რა ღირს ევროპის ბაზარზე ქართული თხილი?

ევროპაში ქართული თხილის ფასი დღეის მდგომარეობით 6 დოლარია,- ამის შესახებ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარემ მერაბ ჭითანავამ განაცხადა.

„ქართული თხილი ფასით თურქულ თხილსაც უტოლდება, თუმცა ჩვენს თავს ამ ქვეყანას კონკურენტად ვერ აღვიქვამთ. მსოფლიოში ვერცერთი თხილის მწარმოებელი  თხილის წარმოების რაოდენობით თურქეთთან კონკურენციაში ვერასდროს მოვა, რადგან მას მსოფლიო ბაზრის 75% უჭირავს“ -აღნიშნავს bm.ge-სთან საუბარში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარე, მერაბ ჭითანავა. 

მისივე თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, აზიური ფაროსანას გამო ძალიან დაბალხარისხიანი თხილის მოსავალს ვიღებდით, რომელსაც ევროპელი მომხმარებლები ფაქტობრივად არ ყიდულობდნენ.

ჭითანავას განცხადებით, წელს ძალიან კარგი მოსავალია, მასობრივად მიმდინარეობს როგორც გაუტეხავი თხილის, ასევე თხილის გულის ექსპორტი, რაც ნიშნავს, რომ ევროპის ბაზარი საქართველოსკენ შემობრუნდა. 

თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ შარშანდელი მოსავალი, დაახლოებით 7 000 ტონა თხილის გული იყო, საიდანაც, დაახლოებით 70%, ფაროსანას მიერ დაზიანებული. 

“აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ასოციაციის მიერ დაგეგმილი თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში ჩატარებული წამლობების შედეგად, ფაროსანას ეფექტი თხილის ბაღებზე მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. წლევანდელი მოსავალი დაახლოებით 15 ათასი ტონა თხილის გულის ექვივალენტია”,- აცხადებს მერაბ ჭითანავა.

ავტორი: სალომე ჭიპაშვილი