ქართველი მერძევეები სერბეთის მეცხოველეების გამოცდილებას გაეცნენ

მერძევეობის დარგში არსებული გამოწვევების ფონზე საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰექსეფერის“ პროექტმა  „MOLI კახეთში“ რძის ინდუსტრიაში ჩართული მეწარმეებისთვის, ასოციაციებისა და სურსათის უვნებლობის ინსპექტორებისთვის სერბეთში 1 კვირიანი სასწავლო ტური მოაწყო. აღნიშნულ სწავლებაში  „მომავლის ფერმერიც მონაწილეობდა“. სასწავლო ტურის მიზანი იყო რძის გადამმუშავებელ საწარმოებს და მათი მაკონტროლებლბებს ერთად შეესწავლათ სერბეთის  მეცხოველეობის განვითარების, რძის წარმოებასა და გადამუშავებაში ევროპული სტანდარტების დანერგვაში მიღებული გამოცდილება.

სასწავლო ტურის ფარგლებში ქართველი მეწარმეები და სპეციალისტები სერბეთის მეცხოველეობის სექტორის გამოცდილებას გაეცნენ.   შეხვედრები გაიმართა რძის ინდუსტრიაში ჩართულ ყველა მონაწილე რგოლთან: მეწარმეებთან, ფერმერებთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ლაბორატორიებთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან.

სერბეთის გამოცდილება საკმაოდ საინტერესოა საქართველოსთვის, რადგან აღნიშნული ქვეყანაც  ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას ადგას,  სადაც, რძის სექტორისთვის საკანონმდებლო დაახლოების პროგრამა მიმდინარეობს. როგორ გადაჭრეს ამ პროცესში რძის არსებული მტკივნეული საკითხები, როგორ მუშაობს დღეს მერძევეობის დარგში, სურსათის უვნებლობის სისტემა, სწორედ  ეს თემები იყო ძირითადი, რაზეც სასწავლო ტურის ფარგლებში სერბეთის კერძო და საჯარო უწყების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. საინტერესოა, რომ სერბეთში 48 ექსპორტიორი კომპანიაა, რომლებიც ადგილობრივი რძის პროდუქციით სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის ბაზარსაც ამარაგებენ.

რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სასწავლო ტურის მონაწილეები და რა გამოცდილება შეიძინეს სერბი კოლეგებისგან?

ნიკოლოზ ბენიაიძე, „შირაქის პროდუქტების“ დამფუძნებელი, მერძევეთა ასოციაციის დამფუძნებელი: „საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა. არის საკითხები, რომელთა გაზიარებაც წაგვადგებოდა, მაგალითად ის, რომ დღემდე გაურკვეველია ჩვენთან როგორ უნდა დავარეგულიროთ მიკვლევადობის საკითხები გლეხებისა და წვრილი მეწარმეებისთვის. სერბებმა შექმნეს ისეთი ჯაჭვი, სადაც თითოეული მონაწილე რგოლი ერთმანეთს აკონტროლებს და ურთიერთმონიტორინგის პროცესშია. ეს უადვილებს სახელმწიფოს მიკვლევადობას და მომხმარებელი უვნებლობის კუთხით დაცულია. მაგალითად,  გადამმუშავებელი, რომელიც იბარებს რძეს, თუ აღმოაჩენს, რომ მიღებულ რძეში არის ანტიბიოტიკის ნარჩენები, ამ კონკრეტულ ავზში ჩასხმული რძე სრულად ნადგურდება, ზარალს კი  ის ფერმერი ანაზღაურებს, რომელმაც  ასეთი რძე მოიტანა ჩასაბარებლად. მოწოდების პროცესში, როდესაც გადამამუშავებელი იბარებს რძეს, თითოეული მომწოდებლისგან იღებს ნიმუშებსაც, რათა თუკი ავზში აღმოჩნდება კონკრეტული შეუსაბამობები, ლაბორატორიულად დაასაბუთოს ასეთი რძის წარმომავლობა. ასევე, თავად რძის მწარმოებელი ფერმერი ვალდებულია წელიწადში რამდენჯერმე შეამოწმოს რძე რამდენიმე პარამეტრზე, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტების და რაიონების დონეზე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა არც სერბეთშია მოწყობილი, ისინი კარგად იყენებენ ექსტენციის ცენტრებს და მათი გავლით ხდება ლაბორატორიაში ნიმუშების მოწოდება – ყოველდღიურად მოძრაობენ ლაბორატორიის სპეცმანქანები, რომლებიც მწარმოებლის და გადამმუშავებლის მიერ ექსტენციის ცენტრში დატოვებულ ნიმუშებს აგროვებენ. პასუხები იტვირთება სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია დამკვეთი ფერმერისთვის, იმ გადამმუშავებლისთვის, რომელსაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ფერმერთან და სურსათის უვნებლობის მაკონტროლებელი უწყებისთვის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერბეთში  ფერმერი 100 ევროთი ჯარიმდება, თუკი დაურეგისტრირებელი საქონელი ჰყავს, ბევრად მაღალი ჯარიმაა, ვინც ასეთი ფერმერისგან რძეს ჩაიბარებს. ფერმერი ვალდებულია აიღოს ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც ცხოველთა იდენტიფიცირების პროგრამის განუყოფელი ნაწილია. აქტიურად მუშაობს მერძევეთა ასოციაცია და ვფიქრობ, ეს მოდელი ჩვენთან კარგი იქნებოდა. ჩვენი ასოციაცია აპირებს ამ მიმართულებით გააქტიურებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“.

