რა პრობლემებს აწყდება ატმის ინდუსტრია შიდა ბაზარზე და ექსპორტზე


 საერთაშორისო სავაჭრო გარემო

საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია. მას შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი აქვს ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, აშშ, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, კანადასთან და იაპონიასთან. ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან.

მაღალი ხარისხისა და სტანდარტის შესაბამისი ატმის წარმოების შემთხვევაში, საქართველოს  ატმის გატანა ზემოხსენებულ ქვეყნებში დაბალი საექსპორტო ტარიფებით ან საერთოდაც უტარიფოდ შეუძლია განახოციელოს. თუმცა უკეთესი იქნება, თუ ადგილზე გადამუშავდება ატამი და უკვე ასეთი საბოლოო პროდუქტის სახით მიეწოდება უცხოურ ბაზრებს. ასევე, მოსალოდნელია კონკურენციის ზრდა ადგილობრივ, ქართულ ბაზარზე, ვინაიდან სავაჭრო შეთანხმებები ორმხრივ შეღავათებს გულისხმობს.

ატმის წარმოება მსოფლიოში

გაერო-ს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 81 ქვეყანა აწარმოებს ატამს. მწარმოებელი ქვეყნების ძირითადი ათეული კი ასე გამოიყურება: ჩინეთი (12 მლნ. ტონა), იტალია (1,4 მლნ. ტონა), ესპანეთი (1,3 მლნ. ტონა), აშშ (1 მლნ. ტონა), საბერძნეთი (0,7 მლნ. ტონა), თურქეთი (0,6 მლნ. ტონა), ირანი (0,5 მლნ. ტონა), ჩილე (0,4 მლნ. ტონა), არგენტინა (0,3 მლნ. ტონა) და ეგვიპტე (0,3 მლნ. ტონა). 2013 წელს, მსოფლიოს ატმის წარმოების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 22 მლნ. ტონა.

მსოფლიოში ატმის წარმოების დინამიკა მზარდია, რაც განპირობებულია როგორც ატმის პლანტაციების ზრდით, ისე საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდით. 2003-2013 წლებში საშუალო მოსავლიანობა მთლიანი მსოფლიოს მასშტაბით, 11,5 ტონიდან 15,5 ტონამდე გაიზარდა ერთ ჰექტარ ატმის პლანტაციაში.

ახალი ატმით ვაჭრობა ერთ-ერთი მიღებული ფორმაა მსოფლიოში. 2015 წელს მსოფლიოში ახალი ატმით ვაჭრობამ 2,2 მილიარდი დოლარი შეადგინა (2,8 მლნ. ტონა ატამი).

ატმის ძირითადი ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნები 2015 წელს (ღირებულების მიხედვით):

2015 წელს, ატმის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნების წილად მოდიოდა ატმით მთლიანი ვაჭრობის 70%. რაც შეეხება ახალი ატმის მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს, მათმა წილმა მთლიანი ატმის იმპორტში 2015 წელს 43% შეადგინა.

ატმის წარმოება საქართველოში

მსოფლიოში 81 ქვეყანა აწარმოებს ატამს და მათგან საქართველოს 47-ე ადგილი ეკავა წარმოებული მოცულობის მიხედვით 2013 წელს (FAOSTAT). საქართველოში ატმის წარმოება, ძირითადად, მცირე ფართობის ბაღებში ხორციელდება. ატმის ბაღების უმეტესი ნაწილი კახეთსა და შიდა ქართლშია. სწორედ, ამ რეგიონებზე მოდიოდა 2015 წელს, ატმის წარმოების დაახლოებით 90%.

ატმის წარმოება საქართველოს რეგიონების მიხედვით, 2011-2015 წლებში (ტონა):

 

ამ ეტაპზე ატმის გადამამუშავებელი საწარმოების დეფიციტის გამო პროდუქციის სიჭარბე მოსავლის აღების პერიოდში შეინიშნება, რა ატმის ექსპორტის უალტერნატივობას განაპირობებს.

