ყვავილის მტვრის წარმოება და  პირველადი დამუშავება

ფუტკრის პროდუქტები ძალზე პერსპექტიულია კვებისა და ფარმაცევტული მრეწველობისათვის. გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი გამოიყენება კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად. აღნიშნულის გამო, ისინი საფუტკრის რენტაბელობის ზრდის დიდი რეზერვია. თითოეული მათგანის წარმოება დაკავშირებულია გარკვეული პროფესიული ჩვევების ათვისებასთან, რასაც მეფუტკრე უნდა დაეუფლოს, სანამ მათ წარმოებას დაიწყებს.

 ყვავილის მტვერის წარმოება და პირველადი დამუშავება

პროდუქტის გამოყენების სფეროებია: საკუთრივ ფუტკრის კვება უღალო პერიოდში, რადგან ყვავილის მტვერი ფუტკრის საკვების ჯერჯერობით შეუცვლელი კომპონენტია ოჯახის სტიმულირების თვალსაზრისით; ადამიანის კვებაში ზოგიერთი უარყოფითი მომენტის (დაძაბული მუშაობა, ავადმყოფობის სხვადასხვა სახე და სხვა) შედეგების სწრაფი დაძლევისათვის, სამკურნალო დანიშნულებით; კოსმეტიკური პრეპარატების დასამზადებლად.

ყვავილის მტვრის ნიმუშები ყვავილის მტვრის მოტანის ინტენსივობა პირდაპირ და ძალზე მჭიდრო კავშირშია ფუტკრის ოჯახში ბარტყის გამოზრდისა და  ატმოსფერული ტემპერატურის მაჩვენებლებთან, მაგრამ   უარყოფითი კავშირი აღინიშნება ქარის სიჩქარესთან (r-0,86, Г.Туников  и др.,2001).

ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ მტვრის შეგროვება (ე.ი. წართმევა) გარკვეულ გავლენას ახდენს ფუტკრის ოჯახზე. არსებული რეკომენდაციებით, ყვავილის მტვრის შეგროვება ხდება ნექტრის ნაკლები (საარსებო) ღალიანობის დროს, წართმეული მტვრის სანაცვლოდ ოჯახი აძლიერებს მის მოტანას დანაკლისის კომპენსირებისათვის, მაგრამ ნექტრის მნიშვნელოვანი ღალის დროს მტვრის შეგროვება უნდა შეწყდეს, რადგან ფუტკრის მთელი მასა მობილიზებულია ნექტრის ასათვისებლად და ამ პირობებში მტვრის შემგროვებლის დაყენება ზღუდავს თაფლის მოტანას (საშუალოდ 30%-ით).

თქვენ ამ პროდუქტის დამზადებისას უპირველესად საფუტკრეში უნდა იყოლიოთ ძლიერი ოჯახები, რისი გაკეთებაც ჩვეულებრივად ცნობილ დებულებებს უნდა დააფუძნოთ: ფუტკარი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნახშირწყლოვანი (არა ნაკლებ 12-14კგ-სა ადრე გაზაფხულზე) და პროტეინოვანი (ჭეო 1-1,5 ჩარჩო ან მისი შემცვლელი) საკვებით. სკებში უნდა გყავდეთ ახალგაზრდა, კარგი კვერცხმდებელი დედა ფუტკრები. მომზადებას სეზონისათვის უნდა შეუდგეთ ღალიანობის დაწყებამდე 40-45 დღით ადრე იმ ანგარიშით, რომ ოჯახის სრული სიძლიერის მიღწევისთანავე (20-25 აპრილი დაბლობ ზონაში) დაიწყოთ ყვავილის მტვრის წარმოება.

 ფუტკრის ოჯახის მომზადება

ყვავილის მტვრის მოტანის ეფექტურობა დამოკიდებულია ოჯახის სიძლიერეზე.

აქედან გამომდინარე, ფუტკრის მომზადებასთან ერთად შესაძენი და გასამართია მოწყობილობა, რომელშიც შედის:

_ ყვავილის მტვრის შემგროვებლები;

_ მოწყობილობა ყვავილის მტვრის შრობისათვის;

_ საყინულე კარადა პროდუქტის დაბალტემპერატურული სტერილიზაციისთვის;

_ტომრები ან ჭურჭელი მზა პროდუქციის შესაფუთავად;

_სათავსო ყვავილის მტვრის შესანახად რეალიზაციამდე.