რუსუდან გიგაშვილი, „მომავლის ფერმერი“: „სერბეთს აქვს რძის სექტორის განვითარების სტრატეგია და ხედვა, რა უნდათ და საით მიდიან. საინტერესოა, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან კვლევითი და სამეცნიერო წრეები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. რამდენჯერმე გაესვა ხაზი იმას, რომ რძის ინდუსტრიის განვითარება პირდაპირპროპორციულად აისახება ეკონომიკაზე და ამაზე სერბეთში ბევრს ფიქრობენ. როდესაც რამდენიმე წლის წინ დაიწყეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესი, მიხვდნენ, რომ სხვაგვარი მუშაობა იყო საჭირო. იქაც, როგორც ჩვენთან ბევრი წვრილი ფერმერია და ცოტაა მსხვილი. არაპროდუქტიული ჯიშებისა და მიუკვლევადი პროცესები მნიშვნელოვან ჩრდილს აყენებდა ეკონომიკას. ამ პრობლემების გადასაწყვეტად, მოიფიქრეს, რომ პირველ რიგში, უნდა წახალისებულიყო ფერმერი და გაეჩინათ მოტივაცია ნედლი რძის მწარმოებლისთვის. ამიტომ სახელმწიფომ კერძო სექტორთან აქტიური მუშაობის შედეგად გადაწყვიტა, შეეჩერებინა სხვა სახის, ხშირად არაეფექტური სუბსიდიები და ეს თანხები რძის ინდუსტრიისკენ მიემართა. ვინც გააუმჯობესებდა ჯიშს, წელიწადში 200 ევროს ოდენობით სუბსიდიას მიიღებდა, ასევე, იღებენ დახმარებას თითოეული ნაწარმოები ლიტრი რძისთვისაც. ამან მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია და სერბმა ფერმერებმა მასობრივად დაიწყეს ჯიშების გაუმჯობესება. სერბეთში ნაწილობრივ სუბსიდირებულია საქონლის დაზღვევაც. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ფიქრი არ გვაწყენდა, მით უფრო, რომ ჩვენი აქილევსის ქუსლი, სწორედ არაპროდუქტიული ჯიშები და მაღალი რისკებია“.

ბესიკ თოფჩიშვილი, გადამმუშავებელი საწარმო: „პირადად ძალიან მომეწონა დამოკიდებულება, რომ ჰასპის სტანდარტი ერთი ხელის მოსმით ყველა მწარმოებლისთვის სავალდებულო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანაც ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროგრამას ახორციელებს, არსებობს დიფერენციაცია და მცირე მწარმოებლებს მოეთხოვებათ ჰიგიენის სპეციალური წესების დაცვა და ისეთი სტანდარტის დანერგვა, რასაც მათი ჯიბე გაწვდება. ის, ვინც დღეში 1 ტონამდე რძეს ამუშავებს და ვინც 20 ტონას, განსხვავებული მიდგომაა. თუმცა, მცირე მეურნეობებსაც ისეთი სტანდარტი მოეთხოვებათ, რომლითაც მომხმარებელი დაცული იქნება.  ასევე სხვა მოთხოვნებია  ტრადიციული საწარმოებისთვის, რომლებიც სპეციალური რეცეპტით ამზადებენ რძის პროდუქტს“.