ატმის ექსპორტი ძირითადად, ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება (როდესაც ატმის მოსავლს იღებენ), ხოლო ექსპორტის მაქსიმალური რაოდენობა ივლისსა და აგვისტოში ხორციელდება. ეს აიხსნება შემნახავი სამაცივრე მეურნეობების დეფიციტით – ფერმერს არ აქვს შესაძლებლობა, აქტიურ სეზონზე მოწეული ატმის მოსავალი შეინახოს და შედარებით არააქტიურ სეზონზე მოახდინოს მისი რეალიზაცია.

2011-2016 წწ. საექსპორტო მონაცემებით,, ატმის ექსპორტი ძირითადად, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ხორციელდება. 2011-2013 წლებში ექსპორტი დინამიურად იზრდება ყაზახეთში, ბელარუსში და უკრაინაში, ხოლო 2014-2016 წლებში რუსეთის ბაზრის გახსნის (ემბარგოს მოხსნის) შედეგად, ატმის ძირითადი რაოდენობა რუსეთში გადის .

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ატამი საკმაოდ დიდი რაოდენობით იწარმოება და იგი ქვეყნის საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს, ქვეყანაში არსებული მოთხოვნილების დაკმაყოფილება მთელი წლის განმავლობაში მაინც ვერ ხერხდება და ქვეყანაში ხორციელდება ატმის იმპორტი მცირე რაოდენობით, თუმცა ისეთ დროს, როდესაც ატმის ფასი ბაზარზე მაღალია.

2009-2016 წწ. საიმპორტო მონაცემებით, საქართველოში ატმის (ნექტარინების ჩათვლით) იმპორტი ხორციელდება თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ხოლო ყველაზე დიდი რაოდენობით, ატამი მაისი, ივნისი, სექტემბერი და ოქტომბრის თვეებში შემოდის იმპორტზე. 2011-2015 წწ. საიმპორტო მონაცემებით კი,  საქართველოში ატმის იმპორტი, ძირითადად, ხორციელდება თურქეთიდან და სომხეთიდან, 2016 წელს კი უკვე საბერძნეთიდანაც.

ატმის წარმოება კახეთში

კახეთის რეგიონში დაახლოებით 1000-მდე ატმის მწარმოებელი ფერმერია, რომელთაც ატმის ბაღები 0,5 ჰექტარზე და მეტ ფართობზე აქვთ გაშენებული. ასეთი ფერმერების ხელში, არსებული მთლიანი ფართობი შეადგენს 1 800 ჰექტარ ატმის ბაღებს, რაც, საშუალოდ, ერთ ფერმერზე 1,8 ჰექტარ ატმის ბაღს გულისხმობს. ერთი ფერმის ზომა კი 0,5 ჰექტრიდან 35 ჰექტრამდე მერყეობს. კახეთის რეგიონში ატმის მწარმოებელი წამყვანი მუნიციპალიტეტებია გურჯაანი და თელავი, რომელიც მთლიანი ფართობების 86% და 10%-ს ფლობენ.

სამწუხაროდ, გამოვლინდა, რომ რეგიონში არ არსებობს ხილის გადამამუშავებელი კომპანია, რომელიც ატმისგან დაამზადებს წვენებს, მურაბებს, ჩირს და ა.შ. კახეთში ატმის გადამუშავება საწარმოო დონეზე მთავრდება მხოლოდ მისი მცირე ხნით მაცივარში დასაწყობებით, რათა საექსპორტოდ მოამზადონ, ხოლო რეგიონში რომ შეიქმნას დამატებული ღირებულების პროდუქცია (ატმის კომპოტი, ჯერმი, მურაბა), ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. საოჯახო პირობებში ამუშავებენ მცირე რაოდენობით ატამს გადამუშავება კომპოტების, მურაბებისა, ჩირისა და სხვა სახით.

