ქართული ქათამი გაძვირდება ან ბაზრიდან საერთოდ გაქრება“ – მეფრინველეები მთავრობის გადაწყვეტილებაზე

ქათმის ხორცის ადგილობრივი მწარმოებლები პროდუქტის გაძვირებას და წარმოების დახურვას პროგნოზირებენ. ამის მიზეზად ისინი  დღეიდან ამოქმედებულ იმ ნორმატიულ აქტს ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში წარმოებულ ფრინველის ხორცზე მწარმოებელს დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევს.  

კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2017 წლის 24 აგვისტოდან  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ კანონით, განისაზღრა სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური.  მათ შორისაა ფრინველის ხორცის ვეტერინარული შემოწმება, ე.წ. ფორმა N2 -ი. შესაბამისი დოკუმენტის გაცემა კი 1 ფრთა ქათამზე  5 თეთრით განისაზღვრა.

 

/

 

„კომერსანტთან“ ადგილობრივი მწარმოებლების ნაწილი აცხადებს, რომ მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება და ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ქართული წარმოებისთვის ხელის შეშლა.  შპს „განთიადის“ (მუხრანის ქათამი) დირექტორი ელგუჯა ნოზაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მწარმოებლები აიძულა, რომ ყოველ დაკლულ ქათამზე აღნიშნული გადასახადი გადაიხადონ. მწარმოებელი აცხადებს, რომ მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესთან შეუთანხმებლად, ერთპიროვნულად მიიღო, რაც ძალიან ცუდია.

„ჩვენ არ ვიყავით გაფრთხილებულები, გუშინ სურსათის ეროვნული სააგენტოდან დაგვირეკეს და ულტიმატუმის წესით გაგვაფრთხილეს, რომ მათთან უნდა გაგვეფორმებინა ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმებს დაგვარიცხებდნენ. ეს არასწორი ნაბიჯია და ჩვენი მთავრობისგან სირცხვილია“ – აცხადებს ნოზაძე.

მისი მტკიცებით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მეფრინველეობის, როგორც კვერცხის, ისე ხორცის წარმოების ხელშეწყობა ხდება. უფრო მეტიც, ყველა ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება სუბსიდირებულია. „ჩვენ დღგ-ს გადასახიდითაც ვიბეგრებით და ახლა თითო ფრთა ქათამზე 5 თეთრიც დაგვიმატეს. ვითომ არაფერია, მაგრამ ეს ჩვენთვის, მწარმოებლებისთვის დიდი ხარჯია“ – აცხადებს ნოზაძე.

მისი პროგნოზით, შექმნილი ვითარების გამო ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ფრინველის ხორცი გაძვირდება, არ არის გამორიცხული წარმოების შეწყვეტაც.  „ქართული ქათამი გაძვირდება ან ბაზრიდან საერთოდ გაექრება“, – აცხადებს ნოზაძე.

მისი ინფორმაციით, შპს „განთიადი“ დღეში დაახლოებით 1000-1500 ფრთა ქათამს აწარმოებს. შედეგად, კომპანიას დღეში დამატებით  მინიმუმ  50 ლარის გადახდა მოუწევს.

ფრინველის ხორცის  წარმოების  შეწყვეტას არ გამორიცხავს  კომპანია „ჩირინას („ბიუბიუ“) დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძეც. ბიზნესმენისთვის გაურკვეველია რატომ დასჭირდა მთავრობას აღნიშნული გადასახადის შემოღება მაშინ, როდესაც ქვეყანაში თითქმის ყველა მსხვილ მწარმოებელს დანერგილი აქვს  HACCP-ის ( Hazard Analysis Critical Control Point)  – საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა. მათ შორის, კომპანია „ჩირინასაც“. შესაბამისად, ხარისხიც კონტროლდება. ვაშაკიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, მწარმოებლებმა  სახელმწიფოს ხორცის უვნებლობის დამადასტურებელი მოწმობა, ფორმა N2-ის გაცემაში ფული უნდა უხადონ. მისი თქმით, ეს 5 თეთრი ჯამში პატარა თანხა არ გამოვა.

რევაზ ვაშაკიძის განცხადებით, დღეში კომპანია „ჩირინა“ დაახლოებით 30 000 ფრთა ქათამს აწარმოებს. ახალი რეგულაციით კი კომპანიას დღეში 1500 ლარის გადახდა მოუწევს, თვეში კი ეს ციფრი 45 000 ლარი იქნება.

ვაშაკიძე აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაცია აუცილებლად გააძვირებს ბაზარზე ქათმის ხორცს. ბიზნსმენები ქათმის ხორცის წარმოების შეწყვეტასაც არ გამორიცხავს. „უფრო რენტაბელურია ქათამი შემოიტანონ თურქეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან და აქ გაყიდო. ჩვენ რას ვიზამთ. ეს არის ძირითადად „ჩირინას“ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. რადგან საქართველოში სასაკლაოები ან ძალიან მცირეა ან საერთოდ არ არის“ – აცხადებს ვაშაკიძე.

როგორც ვაშაკიძე განმარტავს, საქართველოში ფრინველის ხორცის წარმოება არ ღირს.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

წყარო: commersant.ge