რა ფორმით აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

დეპუტატ სულხან მახათაძის შეკითხვას _ აღდგება თუ არა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც მთავრობამ 2016 წლის ბოლოს მოულოდნელად და ყოველგვარი ახნის გარეშე გააუქმა _ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა ასე უპასუხა: „ვფიქრობთ, რეგფონდის ფარგლებში გამოვყოთ პროგრამა, სადაც 50 ათას ლარამდე პროექტები შევა და ამ მიმართულებით პრიორიტეტები სოფლის მოსახლეობის მიერ დადგინდება.”

ცქიტიშვილის განცხადებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში შეიქმნება ქვეპროგრამა, რომლიდანაც მცირე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად პროექტები დაფინანსდება.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული პროგრამაა, რომლიდანაც ფინანსდება 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტებში. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მის გაუქმებამდეც, ამ პროგრამის ქვეპროგრამა იყო. მისი ბიუჯეტი 2017 წლამდე 50 მილიონ ლარი იყო და სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურის – გარეგანათების, გზების მოხრეშვის, წყალმომარაგებისა და ა.შ. მოწესრიგებას ხმარდებოდა.

ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ახლდა, ის იყო, რომ გადაწყვეტილებას, თუ რა პრობლემა მოგვარებულიყო სოფელში, მოსახლეობა სოფლის კრებაზე იღებდა. შესაბამისად, ეს იყო ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი, რაც, პროგრამის გაუქმების შემდეგ, სერიოზულ პრობლემად იქცა.

“საუბარია მცირე პროექტებზე, რომლის შერჩევა ხდებოდა უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, თუმცა, არსებობს შეკითხვები შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რეგფონდის ფარგლებში გამოვყოთ პროგრამა, სადაც შევა პროექტები 50 ათას ლარამდე და ამ მიმართულებით პრიორიტეტები სოფლის მოსახლეობის მიერ დადგინდება. ერთი მხრივ, კვლავ გავითვალისწინებთ ადგილობრივების ინტერესებს და მეორე მხრივ, დაცული ვიქნებით თანხების არაეფექტიანი ხარჯვისგან”, – განმარტა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილს, ჯერ-ჯერობით, არ დაუკონკრეტებია, რა კრიტერიუმები დადგინდება, რა ფორმით მოხდება თანხის განაწილება, როგორ შეირჩევა პროექტები და როგორ აისახება მოქალაქეთა სურვილები ამ პროექტების შერჩევის პროცესში.

წყარო: http://droa.ge