კახეთის ატმის ღირებულებათა ჯაჭვი

მთლიანი მოსავლიდან არასტანდარტული ატმის წილი წლიდან-წლამდე მერყეობს, რაც ძირითადად, დამოკიდებულია ამინდსა და პლანტაციის მოვლაზე. 2015 წელს, ასეთი არასტანდარტული ატმის წილი განისაზღვრა საშუალოდ 20%-ით. 2016 წელს კი, ჭარბმა ნალექმა (მათ შორის სეტყვამაც) გამოიწვია არასტანდარტული ნაყოფის წილის 30%-მდე გაზრდა. ასეთი ატმის ფასი წელს დაახლოებით 20 თეთრი იყო. თუმცა, როგორც კვლევამ გვიჩვენა, არასტანდარტული ატმის დიდი ნაწილი იყრება/ნადგურდება, გარკვეული ნაწილი წვენებისა და სპირტის მწარმოებელ კომპანიას მიაქვს, რომელიც სხვა რეგიონში ფლობს საწარმოს (მიაქვს მხოლოდ ატამი, არა ვაშლატამა), ნაწილით ხდება არყისა და სპირტის გამოხდა ოჯახებში, ხოლო მცირე ნაწილი გამოიყენება ღორების საკვებად.

სტანდარტული ხარისხის ატმის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. თუ ხილი საექსპორტოდ უნდა გაიგზავნოს, ხდება მისი გაცივება სამაცივრე მეურნეობებში, დატვირთვა სპეციალურ მანქანა-კონტეინერებში (საშუალოდ 20 ტონა) და ექსპორტზე გაგზავნა.

ზოგადად, ატმის მოსავლის უდიდესი ნაწილი მაინც ადგილობრივ ბაზარზე მოდის, სადაც მას მოიხმარენ როგორც ხილს, ან ამუშავებენ, ძირითადად ოჯახურ პირობებში, იქნება ეს: წვენი, მურაბა, ჩირი თუ კომპოტი.

აგროსაშუალებები

კახეთი საქართველოში მოწინავეა მიწის ფართობების კუთხით. ერთ შინამეურნეობაზე გაანგარიშებით, კახეთს ყველაზე დიდი მიწები აქვს. ეს დადებითად აისახება ატმის ბაღების გაშენებაზე, რამდენადაც იგი მოითხოვს საკმაოდ დიდ ტერიტორიას. თუმცა პრობლემად მაინც რჩება მიწის დანაწევრება და მცირე ზომის მიწის ნაკვეთები, განსაკუთრებით ატმის მწარმოებელ მუნიციპალიტეტებში. ასევე, პრობლემას წარმოადგენს დაურეგისტრირებელი მიწები და ზოგადად, მიწის ბაზრის განუვითარებლობა.

ნერგების წარმოება საკმაოდ პრობლემურია რეგიონში, რადგან არ არსებობს სერტიფიცირებული სანერგე და ნერგების კუსტარულ პირობებში გამოჰყავთ. მისი ფასი ერთ ერთეულზე, 1,5 ლარიდან 3 ლარამდე მერყეობს. ფერმერების უმეტესობა აღნიშნავს, რომ უმჯობესია, ინტენსიური ბაღებისთვის, ნერგის საზღვარგარეთიდან შემოტანა.

რეგიონში შხამ-ქიმიკატების საკმაოდ ბევრი შემომტანია რეგიონში. თუმცა თვითონ პრეპარატების ხარისხი და ფასი ერთმანეთთან, ხშირ შემთხვევაში, შეუსაბამოა. ფერმერები ცდილობენ, იაფიანი პრეპარატებით შეწამლონ მცენარე, რაც ნაყოფზე ახდენს გავლენას და შესაძლოა, ხარჯი არაეკონომიური იყოს, რადგან მოსავლიანობა არის დაბალი და უხარისხო (არასტანდარტული) ატმის წილი საკმაოდ მაღალია მთლიან მოსავალში.

სამაცივრე მეურნეობების დეფიციტი

კახეთის რეგიონში დღეს არსებობს სამი თანამედროვე ტიპის სამაცივრე მეურნეობა. ისინი ძირითადად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაკეთდა, რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია სახელმწიფოს შეღავათიანი კრედიტით („აწარმოე საქართველოში“) ან დონორი ორგანიზაციების თანადაფინანსებით (USAID/REAP).

სამივე სამაცივრე მეურნეობა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩუმლაყის, ახაშენისა და ველისციხის სოფლებში და ატმის მოსავლის აღების პერიოდში ემსახურებიან ატმის ექსპორტს, ხოლო სხვა დროს მუშაობენ სხვა ხილის დასაწყობებაზე (სუფრის ყურძენი, ხურმა და სხვ.).

