ქართული პურის დღესასწაული

“ქარხნის ცომ-პურა მომძულდა, ვარ დედა-პურის ნატრული, მოლურჯო პური მომსურდა, პური მომსურდა ქართული”.

მურმან ლებანიძე


გადაშენების პირას მდგარი და იშვიათი ქართული მარცვლოვანი კულტურის პოპულარიზაციისა და გადარჩენის მიზნით 20-21 ოქტომბერს თბილისის ბოტანიკურ ბაღში, პირველად, პურის ფესტივალი მიმდინარეობს, რომელშიც ოცდახუთამდე მცირე და მსხვილი მეწარმე მონაწილეობს.

ფესტივალზე ენდემური ძველი ქართული ხორბლის ჯიშების ფქვილისგან გამომცხვარი მრავალნაირი პური: შოთი, ლავაში, სხვადასხვაგვარი ბატონები, მახობელიანი მოლურჯო პურიც იყო წარმოდგენილი, რომელთაც საოცარი გემო და არომატი აქვთ.

შეუძლებელია, მცირე სიძვირის მიუხედავად, ბაზარზე ჩვეულებრივ პურთან შედარებით მათზე მოთხოვნა არ იყოს.

ფესტივალზე წარმოდგენილ იყო, მარცვლეულის მწარმოებელი კომპანია „ლომთაგორა“,  რომელიც წლებია ინახავს და საკუთარ სანერგეში ამრავლებს უძველეს ქართულ ჯიშებს, გამოჰყავს ახალი ქართული ჯიშები და საუკეთესო უხვმოსავლიანი თანამედროვე ქართული ხორბლის თესლს აწვდის ფერმერებს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, ასევ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც აქტიურად ცდის სხვადასხვა ხორბლის ჯიშებს, რეგიონებში აწარმოებს სამეცნიერო კვლევებსა და ხელს უწყობს ხორბლის კულტურის წარმოების დანერგავს, იმ რეგიონებში _ რაჭაში, ლეჩხუმში, იმერეთში, სადაც ის ტრადიციულად გასული საუკუნის 90-იან წლებამდე მოჰყავდათ.    

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ მიმოზა მაისაიას განმარტებით, საქართველოში ხორბლის 12 სახეობაა აღწერილი, რომელთაგანაც ხუთი ენდემური _ ქართული ჯიშია. აღსანიშნავია, რომ ქართული ხორბალი სხვა ხორბლისგან გამორჩეულია სხვადასხვა დაავადების მიმართ გამძლეობითა და გარემოსთან ადაპტაციის მაღალუნარიანობით. ამ თვისებების მიუხედავად უძველესი ხორბლის _ მარცვლეული კულტურების ენდემური ჯიშები გადაშენების ზღვარზეა, ამიტომ ბოტანიკური ბაღი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს ძველი ქართული ხორბლისა და სხვა მარცვლეულის  ენდემური ჯიშები „მახა“, „ზანდური“, „ძველი კოლხური ასლი“, “ჟუკოვსკის ხორბალი“, „შავფხა“, „დიკა“ და სხვა გაამრავლონ, რითაც ისინი ქართული გენოფონდის დაცვას შეუწყობენ ხელს.

გემოვანი პურის ქარხანა „მზეთა მზე“ 2015  წელს დაარსდა და პურს ყოველგვარი დანამატის გარეშე, მხოლოდ ქართული ხორბლით აცხობს. დღესდღეობით კომპანია სამი სახეობის ხორბლისგან ხუთი სახის პურს აწარმოებს. 

გიორგი ქესტაშვილის თქმით მათთვის მნიშვნელოვანია ქართული ხორბლის კულტურა აღდგეს და განვითარებისთვის კომპანია ფერმერებს თავად სთავაზობს, რამდენიმე სახის ქართული მარცვლის მოყვანას, რითაც ბაზარზე მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტი გაიზრდება და კონკურენციას გაუწევს უცხოეთიდან შემოსულ ანალოგიურ პროდუქტს.

ფესტივალში მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი პურის კომპანია „იფქლი დიღომი“  მონაწილეობდა, რომელიც ტრადიციული ტექნოლოგიით 25 პურისა და 50-ამდე ფუნთუშის სახეობას 1999 წლიდან  აწარმოებს.

როგორც „იფქლი დიღომის“ მარკეტინგის მენეჯერმა სოფო ბედიაშვილმა მითხრა, მათი კომპანია ნოვატორია პური ბატონის წარმოებაში. ისინი მესამე წელიწადია ჯანდაცვის სამინისტროს თანხმობით მაღალი ხარისხის დიაბეტურ პურს აწარმოებენ. კომპანიას  დედაქალაქისა და მის შემოგარენის დასახლებები სრულად აქვს ათვისებული, ხოლო 2019 წლიდან მთლიანი შიდა ბაზრის ათვისებასთან ერთად, ქართული პურის რამდენიმე ქვეყანაში გატანასაც გეგმავენ.

საოჯახო მცირე საცხობი „ანეული“, ერთ-ერთია, რომელიც საზოგადოების წინაშე პირველად სწორედ ამ ფესტივალზე წარსდგა.  ანეულის პურის მწარმოებლის ნინო ყურნაშვილის თქმით საოჯახო პირობებში სრულიად ნატურალურ პროდუქტს ქმნიან, ხოლო დაახლოებით ერთ თვეში პროდუქტის წარმოებაში ჩაშვებას გეგმავენ.

საოჯახო საცხობის „ნინეს“ წარმომადგენლის თქმით მათთვის მნიშვნელოვანი ხარისხია და არა გაყიდული პურის რაოდენობა, შესაბამისად მათი მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილია, ხოლო მწარმოებელი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ გაფართოებას არ გეგმავს, რადგან შესაძლოა პროდუქციის წარმოების გაზრდა ხარისხზე ცუდად აისახოს.

ფესტივალის ორგანიზატორმა თამაზ დარჩიძემ მიმდინარე ფესტივალი შეაფასა და აღნიშნა, რომ ის წარმატებული აღმოჩნდა, როგორც კომპანიების ასევე მომხმარებლის აქტივობის მხრივ. ბოტანიკური ბაღის დირექტორი განმარტავს, რომ ქართული ხორბლის პოპულარიზაციის გაზრდის გარდა პროექტი მიზნად თავად ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციასაც ისახავდა. სწორედ ამიტომ ორგანიზატორები ბაღში რამდენიმე სახის პროექტს კვლავ აანონსებენ, რაც მომხმარებლისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

სალომე კაპანაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.