პრაქტიკაში გავრცელებული მტვრის შემგროვებლები ძირითადად ორი სახისაა: სკაზე გარედან (საფრენთან) ჩამოსაკიდი და სკის ძირზე დასაყენებელი. თითოეულ მათგანს აქვს დადებითი მხარე და შემზღუდველი ფაქტორები.

გარედან ჩამოსაკიდი მტვერდამჭერი ადვილად დასაყენებელია, საჭიროების შემთხვევაში მტვერდამჭერის ფირფიტის დაყენება ან აკეცვა სიძნელეს არ წარმოადგენს, მაგრამ გაძნელებულია ატმოსფერული ნალექისაგან დაცვა, რომელიც აფუჭებს დამზადებულ პროდუქტს;

_ სკის ძირზე დასაყენებელი მტვერდამჭერის გამოყენება შეიძლება, თუ ძირი საერთოდ მოსახსნელია, ამასთან გარკვეული სირთულეები იქმნება აკარიციდული პრეპარატების გამოყენებისას (დახოცილი ტკიპი მტვერს ერევა), სამაგიეროდ მზა პროდუქცია საიმედოდ არის დაცული ატმოსფერული ნალექისგან.

მტვერდამჭერები დააყენეთ ყველა ფუტკრის ოჯახზერომლებიც ერთ რიგშია მოთავსებულიწინააღმდეგშემთხვევაში ღალიდან დაბრუნებული ფუტკარი იქ შევასადაც ასეთი წინაღობა არ აქვსმტვერდამჭერიჩამოკიდეთ სკაზე მტვრის შეგროვების მთელი პერიოდის განმავლობაშიმისი ხშირი მოხსნადაყენებაფუტკარს ანერვიულებსყვავილის მტვერი ყოველდღიურად აიღეთ მტვერდამჭერის ყუთიდან და დღისბოლოსმთლიანად გაასუფთავეთ და შედგით საშრობ კარადაში გასაშრობად!

  ყვავილის მტვერი მალფუჭადი პროდუქტია, შეიცავს წყალს 20-35%-მდე, რაც საკმარისია მასში მიკრობიოლოგიური პროცესების განვითარებისათვის (ამჟავება). მისი შრობის რეკომენდებული ტემპერატურა 450C-ს არ აღემატება. გასაშრობი მტვრის სისქე 10მმ-ზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო თაროს ძირი _ დახვრეტილი ან უკეთესია წვრილუჯრიანი უჟანგავი მავთულბადისგან გაკეთებული. შრობის ხანგრძლივობა საქართველოს პირობებში 20-48 საათს შეადგენს, მასში წყლის შემცველობის მიხედვით.

საქართველოს მეფუტკრეობის ინსტიტუტში შემუშავდა შრობის ახალი ტექნოლოგია, რომლის არსი ასეთია: შრობა ხდება ვაკუუმში ნარჩენი წნევით არა უმეტეს 50-60 მმ ვერცხლისწყლის სვეტის მიხედვით, ტემპერატურა – +60-650C. ამ პირობებში შრობის ხანგრძლივობა 70-90 წუთს შეადგენს, ხოლო მტვრის საკუთარი ტემპერატურა (დამთავრებისას) 450C-ს არ აღემატება, ტენის ინტენსიური გაცემის წყალობით. ამ რეჟიმის დროს, გამშრალ მტვერში აღინიშნებოდა ყველაზე თერმოლაბილური ნივთიერებების (კაროტინი, ამინომჟავები – ლიზინი და მეთიონინი) უფრო უკეთესი შენარჩუნება, ვიდრე იმ მასალაში, რომელიც ჩვეულებრივ რეჟიმში შრებოდა. უკეთესი იყო აგრეთვე კანდში ჩართული საცდელი ვარიანტის ბარტყიანობის მასტიმულირებელი ეფექტი.