სამივე სამაცივრე მეურნეობის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 1 000 ტონას ერთ ჯერზე (სრული დატვირთვით) და მათ სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ, რაც ერთი მხრივ არასწორად დაგეგმილი მიწოდების ჯაჭვითა და მეორე მხრივ ავტომატიზაციის დაბალი დონით არის გამოწვეული (განსაკუთრებით ერთ სამაცივრეში, სადაც დამხარისხებელი ხაზი არ აქვთ). ატმის საექსპორტოდ გაგზავნისათვის საჭიროა, რომ ატმის გულამდე გაგრილება მოხდეს გარკვეულ ტემპერატურაზე, რასაც დაახლოებით დღედღე-ნახევარი სჭირდება.

სამაცივრე მეურნეობების არასაკმარისი რაოდენობა მიჩნეულია დარგის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად.

ექსპორტიორები

უკვე მეორე წელია, გურჯაანში ატმის აღების სეზონზე გახსნილია „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მოქმედი ოფისი, სადაც ექსპორტიორს შეუძლია საექსპორტო დოკუმენტაციის (იხილეთ დანართში ცხრილი A3) მომზადება დაახლოებით 1 საათში, და ერთ კონტეინერზე ეს ყველაფერი მხოლოდ 25 ლარი ჯდება (იხდის მხოლოდ ფიტოსანიტარულ სერტიფიკატში, დანარჩენი უფასოა). ამ ოფისის მონაცემების მიხედვით, 2015 წელს, კახეთში სულ 20-მდე ექსპორტიორი იყო რეგისტრირებული.

გადამუშავება/საკონსერვო წარმოება

კახეთის რეგიონში არ არის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ატმისგან დაამზადებდა წვენებს, ჯემებს, მურაბებს, ჩირს და ა.შ.

კახეთში, ატამს ერთადერთი გადამამუშავებელი კომპანია „კულა“ ყიდულობს, რომელსაც საწარმო შიდა ქართლში აქვს და ატამი კახეთიდან მიაქვს მოსავლის აღების დროს (ფასი წელს იყო 20 თეთრი/კგ). წვენების ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის გამო, „კულა“ ვერ ახორციელებს დიდი რაოდენობით ატმის შესყიდვას. 2016 წელს მცირე რაოდენობით არასტანდარტული ატამი შეისყიდა სპირტის ქარხანამ, რომელსაც საწარმო შიდა ქართლში აქვს.

თუ გავითვალიწინებთ იმ ფაქტს, რომ ატმის წარმოების დიდი ნაწილი უბრალოდ ნადგურდება, რეგიონში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს არსებობა, ნაწილობრივ მოაგვარებდა ამ პრობლემას.

საკონსერვო საწარმოს გარდა, კახეთში, ისევე როგორც საქართველოს ბევრ სხვა რეგიონში, გავრცელებულია ატმის კომპოტისა და მურაბა-ჯემის დამზადება საოჯახო პირობებში, რომელზეც ატმის შიდა მოხმარების საკმაოდ სოლიდური წილი მოდის.

კრედიტების ხელმიუწვდომელობა

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მრავლად არის ფინანსური ინსტიტუტები წარმოდგენილი, კრედიტზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, ფერმერების შემთხვევაში, ხშირად განიხილება მათი საქმიანობისთვის ერთ-ერთ ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორად. ამ კუთხით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ დანერგილი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა მიჩნეულია როგორც კრედიტის ერთ-ერთი იაფი წყარო, რომელსაც ბევრი ფერმერი მიმართავს. განსაკუთრებით კარგად მუშაობს ეს პროგრამა მსხვილი მეურნეობებისათვის, ხოლო მცირე მეურნეობებს უჭირთ სესხის მიღება, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, მათ მოეთხოვებათ სესხის ქონებრივი უზრუნველყოფა, რომელსაც ბანკები ითხოვენ. ამიტომაც მცირე და საშუალო მეურნეობებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რეგიონში.

