ვიცი ღვინის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს იმას თუ რა გამოდის ექსპორტზე. როგორც ვიცი, საქართველოდან ღვინის გამოტანა ექსპორტზე მხოლოდ ბოთლებით ხდება, რაც ძალიან კარგია და  ფალსიფიცირებას ზღუდავს. ასევე სააგენტომ გაამკაცრა სერტიფიკატების გაცემა,ყოველ ექსპორტზე ახალი უნდა გაიცეს, რასაც მივესალმებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ფალსიფიცირება  შიდა ბაზრის პრობლემა უფროა და წესით საქართველოშიც უნდა გამკაცრდეს, რადგან ტურისტების რაოდენობა იზრდება და მათ არ უნდა დარჩეთ ღვინოზე ცუდი შთაბეჭდილება.

– ლონდონის რესტორნებში როგორ ხდება ღვინის შეტანა და ხარისხის  კონტროლის რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს?

– კვების და სასმელის კონტროლის სააგენტოა ლონდონში, რომელიც აკონტროლებს რესტორნებსაც და იმპორტიერებსაც. წელიწადში ორჯერ ჩვენთან შემოდის კომისია, რომელიც ამოწმებს ყველაფერს, მათ შორის საწყობს, საბუთებს, ეტიკეტს, ხარისხის სერტიფიკატს და ა.შ.

ჩვენ დარღვევები არ გვქონია, ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც ახალი ღვინო შემოვიტანეთ, ჩვენსა და მომწოდებელს შორის გაუგებრობა მოხდა და ეტიკეტზე არ იყო დაწერილი ის, რაც უნდა ყოფილიყო და კომისიამ  მოგვთხოვა შეცვლა.

– წლებია დიდ ბრიტანეთში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ, შეხება გაქვთ ადგილობრივ ბიზნესწრეებთან. როგორია ბრიტანელების დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით?

– ბრიტანეთში ამჟამად ცოტა გაუგებარი სიტუაციაა „ბრექსიტის“ პრობლემიდან გამომდინარე, ამიტომ ცოტა ძნელია მაგაზე პროგნოზის გაკეთება, რეალურად მეც არ მქონია არავისთან შეხება ვინც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილს გამოთქვამდა. თუმცა, ბრიტანეთის მთავრობა დაინტერესებულია მოლაპარაკებები ევროგაერთიანების გარეთ დაიწყოს. გარდა ამისა, საქართველო მგონი პირველია პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვინც ბრიტანეთთან გააფორმა ხელშეკრულება ამ მიმართულებით, რაც ძალიან კარგია. საქართველოში ბრიტანეთიდან ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, რაც უკვე კარგი მაჩვენებელია, მაგრამ მათთვის ქვეყნის სტაბილურობა მთავარია.

სოფო ქსოვრელი,

წყარო: Commersant.ge