,,ქიზიყური ტრადიციული” – მეღვინე ცოლ-ქმრის წარმატების ისტორია

საქართველო სამართლიანად ითვლება მაღალხარისხოვანი მეღვინეობის მწარმოებელ ძირითად მხარედ მსოფლიოში,რადგან ჩვენთვის ცნობილი ვაზის 2000 ჯიშიდან 500 ქართულია.

კახეთი – საქართველოს რაიონებს შორის, მევენახეობის დარგის განვითარებით და პროდუქციის მაღალი ხარისხით დიდ ყურადღებას იმსახურებს. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ბლოგით გაგაცნობთ დამწყებ მეღვინეებს კახეთიდან _ მარი გვედაშვილსა და მის მეუღლეს, ვანო ლოლაშვილს.

ყველაფერი ერთ დღეს დაიწყო, როცა სამეურნეო ნაკვეთზე მიმავალმა ცოლ-ქმარმა აღმოაჩინა, რომ მიწის რაღაც ნაწილი აუთვისებელი ჰქონდათ. ბევრი არ უფიქრიათ, როგორ შეიძლებოდა ამ მიწის გამოყენება – გადაწყვიტეს, ვენახი გაეშენებინათ, შემდგომ კი ღვინის კომპანია ჩამოეყალიბებინათ.

როგორც მარი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ვენახთან და ზოგადად,მევენახეობასთან კავშირი ბავშვობიდან აქვს. მევენახეობა-მეღვინეობა ოჯახის ტრადიცია ყოფილა. იხსენებს, როგორ უვლიდა მამა ვენახს მაშინაც კი, როცა სხვებმა მისი ამოძირკვა გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ გლეხური წესით დამზადებული ღვინო ტოლს არ უდებს ცნობილ საფირმო ღვინოებს, ღვინის წარმოება გაცილებით რთული და კომპლექსურია – საჭიროებს სპეციფიკურ ცოდნასა და უნარებს.

პირველი მოსავალი 2017 წელს დაწურეს, ღვინო კი ქვევრში დააყენეს. აღსანიშნავია, რომ ,,ქიზიყური ტრადიციულის“ მიერ წარმოებული  პროდუქცია მუშავდება ბიო-პროდუქტებით,  კომპანიას კი მიენიჭა ნატურალური პროდუქტის სერტიფიკატი.   ღვინის ამგვარი ტექნოლოგიით დამუშავება საკმაოდ შრომატევადი და  ძვირადღირებულია. მეღვინე ცოლ-ქმარს პრობლემას პროფესიონალი მუშახელის სიმცირეც უქმნის. თუმცა, ამას არ უშინდებიან და აგრძელებენ ცოდნის მიღებას ამ მიმართულებით – ესწრებიან ტრენინგებს, კითხულობენ ლიტერატურას მეღვინეობისა და მევენახეობის შესახებ და იღებენ რჩევებს გამოცდილი მეღვინეებისგან.

,,ქიზიყურ ტრადიციულს“ საკმაოდ საინტერესო შეფუთვა აქვს. ამასთან დაკავშირებით კომპანიის დამფუძნებლები ერთ საინტერესო ისტორიას გვიყვებიან:

,,როცა ყურძნის დაწურვა გადავწყვიტეთ, ვმსჯელობდით, რა მეთოდით დაგვეყენებინა ღვინო. და გადვწყვიტეთ ტრადიციული კახური მეთოდით _ ქვევრში გვეწარმოებინა.

ამ მსჯელობის დროს უცებ გამიჩნდა აზრი, კომპანიისთვის დაგვერქვა ,,ქიზიყური ტრადიციული“, რადგან ღვინოს სწორედ ქიზიყში,  ტრადიციული მეთოდით  ვაყენებდით.  იდეა მეუღლესაც მოეწონა.

რაც შეეხება ეტიკეტს, რადგან ღვინო ქვევრში უნდა დაგვეყენებინა, ვარჩიეთ ეტიკეტსაც ქვევრის  ფორმა ჰქონოდა.

შიგნით კი ჩვენი შვილიშვილის სურათი ყოფილიყო,რადგან მისთვის პირველი რთველი, ჩვენთვის კი პირველი მოსავალი იყო.“

,,ქიზიყური ტრადიციული“ აწარმოებს ქვევრში დაწურულ რქაწითელს, საფერავსა და კახურ მწვანეს, ასევე მუხის კასრში დამზადებულ რქაწითელს. კომპანიის სამომავლო მიზანი უძველესი ვაზის ჯიშების, ქისისა და ხიხვის და ასევე ე.წ სუფრის ყურძნის გაშენებაა. მეღვინე ცოლ-ქმარს ბიო ღვინის წარმოებაც სურს. ღვინოს შეიძლება ” ბიო ღვინო ” ეწოდოს, თუ ის  ორგანული მეურნეობითაა მოყვანილი,ანუ ყურძნის მოსაყვანად  არ არის ქიმიური სასუქები  და სხვა შხამ-ქიმიკატები გამოყენებული.ამასთან, ღვინის დაყენების პროცესიც კონტროლდება.  ღვინო სრულად ნატურალური უნდა იყოს.ცნობილია, რომ შხამ- ქიმიკატები მოსავლიანობის ზრდას უწყობს ხელს, რის გამოც,  ბევრი მევენახე უარს ამბობს ორგანული მეთოდის გამოყენებაზე. ამიტომ, დასაფასებელია, რომ კომპანია ზრუნავს ღვინის ხარისხზე და არ არის ორიენტირებული მხოლოდ გაყიდვებზე.

კითხვაზე, თუ რას ურჩევდა დამწყებ მეღვინეებს, მარი გვედაშვილი გვპასუხობს:

,,ყველა დამწყებ მეღვინეს ვურჩევ, კარგად დაფიქრდეს, არის თუ არა მზად ამ საქმიანობასთანდაკავშირებული სირთულეებისთვის. სიმართლე გითხრათ, სანამ საქმესთან ახლოს არ მივედი, არ მეგონა,თუ ასე რთული და შრომატევადი იყო ვენახის მოვლა და ხარისხიანი ღვინის მიღება.“

წყარო:allwine.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.