მწარმოელთა დანახარჯები და შემოსავლები

ფერმერის ძირითადი დანახარჯები მოდის ატმის პლანტაციის მოვლაზე (გასხვლა, შხამქიმიკატების შეძენა-შესხურება), ასევე სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები განსაკუთრებით მოსავლის აღებისას. შემოსავალი კი განისაზღვრება ატმის მოსავლიანობითა (მათ შორის, ხარისხიანი მოსავლით) და ფასით. ექსტენსიური ბაღების შემთხვევაში, საშუალო მოსავლიანობა არის 20 ტ/ჰა, ხოლო ინტენსიური ბაღების შემთხვევაში – 40 ტ/ჰა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში 50 ტ/ჰა და მეტის მოყვანაც არის შესაძლებელი.

საინტერესოა, რომ ქართველი მწარმოებლების ფასები საკმაოდ დაბალია წამყვანი ქვეყნების მწარმოებელის ფასებთან შედარებით, რაც ქვეყანაში ამ დარგის კონკურენტულ უპირატესობად უნდა ჩაითვალოს.

ატმის მწარმოებელის ფასები საქართველოსა და მსოფლიოს ატმის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში, 2006-2014 წლებში (დოლარი/ტონა):

 

ატმის მოყვანის შედეგად მიღებული საშუალო წლიური შემოსავალი ექსტენსიური ბაღების შემთხვევაში შეადგენს 10’000 ლარი/ჰა, საშუალო დანახარჯი კი 5’000-6’000 ლარი/ჰა, ხოლო საშუალო მოგება 4’000-5’000 ლარი/ჰა. რაც შეეხება ინტენსიური ბაღების შემოსავლებსა და დანახარჯებს, იგი შემდეგნაირად გამოიყურება: საშუალო წლიური შემოსავალი 24’000 ლარი, საშუალო წლიური დანახარჯი 11’000 – 12’000 ლარი და შესაბამისად მოგება 12’000 – 13’000 ლარი.

დიდი რაოდენობით ატმის წარმოება კახეთში თავმოყრილია მეტ-ნაკლებად ერთ ტერიტორიაზე (გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში), რაც ფერმერების თანამშრომლობას ხელს უწყობს. თუმცა, ფერმერები არ არიან გაერთიანებული კოოპერატივებში და მოსავლის შემდგომი მოვლა-დაბინავება სუსტად არის განვითარებული და ფაქტობრივად, ფერმერები ამ მიმართულებით არ მუშაობენ (მაშინ როცა დამატებული ღირებულება სწორედ ამ რგოლებში იქმნება). ატმის მწარმოებელი ფერმერებიც არ იჩენენ დიდად ინტერესს, რომ გაერთიანდნენ ფერმერულ ასოციაციებში, ან თვითონ დააფუძნონ ატმის მწარმებელთა ასოციაცია.

რეგიონში მრავლად არიან შუამავლები მოსავლის აღების პერიოდში, თუმცა ატმის გასაღება მაინც გამოწვევად რჩება (ხშირად დაბალი ფასის გამო). შუამავლებს შორის კონკურენცია არსებობს, ვინაიდან ფერმერისთვის მათ მიერ შეთავაზებული ფასები და ხარისხი დიდად არ განსხვავდება. რაც შეეხება არასტანდარტული, დაბალი ხარისხის ატმისა და ვაშლატამას ბაზარს, აქ სულ რამდენიმე შემსყიდველი არსებობს და ფასების დაწესებაზეც ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.

წარმოების ხელისშემშლელი ფაქტორები

ატმის მოვლა-მოყვანის პროცესში, ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორი უკავშირდება მოსავლის ხარისხის ცვალებადობას, რაც გამოწვეულია წარმოების რისკების არასათანადო დაზღვევით. მოსავლის უხარისხობას განსაზღვრავს როგორც ბუნებრივი კატაკლიზმები (სეტყვა, ყინვა, ჭარბი ნალექი), ისე დაავადებებთან ბრძოლის არასათანადო ცოდნა და შესაბამისად, მკურნალობის არასწორი დაგეგმვა-განხორციელება.

რამდენადაც სამაცივრე მეურნეობების მცირე რაოდენობა არსებობს რეგიონში, ვერ ხერხდება ატმის დროულად და სათანადოდ გაციება, რაც საბოლოოდ ამ პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. უფრო მძიმე სიტუაციაა კუსტარულ სამაცივრეებში, სადაც სწრაფად ვერ ხერხდება გაციების პირობების დაცვა. სამაცივრე მეურნეობებში გაციებული ატმის აბსოლუტური უმეტესობა გაედინება ექსპორტზე, ხოლო ქართულ ბაზარზე მოსავლის აღებიდან მალევე, თითქმის აღარ გვხვდება ქართული ატამი, არამედ შემოდის იმპორტირებული.

