„ქართული ზეთისხილის“ ზეთი უკვე სავაჭრო ქსელ „კარფურში“ იყიდება

 „ქართული ზეთისხილი“ უკვე იყიდება და მისი შეძენა დღეიდან Carrefour-ის ქსელში შეიძლება.

ზეთისხილის საწარმო სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მდებარეობს, რომელიც ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით გაიხსნა და წარმოებული პროდუქცია უკვე საცალო ქსელშიც გაეშვა.

პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი ლარია, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა.

გიორგი სვანიძის  განმარტებით, „ქართული ზეთისხილი“ ქსელში 250 გრამიანი, 500 გრამიანი და 1 კგ-იანი შეფუთვითაა წარმოდგენილი.

როგორც ბიზნესმენი ამბობს, ზეთისხილის შეტანაზე მოლაპარაკებები მიმდონარეობს ასევე „აგროჰაბთან“. რაც შეეხება ექსპორტს, როგორც გიორგი სვანიძე განმარტავს ამ მხრივ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. საწარმომ პირველ ეტაპზე 30 ტონა ზეთისხილი გადაამუშავა.

ზეთისხილის საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.

საწარმოში სამომავლოდ დაგეგმილია წიპწის, ბროწეულის და ატმის კურკის ზეთის წარმოების დაწყებასაც.

ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ( საათში 10 ტონა) ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას ქმნის. აქ ნაწარმოები ქართული ზეთისხილის პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთის, ასევე საექსპორტოდ. კომპანიის უახლოესი ამოცანაა პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ-ს ბაზარზე გაიტანოს.

ქართული ზეთისხილის კულტურის აღორძინებაზე ზრუნვა 7 წლის წინათ, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და ქართული დიასპორის თანადგომით დაიწყეს. ამ უნიკალურ პროექტში კომპანიებმა „ქართული ზეთისხილი“ და „ჯეო ოლივი“ რამდენიმე მილიონიანი ინვეტიცია განახორციელა, რის შედეგადაც 300 ჰექტარზე ზეთისხილის პლანტაცია (250 ათასი ზეთისხილის ნერგი) გაშენდა.

ბიზნესჯგუფს, რომელსაც საქართველოში გიორგი სვანიძე ხელმძღვანელობს, ქვეყანაში უკვე განხორციელებული აქვს ინვესტიცია უძრავი ქონების, სამშენებლო, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროებში. ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა 18 მილიონი ლარია. ჯგუფს 800 ადამიანი   ჰყავს დასაქმებული.

წყარო: http://ghn.ge