კახაბერ კონიაშვილი, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია – საქრძე: „ყველაზე მეტად საინტერესო იყო კერძო სექტორის აქტიურობა – ერთის მხრივ რძის მწარმოებელი და გადამმუშავებელი საწარმოები და მეორე მხრივ, მათი ასოციაციები დიდ როლს ასრულებენ სისტემის გამართულობაში.  ასოციაციები ზრუნავენ გადამმუშავებლებისა და ფერმერების სწორ ურთიერთკავშირზე, რის შედეგადაც გადამმუშავებელმა საწარმოებმა დიდი პასუხისმგებლობა იტვირთეს. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანია  ახორციელებს  გრძელვადიანი სესხის გაცემას  უზრუნველყოფის გარეშე რძის ისეთი მწარმოებელი ფერმერებისთვის, რომლებსაც საქონლის ჯიშობრივი გაუმჯობესება ან  ინფრასტრუქტურის გამოცვლა სურთ.  ასევე, მუდმივად მუშაობენ ასოციაციების გავლით ფერმერების ცოდნის ამაღლებაზე. რისი საბოლოო მიზანი და  გადამამუშავებელი საწარმოს ინტერესი   თითოეული ფერმერისგან  მეტი და ხარისხიანი რძის მიღებაში გამოიხატება.

ასოციაციები ზრუნავენ სექტორის სახელის მოხვეჭაზე, გაძლიერებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ინდუსტრიის საჭიროებების კვლევასა და მხარდაჭერაზე, სტანდარტების დანერგვაზე და სხვ. რძის გადამამუშავებელი კომპანიები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გაერთიანებით და ასოციაციის გავლით ბევრად ძლიერები იქნებოდნენ. ჩვენ სწორედ ამ გზას მივყვებით. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ყველა მოთამაშე მივა იმ დასკვნამდე, რომ გაერთიანებისა და ერთიანი პოლიტიკის წარმოების გარეშე ამინდს ვერ შევქმნით. სწორედ ერთიანობამ აიძულა სერბეთის ხელისუფლება კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა. კერძოდ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებმა ცნობილი მიზეზების გამო სცადეს დემპინგურ ფასად სერბეთის ბაზარზე პროდუქტების შემოტანა, დააყენა საკითხი აღნიშნული პროდუქციის იმპორტისას დროებითი ზომების შემოღების თაობაზე, რათა დაეცვათ ადგილობრივი ინდუსტრია და შესაბამისად, ხელისუფლებამ აამოქმედა ადგილობრივი ბაზრის დაცვითი მექანიზმები, იქამდე ვიდრე სიტუაცია ფასებთან დაკავშირებით არ დასტაბილურდა და კონკურეტული ფასით არ მოხდა ევროკავშირის ქვეყნებიდან პროდუქციის იმპორტი“.

მიხეილ მათიაშვილი, მერძევე ფერმერი: „საინტერესოა, რომ ლაბორატორიის წარმომადგენლები თავად მიდიან საწარმოებში და  ადგილზე ამოწმებენ პროდუქტს, ცალკე ხდება ვეტერინარული სამსახურის ინსპექტორების მიერ შემოწმება. თუმცა, ნაკლებად არიან საჯარიმო პოლიტიკაზე ორიენტირებულები, ჩვენ რამდენ მეწარმესაც შევხვდით, არცერთს არ ჰქონდა ჯარიმა დაწერილი. მათ ეძლევათ გონივრული ვადა პრობლემების გამოსასწორებლად. ისიც უნდა ითქვას, რომ სერბი მეწარმეები საკმაოდ მოწადინებული არიან მაქსიმალურად დაცული ჰქონდეთ სტანდარტები და ამისთვის ბევრს მუშაობენ. ეტიკეტირების გარეშე პროდუქტი არ ხვდება სავაჭრო დახლზე, ბაზარშიც კი სპეციალური განყოფილებებია რძის პროდუქტების გადაყიდად, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი შესანახი ინფრასტრუქტურით. უეტიკეტო პროდუქტი ფერმერს შეუძლია გამოიყენოს შიდა მოხმარებისთვის. ცხადია იქაც ყველაფერი იდეალურად არ არის, თუმცა მონდომება დიდი აქვთ და სავაჭრო დახლებზე ყველაფერი მოწესრიგებულია. ასევე არ არის გარე ვაჭრობა, რომელიც დაბინძურების ერთ-ერთი სერიოზული წყაროა“.

თეონა ნოზაძე, ასოციაცია „მომავლის ფერმერი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.