გასაღების ხელის შემშლელი ფაქტორები

ექსპორტის შემთხვევაში, ბოლო პერიოდში, ერთ-ერთ მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად გვევლინება დარიალის ხეობაში, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვა, რაც აჩერებს ატმის ექსპორტზე გატანას ან საუკეთესო შემთხვევაში, შემოვლითი გზების გამოყენებისას, ერთი-ორად აძვირებს ტრანსპორტის ხარჯს ექსპორტიორისათვის, რაც ფერმერისთვის გადახდილი ფასის კლებაზეც აისახება. ამ მოვლენის გარეშეც დიდ საფრთხეებს შეიცავს რუსეთის ბაზარი, რამდენადაც ემბარგოს დაწესება უკვე პოლიტიკურ ბერკეტად იქცა და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენოს ამ ქვეყნის ხელისუფალმა.

რამდენადაც გადამუშავება არ ხდება, ატმის პროდუქტების დივერსიფიკაციაც არ ხდება და ძირითადად, ბაზარზე გამოდის მხოლოდ ახალი ატმის ნაყოფი, როგორც ხილი.

რეკომენდაციები

საჭიროა, არსებული პლანტაციების პროდუქტიულობის გაზრდა, მისი მოვლა-მოყვანის ღონისძიებების გაუმჯობესებით. ასევე, უნდა წახალისდეს ინტენსიური ბაღების გაშენება, რასაც თნ უნდა ახლდეს შესაბამისი ცოდნის მიწოდება-გადაცემაც. სასურველია, სადემონსტრაციო ნაკვეთების გაკეთებაც, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ და შეისწავლონ თანამედროვე მიდგომები. ამასთანავე, აუცილებელია, რომ გარკვეულ ჯიშებზე მოხდეს კონცენტრაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ერთგვაროვანი პროდუქციის მიღება.

აღსანიშნავია, ასევე მაღალი ღირებულების მქონე ატმის ბაღების გაშენების შესწავლა და შემდგომ დანერგა (ბიო, ადგილწარმოშობის). მნიშვნელოვანია ასევე ატმის ბაღებში აგროტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და შეთავაზებაც (მათ შორის, ატმის ყვავილობის ულამაზეს პერიოდში), რაც ერთგვარი პასუხი იქნება იმ ტურისტული ნაკადების ზრდისა, რასაც საქართველო ბოლო წლებია განიცდის.

ბაზრების დივერსიფიკაციაზე აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ქვეყანა არ იყოს მხოლოდ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. ბაზარზე, რომელიც ძნელად პროგნოზირებადია და მაღალ მარკეტინგულ რისკებს შეიცავს. ამ კუთხით შესასწავლი და მოსაძიებელია ის ქვეყნები, სადაც შეიძლება ქართული ატმის ექსპორტი (გასათვალისწინებელია თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებიც რიგ ქვეყნებსა თუ ქვეყნების გაერთიანებებთან). ამის მიუხედავად, ატმის გადამუშავებასა და ამ სახით პროდუქტების ბაზარზე მიწოდებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, რაც ერთი მხრივ შეამცირებს ზემოთ დასახელებულ საექსპორტო რისკებს და მეორე მხრივ უფრო მეტ დამატებულ ღირებულებას შექმნის ადგილობრივ ეკონომიკაში და რიგ შემთხვევაში, ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქტებს, რომლებიც ატმის შემცველობით არის დამზადებული. ამასთან ერთად, უკვე გადამუშავებული ატმისგან დამზადებული პროდუქტების ექსპორტზე შეიძლება აქცენტის გაკეთება.

*კვლევა განხორციელდა PMC კვლევითი ცენტრის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, პროექტის „თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“ ფარგლებში. 

წყარო: http://eugeorgia.info/ka/article/641/problemebi-romlebsac-awydeba-atmis-industria-saqartveloshi-da-eqsportis-dros/