თუ გამშრალ მტვერს ოთახის ტემპერატურაზე შეინახავთ, მასში აუცილებლად გაჩნდება ჭეოს ჩრჩილის მატლები, რომელიც პროდუქციას გაგიფუჭებთ მოკლე ხანში. არ არის სასურველი ტოქსიკური ნივთიერებების (ბრომიანი მეთილი და სხვა) გამოყენება ჩრჩილის წინააღმდეგ. შრობის დამთავრების შემდეგ მტვერი გააგრილეთ და შედგით საყინულე კარადაში 5-6 საათის განმავლობაში _ 15-200C ტემპერატურაზე. ეს საკმარისია ჩრჩილის მოსასპობად მისი განვითარების ყველა სტადიაზე.

საველე პირობებში ყვავილის მტვრის გასაშრობად შეიძლება გამოყენებულ იქნას ა. ჭაღალიძის მიერ შემუშავებული საშრობი კარადა, სადაც გამათბობელი ელემენტი ნავთის ლამპით არის წარმოდგენილი (წვის პროდუქტების გარეთ გამოყოფით!), ხოლო მისი თბოუნარიანობა  უნდა შეირჩეს მტვრის პროდუქციის ყოველდღიური მოცულობის მიხედვით. შრობის რეჟიმის პარამეტრები (ტემპერატურა და სხვა) ზემოაღნიშნულის ანალოგიური უნდა იყოს.

შრობას დამთავრებულად თვლიან, თუ მისი ნაწილაკები 50 სმ სიმაღლიდან ვარდნისას არ იშლება, ხოლო მათ გასრესას გარკვეული ძალისხმევა ესაჭიროება. ჩვეულებრივი რეჟიმით გამშრალ ყვავილის მტვერში ნარჩენი ტენიანობა 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო ვაკუუმში გამშრალის – არაუმეტეს 6-7 %.

ბითუმად გასაყიდ ყვავილის მტვერს ინახავენ სინათლეგაუმტარ ქაღალდის ტომრებში, არაუმეტეს 15°Cტემპერატურაზე, სასურველია ინერტული გაზის არეში (CO2, აზოტი). საცალო ვაჭრობისათვის განკუთვნილ მასალას შეფუთავენ მინის ქილებში, სრული შევსებით. დასაშვებია აგრეთვე სასურსათო პოლიეთილენის ტომრებში შეფუთვა, გარედან სინათლეგაუმტარი მასალით.

ხარისხის მონიტორინგი

  საერთაშორისო ნორმებით ყვავილის მტვრის მიმართ წაყენებული მოთხოვნებიდან შეიძლება აღინიშნოს:

 _ ყვავილის მტვერი უნდა იყოს გამშრალი ან შერეული შემავსებელთან (შაქრის ფქვილი ან თაფლი), რომელიც მას იცავს გაფუჭებისაგან;

 _ არ უნდა შეიცავდეს შხამიან (თაფლოვანი ან მტვეროვანი მცენარეები) ან სამრეწველო საწარმოს მტვერს;

 _ გასატიტრი მჟავიანობა უნდა იყოს 0,3%-ის ფარგლებში, ან 2%-იანი სუსპენზიის ph უნდა შეადგენდეს 4,3-5,3;

_ არ უნდა შეიცავდეს მიკრობების საერთო რაოდენობას 100 ათასზე მეტს (1 გ) ან ობის კოლონიებს 100-ზე მეტს;

 _ ნარევი (პოლიფლორული) წარმოშობის მტვერში პროტეინის შემცველობა არ უნდა იყოს 21%-ზე ნაკლები, ფლავონოიდების შემცველობა _ არანაკლებ 2,5%, ჟანგვადობა _ არაუმეტეს 23 წმ.

რაც შეეხება ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებს, ის არ უნდა იყოს დაბინძურებული გარეშე მინარევებით, გემოთი უნდა იყოს სასიამოვნო მოტკბო, დასაშვებია სიმწკლარტე, არ უნდა ჰქონდეს გარეშე სუნი (სიმჟავის და სხვ.), ხოლო ფერი უნდა მერყეობდეს ზღვრულ ფარგლებში მტვეროვანი მცენარეების მიხედვით (მაგ, თეთრი, შავი ან ლურჯი და სხვა).

„მეფუტკრეობა“

გიორგი მაძღარაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.