ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 4 ათას ტონას მიაღწია

07 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 17 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 10 ათას ტონამდე საფერავი, 4 ათას ტონამდე რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მევენახეების შემოსავალმა 27 მლნ ლარს მიაღწია. 

„კახეთში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 4 ათას ტონას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა.

ყურძნის კრეფის პროცესი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყო, გარდა საგარეჯოსი, სადაც ტრადიციულად რთველი შედარებით მოგვიანებით იწყება,“ – აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა.

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი 20 აგვისტოს გაიხსნა.

ამ დროისთვის შტაბში 135 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვება.

ყურძენი უკვე გადაამუშავა 60-მდე ღვინის კომპანიამ.